Facebook Twitter

3გ/ად-8-კ-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მიზომვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ბ-ავამ 18.07.98 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ...-ის რაიონის სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 1992 წელს მოსარჩელის დედამ განცხადებით მიმართა სოფ. ... საკრებულოს გამგეობას და მოითხოვა საკარმიდამო მიწის შევსება მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, რომელსაც ფლობდა აწ გარდაცვლილი მ. კ-ავა, ამჟამად მოპასუხე გ. კ-ავას მამა. სოფ. ... საკრებულოს გამგეობამ 06.12.95 წ. მიიღო გადაწყვეტილება მ. კ-ავას მიერ მითვისებული 1.78 ჰა მიწის ფართობიდან 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და ნ. ბ-ავაზე მიკუთვნების შესახებ. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა მოპასუხის წინააღმდეგობის გამო. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ...-ის რაიონის პროკურატურას, მიწის მართვის და მიწის კადასტრის დეპარტამენტს, მიწის მართვის სამხარეო საკოორდინაციო საბჭოს და ...-ის მიწის მართვის სამმართველოს. საკითხის განხილვის შედეგად აღნიშნული ორგანოების დასკვნებით საკითხი ნ. ბ-ავას სასარგებლოდ წყდებოდა. მოსარჩელე აღნიშნავდა აგრეთვე, რომ გ. კ-ავას უკანონოდ ცალკე კომლად ყავს გამოყოფილი დედა – ა. ნ-ია, მაშინ, როდესაც მინისტრთა კაბინეტის 10.03.92 წ. ¹240 დადგენილების მიხედვით ერთშვილიან კომლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოეყოფა. მოსარჩელის აზრით, გ. კ-ავას არ გააჩნია სადავო მიწის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, ნაკვეთი მას მიტაცებული აქვს, რის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის კანონიერად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის დროული მიზომვა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 28.07.2000 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 07.12.2000 წ. განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. სასამართლომ მიუთითა, რომ 06.12.95 წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნ. ბ-ავაზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაცემულა. უსაფუძვლოა სადავო ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნა იმის გამო, რომ ნაკვეთი მამა-პაპისეულ მიწას განეკუთვნება, ვინაიდან მამა-პაპისეულ მიწის ნაკვეთზე უპირატესობის უფლება გაუქმდა მინისტრთა კაბინეტის 18.01.93 წ. დადგენილებით. სადავო მიწის ნაკვეთი ემიჯნება მოპასუხე გ. კ-ავას მიწის ნაკვეთს, ხოლო ნ. ბ-ავას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სადავო მიწის ნაკვეთთან დაახლოებით 1.5 კმ-ით არის დაშორებული. სადავო მიწის ნაკვეთს მოპასუხე გ. კ-ავას აწ გარდაცვლილი მამა მ. კ-ავა ფლობდა 1989 წლიდან, იმჟამინდელი მეურნეობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მან გაათავისუფლა ნაკვეთი ქვა-ღორღისაგან და აქცია საყანე ნაკვეთად, სადაც წლიურად მოყვანილი მოსავლის ნაწილს აბარებდა საბჭოთა მეურნეობას. სოფ. ... საკრებულომ მ. კ-ავას, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, სადავო მიწის ნაკვეთი გადასცა 10.05.98 წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რითაც მან საბოლოოდ გამოხატა თავისი ნამდვილი ნება სადავო ნაკვეთზე და რითაც ფაქტობრივად გააუქმა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება ნ. ბ-ავაზე მიწის მიკუთვნების შესახებ. ამასთანავე, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96 წ. დადგენილების მეორე პუნქტით საქართველოს მოქალაქეთა კომლისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.12.2000 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ავას მიერ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მოითხოვს მის გაუქმებას, ბ. კ-ავაზე უკანონოდ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას, მისი კანონიერი უფლებების შემლახველი თანამდებობის პირის დადგენას, დავის დაწყების დღიდან სხვადასხვა ინსტანციების გადაწყვეტილების აღსრულებას. კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს მარტვილში ჩატარებული გასვლითი სხდომა ჩატარდა ტენდენციურად, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ადგილის დათვალიერებით დადასტურებული გარემოება იმის შესახებ, რომ გ. კ-ავა და ა. ნ-ია ცხოვრობენ ერთ კომლად, არ დაკმაყოფილებულა ნ. ბ-ავას შუამდგომლობა იმ გამგებლის დაკითხვის თაობაზე, რომლის საქმიანობის პერიოდშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის თაობაზე. არ დაკმაყოფილდა აგრეთვე ნ. ბ-ავას შუამდგომლობა პროცესზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ს. ხ-იანის გამოძახების შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთზე მიწის მიღების უპირატესი უფლების გაუქმება არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის გაცემას საერთო საფუძველზე, ვინაიდან გ. კ-ავა აქტის მიღების დროისათვის ფლობდა ნორმის ზევით მიწის ნაკვეთს. ამასთანავე, სადავო ნაკვეთი არ არის გ. კ-ავას საეზოვე ნაკვეთის მომიჯნავე, გ. კ-ავას სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთი მას არ ჩაბარებია საკრებულოსათვის და ფაქტიურად ნაკვეთით დღემდე სარგებლობს.

არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ არსებობდა მეურნეობის იმჟამინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ქვა-ღორღისაგან მიწის გაწმენდის, წლიურად მოსავლის ჩაბარების თაობაზე, პირიქით ... საკრებულოს 06.12.95წ. გადაწყვეტილებაში, ფირმა «დ.-ის» მეურნეობის 03.09.96წ. ¹ 53 ცნობაში დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთით უკანონოდ ფლობის ფაქტი. მიწის დატაცება მოხდა კოლმეურნეობისა და მეურნეობის რეორგანიზაციის შემდეგ, ამდენად მიწის დატაცებაზე პრეტენზიას ისინი ვერ განაცხადებდნენ, სამაგიეროდ აღნიშნული ფაქტი არაერთგზის დაფიქსირდა სხვადასხვა ინსტანციების მიერ.

უმართებულოა აგრეთვე, კასატორის აზრით, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილებაზე მითითება, რადგანაც მიღება-ჩაბარების აქტი მ. კ-ავაზე 10.05.98წ. იქნა გაცემული, ხოლო აქტი სადავო ნაკვეთის კასატორისათვის გამოყოფის შესახებ გამოიცა 06.12.95წ., ამდენად, დადგენილების მეორე პუნქტი უნდა გავრცელდეს იმ აქტის მიმართ, რომელიც არსებობდა დადგენილების მიღების დროისათვის და არა დადგენილების მიღებიდან 2 წლის შემდეგ გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე.

მოწინააღმდეგე მხარემ გ. კ-ავამ და ...-ის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა რ. ბ-ავამ საკასაციო საჩივარი არ ცნეს და ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.12.2000წ. განჩინების უცვლელად დატოვება. მიწის მართვის სამმართველო წარმოდგენილ შესაგებელში არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას საოლქო სასამართლოს ტენდენციურობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საკომლო წიგნების მიხედვით გ. კ-ავა და ა. ნ-ია ცალ-ცალკე კომლად არიან აღრიცხულები. სოფ. ... საკრებულოს 06.12.95წ. გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა მინისტრთა კაბინეტის 16.01.93წ. დადგენილება, რომლითაც გაუქმდა წინაპართა სარგებლობაში ადრე არსებული მიწის ნაკვეთებით მემკვიდრეთა ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების უპირატესობა. არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მასალა, რომ სადავო ნაკვეთი ეკუთვნოდა ნ. ბ-ავას წინაპრებს. გ. კ-ავას მიერ ნაკვეთი, ფირმა «დ.-ის» ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გაწმენდილ იქნა ტყე-ბუჩქნარისა და ქვა-ღორღისაგან, ნაკვეთი მდებარეობს გ. კ-ავას სახლის ახლოს, 60-მეტრამდე დაშორებით, რაც უპირატესობას უქმნიდა გ. კ-ავას ნაკვეთის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტისას. სოფ. ... საკრებულოს 06.12.95წ. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მიწასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტდა სოფლის ყრილობის მიერ არჩეული მიწის რეფორმის კომისია. მანამდე, საკრებულომ გამოსცა 03.12.95წ. ¹10 განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა მონაკვლევი მასალის დადგენას, მათ შორის უნდა დადგენილიყო ჰქონდა თუ არა გ. კ-ავას ნორმის ზევით მიწის ნაკვეთი გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, 06.12.95წ. ¹ 11 გადაწყვეტილება ნ. ბ-ავაზე მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მიღებულ იქნა მონაკვლევი მასალების წარმოდგენის გარეშე. გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე რ. ბ-ავამ მიმართა მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარეს, მისი უკანონობის გამო იგი ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, მიუხედავად ამისა მისი სისრულეში მოსაყვანად ჩართულ იქნა ძალოვანი სტრუქტურები. მიწის რეფორმის კომისიამ და საკრებულომ არაერთგზის შესთავაზეს ნ. ბ-ავას საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმის შევსება მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. 1998 წელს გ. კ-ავამ განცხადებით მიმართა მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა მასზე ზედმეტად აღმოჩენილი მიწის ნაკვეთის ჩაბარება, კომისიამ დააკმაყოფილა გ. კ-ავას მოთხოვნა, გაფორმდა სათანადო აქტი, რის შემდეგადაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმის ფარგლებში საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.12.2000წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს აგრეთვე გ. კ-ავა, რომელიც აღნიშნავს, რომ სადავო ნაკვეთი მისი საკარმიდამოს მახლობლად იმყოფება. საკომლო წიგნების მიხედვით ა. ნ-ია და მ. კ-ავა ცალ-ცალკე კომლებში არიან აღრიცხულნი, იმას თუ ვისთან იმყოფება მოხუცებული ა. ნ-ია მოსავლელად არა აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც ნ. ბ-ავასათვის საკრებულოს მიერ ნაკვეთის გამოყოფას, რადგანაც აღნიშნული შეადგენდა მიწის მართვის კომისიის უფლებამოსილებას. 1998 წლამდე, მიწის რეფორმის დასრულებამდე, მიმდინარეობდა ხარვეზების გასწორება, რის შედეგადაც ზედმეტი ნაკვეთი ნებაყოფლობით იქნა ჩაბარებული. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი კანონის დაცვით არის გაცემული და შეტანილია საჯარო რეესტრში, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების რაიმე საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ნ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.12.2000წ. განჩინება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, განჩინება წინააღმდეგობრივია, სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს. განჩინების სამოტივაციო ნაწილში არაერთგზის არის მითითებული, რომ ნ. ბ-ავაზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სოფ. ... საკრებულოს მიერ, მაშინ როდესაც 06.11.95წ. ¹ 11 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა საკრებულოს არამედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, გამგეობის მიერ. სადავო ნაკვეთზე მ. კ-ავას უფლების დასადასტურებლად პალატა უთითებს რა «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მეორე პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად, არ ასახელებს საქართველოს პარლამენტის მითითებული დადგენილების მიღებამდე რომელი აქტით ჰქონდა გ. კ-ავას მიმაგრებული მიწის ნაკვეთი. ასეთ პირობებში სასამართლოს მიერ მოყვანილი მოტივაცია უფრო მეტად ნ. ბ-ავას პოზიციას აძლიერებს. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ახალი სამოქალაქო კოდექსის წესები, თუმცა განჩინების ტექსტიდან გაურკვეველი რჩება რა მოსაზრებების დასადასტურებლად იქნა მოყვანილი კოდექსის 183-ე და 185-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლო მ. კ-ავას მიერ მეურნეობის ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სადავო ნაკვეთის ქვა-ღორღისაგან გათავისუფლებას, ნაკვეთზე წლიური მოსავლის ნაწილის საბჭოთა მეურნეობისადმი ჩაბარებას დადასტურებულად მიიჩნევს საქმის 58, 89, 90 ფურცლებზე დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთანავე, ...-ის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს უფროსის 02.09.96წ. ¹10 წერილი აღნიშნუულის თაობაზე არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, ხოლო მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის 31.05.96წ. ¹7/1-კ-33 მომართვა, ამავე დეპარტამენტის ადგილობრივი მმართველობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი წერილის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის მიერ.

მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის საფუძველს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹ 503 დადგენილების მიხედვით, წარმოადგენს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. 28.04.98წ. გ. კ-ავას აწ გარდაცვლილ მშობელზე მ. კ-ავაზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სოფ. ... საკრებულოს 28.04.94წ. დადგენილება. არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო პალატას არ გაურკვევია თუ რა უდევს საფუძვლად მიღება-ჩაბარების აქტს, რა შინაარსისაა სოფ. ... საკრებულოს 28.04.94წ. დადგენილება. სასამართლოს მიერ არ გარკვეულა აგრეთვე სოფ. ... საკრებულოს გამგეობის 06.12.95წ. ¹11 დადგენილების წინამორბედი აქტით – გამგებლის 03.12.95წ. ¹10 განკარგულებით სპეციალისტთა ჯგუფისათვის დავალებული დავის გადაწყვეტამდე საკითხის შესწავლის შედეგები, ის თუ რა მასალები იყო მოკვლეული საკითხის შესწავლისას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის სწორი გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს სოფ. ... საკრებულოს გამგეობის 06.12.95წ. ¹11 გადაწყვეტილების მიღების დროისათვის რა ოდენობის ფართი ჰქონდა გადაცემული მ. კ-ავას, სად მდებარეობდა მისთვის, როგორც პირველი კატეგორიის კომლისათვის, ზღვრული ნორმის ფარგლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. დავის სწორი გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას შედიოდა თუ არა სადავო ნაკვეთი მ. კ-ავასათვის ზღვრული ნორმის ფარგლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, თუ სადავო ნაკვეთი შეადგენდა იმ ფართის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც მ. კ-ავა ნორმაზე ზევით ფლობდა. უკეთუ სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა იმ ფართობს, რომელიც მ. კ-ავას გამოყოფილი ჰქონდა ნორმის ფარგლებში, მას უნდა ჩამორთმეოდა არა სადავო მიწის ნაკვეთი, არამედ ის ნაკვეთი, რომელსაც იგი ნორმაზე მეტი ოდენობით ფლობდა, ვინაიდან აღნიშნული გამორიცხავდა ნ. ბ-ავასათვის საერთო წესით ნაკვეთის გამოყოფას, ხოლო გამგეობის 06.12.95წ. ¹ 11 გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.01.93წ. ¹39 დადგენილებით მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა მიწის ადრინდელი მესაკუთრეების, მათი მემკვიდრეების ადრე კუთვნილი მიწებიდან ნაკვეთის პირველ რიგში გამოყოფის უპირატესობა.

საქმეზე არ გარკვეულა აგრეთვე თუ რის გამო არ მოხდა ნ. ბ-ავაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა, არ დადგენილა მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილებით გათვალისწინებული რომელი კატეგორის კომლს განეკუთვნებოდა ნ. ბ-ავა, სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტს თუ მოსამსახურეს, რომელიც დასაქმებული არ არის სოფლის მეურნეობაში, სოფ. ... შესაბამისი კატეგორიის კომლისათვის გადასაცემი მიწის დადგენილი ზღვრული ოდენობა.

ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების თანახმად, ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვევია საქმის ზემოაღნიშნული გარემოებანი. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორი ნ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.12.2000წ. განჩინება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.