გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-10-ა 7 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება და 06.12.99წ. გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. კ-ძემ 21.05.99წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვდა ქობულეთის რაიონის გამგებლის «სოფ. ... მცხოვრები მოქალაქე ნ. ჭ-იას და ჯ. კ-ძეს შორის არსებული სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის შესრულების ღონისძიებათა შესახებ» 16.04.99 წ. ¹ 27 განკარგულების გაუქმებას და სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში დაბრუნებას. ჯ. კ-ძის სასარჩელო განცხადება სირთულის გამო განსახილველად გადაეცა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.09.99წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჯ. კ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ ჯ. კ-ძის ბიძის ა. კ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კოლმეურნეობის დაარსების დღიდან შედგებოდა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთისაგან მდინარე კინტრიშის მარცხენა მხარეს, სადაც აგებულია საცხოვრებელი სახლი, და 0,38 ჰა მიწის ნაკვეთისაგან მდინარე კინტრიშის მარჯვენა მხარეს, ე.წ. «ჯეფირის» ტერიტორიაზე. 22.08.55 წ. ა. კ-ძის კომლს გამოეყო ახ. კ-ძე, ჯ. კ-ძის მამა, რომელსაც კომლიდან საკარმიდამოდ გამოეყო 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი მდინარე კინტრიშის მარცხენა მხარეს, ხოლო ა. კ-ძეს საკარმიდამოდ დარჩა მდინარე კინტრიშის მარჯვენა მხარეს, ე.წ. «ჯეფირის» ტერიტორიაზე არსებული 0,38 ჰა მიწის ნაკვეთი. ა. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ კომლის უკანასკნელმა წევრმა – ხ. კ-ძემ, თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით დაუტოვა შვილიშვილს – ჯ. კ-ძეს. ხ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აღირიცხება ჯ. კ-ძის სახელზე.
ქობულეთის რაიონის გამგებლის 16.04.99 წ. ¹ 27 განკარგულებით დადგენილ იქნა სადავო მიწის გამიჯვნა და მისი კანონიერ მფლობელობაში დაბრუნება, რის საფუძველზეც 20.04.99წ ნაკვეთი აიზომა და ჩაბარდა სოფ. ... კოოპერაციულ მეურნეობას და სოფ. ... საკრებულოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.12.99 წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.09.99 წ. გადაწყვეტილება, ქობულეთის რაიონის გამგებლის 16.04.99 წ. ¹ 27 განკარგულება, სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში დაუბრუნდა კასატორს. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო განკარგულებით შესრულდა მხოლოდ ტექნიკური საკითხი – მიწის გამიჯვნა და მიუთითა, რომ განკარგულებით შეიზღუდა ჯ. კ-ძის მიწის ნაკვეთით მრავალწლიანი სარგებლობის უფლება, მით უფრო, რომ არ განსაზღვრულა საკომლო წიგნში კასატორზე რიცხული 0,38 ჰა მიწის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლო ადგილი. პალატამ მიუთითა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხზე გადაწყვეტილებათა მიღება შეადგენს რაიონის საკრებულოს და არა გამგებლის უფლებამოსილებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ არც კოლმეურნეობების შერწყმამდე და არც მათი შერწყმის შემდეგ კომლის მიწათსარგებლობა «ჯეფირის» ტერიტორიაზე დავას არ იწვევდა, ნაკვეთი ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა კ-ძეების კომლის მიერ, საკარმიდამო მრავალჯერ იქნა გადაზომილი, კოლმეურნეობას რაიმე პრეტენზია არ წამოუყენებია. მდინარე კინტრიშის მარჯვენა მხარეს, ე.წ. «ჯეფირის» ტერიტორიაზე ა. და ახ. კ-ძეების, შემდგომ კი ჯ. კ-ძის მიერ 0,38 ჰა მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი უდავოდ იქნა მიჩნეული მოწმეების ჩვენებების, აგრეთვე სოფ. ... საკრებულოს გამგეობის და კოოპერატიული მეურნეობის 27.08.99წ ცნობით.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების და 06.12.99წ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებებით მიმართეს მე-3 პირმა ნ. ჭ-იამ და მოპასუხემ - ქობულეთის რაიონის გამგეობამ. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ სოფ. ... საკრებულოს გამგებელ ე. მ-ძის მიერ 20.04.98 წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ჯ. კ-ძე ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფ. ... საკრებულოში და სარგებლობს მდინარე კინტრიშის მარჯვენა მხარეს «ჯეფირის» ტერიტორიაზე 0,38 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, ყალბია, ვინაიდან ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 02.09.99 წ. დასკვნა-წერილის მიხედვით 1934-49 წლების მიწის სარეგისტრაციო სახელმწიფო წიგნებით ჯ. კ-ძის მშობლებს 0,63 ჰა მიწის ნაკვეთი აწერია სოფ. ... განმცხადებლები უთითებენ აგრეთვე ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის 01.10.98 წ. წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯ. კ-ძეს 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოყოფილი აქვს სოფ. ... ძირითად საცხოვრებელ სახლთან და რომ სოფ. ... ტერიტორიაზე, კერძოდ «ჯეფირში» მას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია. ამავე განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმების მიხედვით ქობულეთის საკრებულოს გამგებლის ე. მ-ძის მიერ 29.04.98წ. გაცემული ცნობა უსაფუძვლოა. სოფ.ქობულეთის კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარის ე. ი-შვილის 29.07.96 წ. ცნობის მიხედვით სოფ. ... ტერიტორიაზე, «ჯეფირში» მიწის ნაკვეთი ჯ. კ-ძეზე არ ყოფილა მიზომილი ან იჯარით გაცემული. ცნობის სიყალბეს ადასტურებს აგრეთვე სოფ. ... საკრებულოს საკომლო წიგნების ჩანაწერები და საარქივო მასალები, რომელთა მიხედვითაც ჯ. კ-ძეს და მის მშობლებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აწერიათ სოფ. ... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფ. ... საკრებულოს 29.04.98 წ. ცნობა ყალბია, რაც სსკ-ის 423-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, განმცხადებლების აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.
განმცხადებლები აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ემყარება გადაწყვეტილება, არასწორია, ვინაიდან წარმოდგენილი რ. ბ-ძის, მ. ჭ-იას, ჯ. ბ-ძის წერილობითი ჩვენებებიდან, რომლებიც არცერთ სასამართლო პროცესზე არ დაკითხულან, ირკვევა, რომ სადავო ტერიტორია ეკუთვნოდა ნ. ჭ-იას მამას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1935 წელს, ნ. ჭ-იას ნათესავებმა გაუშენეს მას ციტრუსის ბაღი. განცხადებების ავტორებს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიაჩნიათ აჭარის ა/რ სახელმწიფო არქივის 25.10.2000წ. ცნობა, რომლის თანახმადაც 4 ჰა მიწის ნაკვეთი 1930წ. ჩამოერთვა ნ. ჭ-იას მშობელს, რითაც დასტურდება რომ სადავო ნაკვეთი ეკუთვნის ნ. ჭ-იას. წარმოდგენილი დოკუმენტებით, საბუთდება, რომ მოწმეების ა. ბ-ძის, ჯ. პ-შვილის და ჰ. ვ-ძის ჩვენებები არასწორია, რაც სსკ-ის 423-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს. განმცხადებლები აღნიშნავენ აგრეთვე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დასკვნის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება დამყარებულია ყალბ ცნობებზე და არასწორ ახსნა-განმარტებებზე, სადავო ნაკვეთი სოფ. ... კოოპერაციული მეურნეობის ფართობს წარმოადგენს.
ახლად აღმოჩენილ გარმოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განმცხადებებზე წარმოდგენილ შეპასუხებაში ჯ. კ-ძემ მოითხოვა 05.12.99წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება და მიუთითა, რომ სოფ. ... გამგებლის 08.02.01წ. ¹ 7 და ¹ 8 ცნობებით დასტურდება, რომ მისი ოჯახი 0,38 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს კოლმეურნეობის დაარსების დღიდან სარგებლობს მდინარე კინტრიშის მარჯვენა სანაპიროზე, ე.წ. «ჯეფირის» ტერიტორიაზე, რომელზედაც ყოველწლიურად იხდიდა სამეურნეო გადასახადს. ქობულეთის რაიონის სოფ. ... კოოპერატიციული მეურნეობის თავმჯდომარის 05.02.01წ. ¹ 16 ცნობის თანახმად, ნაკვეთი არასოდეს არ შედიოდა საკოლმეურნეო მიწის ფონდში და არც მისი მონაცვლელობა მომხდარა. რაც შეეხება ქობულეთის რაიონის შინაგანი განყოფილების 01.10.98წ. წერილს. შ.ს. განყოფილება მიწის ნაკვეთის გამოყოფა-განსაზღვრის საკითხში არის არაკომპეტენტური ორგანო. საკითხის გადამწყვეტი ორგანოების – საკრებულოს და კოოპერაციული მეურნეობის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთით ჯ. კ-ძის ოჯახი სარგებლობს კოლმეურნეობის დაარსებიდან. აჭარის ა/რ ცენტრალური არქივის 25.10.2000წ. ცნობა, რომლის თანახმად ნაკვეთი ჩამოერთვა ა. ჭ-იას, არ იმყოფება არავითარ ლოგიკურ კავშირში ჯ. კ-ძის სარჩელთან, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ 0,38 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც მისი ოჯახი კოლმეურნეობის დაარსებიდან სარგებლობდა მისი ოჯახის სარგებლობაში დარჩენილიყო. ამასთანავე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სსკ-ის 423-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
ქობულეთის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის წარმომადგენლის თ. ჯ-ძის მიერ წარდგენილ იქნა ე. მ-ძის მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად «ჯეფირის» ტერიტორიაზე ჯ. კ-ძის მიწათსარგებლობას მის გარდა ადასტურებენ ყოფილი კოლმეურნეობის და სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელები, რის თაობაზეც სათანადო დოკუმენტები არსებობს საქმეში. ყოფილი ენგელსის სახელობის კოლმეურნეობა «ჯეფირის» ტერიტორიის გარდა, ტერიტორიებს ფლობდა სოფ. ხეცუბანში, მათი დამუშავება დღესაც ხდება ყოფილი ენგელსის სახელობის კოლმეურნეობაში გაერთიანებულ ბრიგადების მშრომელების მიერ, რომელიც სოფ. ... კოლმეურნეობაში შედის. «ჯეფირის» ტერიტორიაზე, რომელიც 6 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, დღესაც არის გაშენებული ჩაის და ციტრუსების ბაღები, რომლებიც ჩარიცხულია საკოლმეურნეო ფონდში. სოფ. ... საკომლო წიგნში სამების უბნის წარწერა გაკეთებულია კომლის ადვილად მოსაძებნად. სოფ. ... საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფლობს არა ჯ. არამედ ე. კ-ძე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო ნ. ჭ-იას და ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ და თანდართულ მასალებს, მოუსმინა ზეპირ ახსნა-განმერტებებს და თვლის, რომ განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განცხადებები არ პასუხობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოლექსის 427-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის და 426-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. სსკ-ის 426-ე მუხლის მიხედვით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. აღნიშნულ მოთხოვნებს არ პასუხობს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტების უმრავლესობა (აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს აგრარულ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 28.03.2000წ. გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის 28.04.2000წ. დასკვნა, კომისიის 14.04.2000წ. აქტი, ქვეკომისიის 21.04.2000წ. აქტი, ქობულეთის რაიონის შს განყოფილების უფროსის მ/შ რ. ნ-ელის ცნობა, ჯ. ბ-ძის 02.08.96წ., რ. ბ-ძის 03.08.96წ., მ. ჭ-იას 02.08.96წ. წერილობითი ახსნა-განმარტებები, სოფ. ... საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის მიერ 10.01.2000წ. გაცემული ცნობა). ამასთანავე, წარმოდგენილი დოკუმენტების ერთი ნაწილი (ქობულეთის რაიონის შს განყოფილების უფროსის მ/შ ვიცე-პოლკოვნიკის რ. ნ-ელის წერილი, ხ. კ-ძის 30.04.71წ. ანდერძი, აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 19.02.99წ. დასკვნა და სხვ.) დაცული იყო საქმის მასალებში მისი განხილვის დროს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეთვე განმცხადებლების მიერ ქობულეთის საკრებულოს გამგებლის ე. მ-ძის 27.10.2000წ. და აჭარის ა/რ ცენტრალური სახელმწიფო არქივის 25.10.2000წ. ¹ 1-9/329 ცნობები. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სოფ. ... საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის ე. მ-ძის მიერ 08.02.2001წ. ¹ 8 საწინააღმდეგო შინაარსის ცნობა და სანოტარო წესით დამტკიცებული განცხადება, რომლის თანახმად ჯ. კ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (0.38 ჰა) მდებარეობს სოფ. ..., კერძოდ «ჯეფირის» ტერიტორიაზე. ქობულეთის რაიონის სოფ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის 08.02.2001წ. ¹ 7 ცნობის თანახმად, ქობულეთის რაიონის სოფ. ქობულეთის საკრებულოში, ზონარგაყრილ წიგნში მითითებულია საკრებულოში შემავალი კომლები, მაგრამ არცერთი კომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ არის მითითებული მისი მდებარეობა, მოსაზღვრეები, არ ინახება მიწათმოწყობის რუქა. სოფლის კოოპერატიული მეურნეობის თავმჯდომარის ე. ი-შვილის მიერ გაცემული 05.02.01წ. ¹ 16 ცნობის თანახმად ჯ. კ-ძის საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობს სოფ. ..., კერძოდ «ჯეფირის» ტერიტორიაზე, 0,38 ჰა მიწის ფართობს ის სარგებლობს კოლმეურნეობის დაარსების დღიდან და იხდის მიწის სახელმწიფო გადასახადს, ფართობი საკოლმეურნეო მიწის ფონდში არ შედიოდა. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე ანალოგიური შინაარსის სოფლის კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარის 16.02.01წ. ¹ 19 ცნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ ეთანხმება განმცხადებლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე აჭარის ა/რ ცენტრალური სახელმწიფო არქივის 25.10.2000წ. ¹ 1-9/329 ცნობა, რომლის მიხედვითაც მესამე პირის ნ. ჭ-იას მშობელს – ა. ჭ-იას სოფ. ..., «ჯეფირის» ტერიტორიაზე 1930 წელს ჩამოერთვა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატა განმცხადებლების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მიწის ადრინდელ მესაკუთრეებზე ან მათი მემკვიდრეებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფ საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში საერთო საფუძველზე, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ადრინდელი მესაკუთრეების ან მათი მემკვიდრეებისათვის რაიმე უპირატესობა მიწის ნაკვეთების განაწილებისას. ვინაიდან ნ. ჭ-იას ოჯახს ამ ნაკვეთით არასოდეს არ უსარგებლია მას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სადავო ნაკვეთთან მიმართებაში. აჭარის ა/რ ცენტრალური სახელმწიფო არქივის ცნობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, მოწმეების შეგნებულად ცრუ ჩვენების დამადასტურებელ გარემოებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის «ა» - «გ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჭ-იას და ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და 06.12.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჭ-იას და ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.12.99წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.