Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-8-გ 6 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 11 ივლისს ბ. ნ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს რეესტრში, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათში, მესაკუთრეთა თავდაპირველი მეცხრედი წილების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენა, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა თავდაპირველი მეცხრედი წილების მეთვრამეტედ წილებში კანონდარღვევით გადაყვანის ფაქტის დადგენა და საჯარო რეესტრში მესაკუთრეთა წილების უზუსტო ჩანაწერების შესწორება.

სარჩელის საფუძვლად ბ. ნ-ძემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრეებს ბ. ნ-ეს, მის შვილს ი. გ-ძე-ე-ძეს და შვილიშვილს ი. ე-ძეს უჭირავთ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, მთელი სახლის 5/9, ხოლო პირველი სართული _ მთელი სახლის 4/9. 1960 წელს მისმა მეუღლემ გაყიდა ცხრაოთახიანი სახლის 4/9 (ოთხი ოთახი) და თავისთვის დაიტოვა _ 1/9 (ერთი ოთახი), რაც დასტურდება 1960 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით. 1967 წელს გაყიდული ოთახები უკანვე გამოისყიდა ბ. ნ-ძემ, მაგრამ არა მეცხრედების, არამედ მეთვრამეტედი წილების საფუძველზე, რომელიც მიაწოდა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურომ ცნობით ¹ 6/4, 16.03.1967 წელს. ამ ცნობით, ტექბიურომ რეალური წილები, რომლებიც განსაზღვრული იყო მეცხრედებში, თვითნებურად გადაიყვანა მეთვრამეტედ იდეალურ წილებში და გაათანაბრა სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ ი. ფ-ძეს წილთან. უფრო ზუსტად, ი. ფ-ძის 4/9 გადაუყვანა 9/18-ში, ნაცვლად 8/18-სა, ხოლო ბ. ნ-ძეს, მის შვილს ი. გ-ძე-ე-ძესა და შვილიშვილს ი. ე-ძეს, სამივეს _ 5/9 გადაუყვანა 9/18-ში, ნაცვლად 10/18-სა.

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს არ ჰქონდა უფლება ასეთი სახის ცვლილებები შეეტანა რეესტრში და შეეცვალა მისი წილის ოდენობა. ამასთან, თბილისის ტექბიუროს უნდა შეევსო ახალი ტექაღრიცხვის ბარათი (რაც არ მოუხდენია) და მიეთითებინა თუ რის საფუძველზე ცვლიდა წილების ოდენობას. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ბაბულია ნოზაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა და საქმე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადასცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, იგი მოიცავს საკუთრების შესახებ დავას და ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 მაისის განჩინებისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინების კანონიერება, დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ნ. ფ-ძის შეგებებული სარჩელი, რომელიც მან 2001 წლის 13 მარტს შეიტანა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ი. ე-ძის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით და რომელშიც იგი სადავოდ ხდის სადავო სახლზე საკუთრების უფლებას. კერძოდ, ნ. ფ-ძე მიუთითებს, რომ სახლის ფართი დანაწილებულია წილების არაპროპირციულად, რის გამოც მოსარჩელე წლების მანძილზე არაკეთილსინდისიერად ფლობს და სარგებლობს ზედმეტი ფართით. უფრო მეტიც, ნ. ფ-ძე შეგებებული სარჩელით მოითხოვს საერთო საკუთრებაში არსებული, როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე დამხმარე ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის პროპორციულად გამიჯვნას და მოსარჩლის მიერ ზედმეტად მითვისებული ფართის დაბრუნებას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ძირითადი და წამყვანია ბ. ნ-ძეს, ი. გ-ძე-ე-ძესა და ი. ე-ძეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნ. ფ-ძეს შორის დავა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების შესახებ, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის შებამისად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული. ამასთან, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს მხარეთა მდგომარეობა (სათანადო მოპასუხე და მესამე პირი).

საკასაციო პალატა, ასევე, განმარტავს, რომ თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეუნქტის შესაბამისად (2001 წლის 2 მარტის ცვლილებებით) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უკანონო მოქმედებაზე შეიძლება იდავოს მოსარჩელე ბ. ნ-ძემ მხოლოდ ძირითადი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის შემდეგ, თუ დადგინდება, რომ თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურომ თვითნებურად, კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე მოახდინა მხარეთა იდეალური წილების შეცვლა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.