გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-8-კ.ს-01 22 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა შპს «ა-ის» კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 იანვრის განჩინებაზე. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს 25.12.2000 წ. სარჩელით მიმართა შპს «ა-მა» მოპასუხეების ქ. თბილისის რეგიონალური საბაჟოს, საქართველოს შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზედმეტად გადახდილ გადასახადებზე კუთვნილი საურავების, სხვადასხვა სახის ზარალის ანაზღაურების და სხვა დავალიანებათა გადახდის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს «ა-ს» მიეთითა ხარვეზზე, რომლის შესავსებად სასამართლოს მიერ განესაზღვრა ვადა. კოლეგიამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის დაკონკრეტებული სასარჩელო მოთხოვნის ზუსტი ოდენობა, ამასთან საქმეში არ მოიპოვება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც კოლეგიამ მიიჩნია ხარვეზად.
მოსარჩელის მიერ 10.01.2001 წ. საოლქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საბანკო გარანტია, რომლითაც ბანკმა «...მ» იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ნებისმიერი თანხა 5 000 ლარის ოდენობით სასამართლოს წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.01.2001 წ. განჩინებით შპს «ა-ის» სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ და დაუბრუნდა მოსარჩელეს. სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ გამოასწორა ხარვეზი, კოლეგიამ მიუთითა, რომ 10.01.2001 წ. წარმოდგენილი 90 კალენდარული დღით გაცემული საბანკო გარანტია არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს. კოლეგიამ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და არ იქნა წარმოდგენილი თბილისის რეგიონალური საბაჟოსა და შპს «ა-ის» ურთიერთშედარების აქტები.
საოლქო სასამართლოს 10.01.2001 წ. განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი. შპს «ა-მა» განმარტა, რომ მან გამოასწორა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი საბანკო გარანტიის წარმოდგენით, რომელიც წარმოადგენს ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებულ საშუალებას. რაც შეეხება დავის საგანს, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 979 839 აშშ დოლარის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 01.02.2001 წ. განჩინებით შპს «ა-ის» კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კოლეგიამ მიუთითა, რომ 10.01.2001 წ. განჩინება მოსარჩელის შპს «ა-ის» რწმუნებულ დ. ა-ეს ჩაბარდა 2001 წლის 15 იანვარს და განემარტა გასაჩივრების 12 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან, ხოლო მოსარჩელის რწმუნებულმა კერძო საჩივარი შეიტანა 2001 წლის 30 იანვარს, რითაც დარღვეულ იქნა გასაჩივრების ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო რა საქმეში არსებულ მასალას, მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს «ა-ის» რწმუნებულმა დ. ა-ემ 10.01.2001 წ. განჩინება ჩაიბარა 15.01.2001 წ. და განემარტა განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა (სსკ-ის 416-ე მუხ.), ხოლო კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა 30.01.2001 წ., რითაც მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა განჩინების გასაჩივრების ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, აღმკვეთ ვადას წარმოადგენს. მისი გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 401-ე მუხლით საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ა-ის» კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.