Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-10-კ-01 4 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი – ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადით უკანონოდ დაბეგრილი თანხის - 1713 ლარის მარტვილის საფინანსო განყოფილებისათვის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1993 წელს სამეგრელოში საომარი მოქმედებების დროს, მარტვილის რაიონის სოფ ... მოქალაქე ნ. ს-ავას დაეწვა საცხოვრებელი სახლი, რომლის ასანაზღაურებლადაც სახელმწიფომ გამოუყო მატერიალური დახმარება 8724 ლარის ოდენობით. კასატორმა – მარტვილის საფინანსო განყოფილებამ, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მარტვილის რაიონული სამსახურის უსწორო კონსულტაციის საფუძველზე, მოახდინა ნ. ს-ავასათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით. ფაქტობრივად დაზარალებულმა ნ. ს-ავამ 1997 წელს მარტვილის საფინანსო განყოფილებიდან სულ მიიღო საკომპენსაციო თანხა 6984 ლარი, ხოლო სადავო თანხა 1713 ლარი საშემოსავლო გადასახადის სახით ჩაირიცხა ბიუჯეტში. 2000 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა ნ. ს-ავამ სარჩელი აღძრა მარტვილის საფინანსო განყოფილების მიმართ უკანონოდ დაბეგრილი 1713 ლარის დაბრუნების თაობაზე, თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტისა, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება. მარტვილის საფინანსო განყოფილებამ სარჩელი ცნო და აღიარა, კომპენსაციის თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უსწორობა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ნ. ს-ავას სარჩელი და მარტვილის საფინანსო განყოფილებას მის სასარგებლოდ დაეკისრა 1713 ლარის გადახდა, რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის «ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირების ერთობლივი დასაბეგრი შემოსავლის შემადგენლობაში არ შეიტანება და დაუბეგრავ შემოსავალს წარმოადგენს «დახმარების თანხა, მისი ოდენობის მიუხედავად, მიღებული სტიქიური უბედურების, სხვა საგანგებო ვითარების გამო.

მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხე – მარტვილის საფინანსო განყოფილებამ და მისი შეცვლა მოითხოვა იმგვარად, რომ საერთო თანხიდან 1713 ლარიდან 411 ლარის გადახდა დაეკისროს მარტვილის რაიონის ბიუჯეტს, 617 ლარი - სოფ. ... ბიუჯეტს, ხოლო 685 ლარი – რესპუბლიკის ბიუჯეტს შესაბამისად იმისა თუ, როგორ განაწილდა დაბეგრილი თანხა. ნ. ს-ავამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა ალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო და უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა საერთო თანხიდან 685 ლარის რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის და 617 ლარის სოფ. ... ბიუჯეტისათვის დაკისრების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ სადავო თანხა ნ. ს-ავას უკანონოდ დაუკავა სწორედ მარტვილის საფინანსო განყოფილებამ და ამ დაბეგვრაში რესპუბლიკის ბიუჯეტს ან სოფ. ... ბიუჯეტს რაიმე ბრალი არ მიუძღვით. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) მე-4 და 153-ე მუხლებით, რადგან მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა 1997 წელს წარმოიშვა, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. პალატამ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 და 153-ე მუხლებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ საფინანსო განყოფილება ვალდებული იყო ნ. ს-ავასათვის დაქვითვის გარეშე მიეცა მატერიალური დახმარების თანხა, რაც საფინანსო განყოფილებამ არ შეასრულა, რის გამოც საფინანსო განყოფილებამ პირადად და სრულად უნდა აუნაზღაუროს კრედიტორ ნ. ს-ავას ზარალი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მარტვილის საფინანსო განყოფილება და ითხოვს უკანონოდ დაბეგრილი თანხიდან – 1713 ლარიდან 685 ლარის ანაზღაურება მოხდეს საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშიდან, ხოლო 1028 ლარის (411 ლარს + 617 ლარი) ანაზღაურება საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით დაეკისროს მარტვილის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტს. კასატორი ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 ივნისის ¹ 348 ბრძანებულების მე-7 პუნქტი. მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ავა საკასაციო საჩივარს არ ცნობს, ითხოვს უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება – კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე ნ. ს-ავა სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადით უკანონოდ დაბეგრილი თანხის 1713 ლარის ანაზღაურებას. შესაბამისად, სასამართლოში დავის საგანია საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირის უკანონოდ დაბეგვრა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს წარმოადგენს, ვინაიდან საჯარო - სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავაა და გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან. უფრო კონკრეტულად კი დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს – მარტვილის გამგეობის საფინანსო განყოფილების მიერ განხორციელებული ქმედების საშემოსავლო გადასახადით მოსარჩელის დაბეგვრის კანონიერება, გათვალისწინებული ამავე მუხლის II ნაწილის «გ» პუნქტით. ადმინისტრაციული დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა დაცული და ადმინისტრაციული დავა სამოქალაქო პროცედურით განიხილა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელიც ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, არაგანსჯადი სასამართლოა. არგანსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვა «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მარტვილის საფინანსო განყოფილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის უკანონოდ დაბეგრილი თანხის ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტისას ქუთაისის საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) მე-4 და 153-ე მუხლებით, რაც საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია, რადგან აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების დარეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან. ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, მარტვილის რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 24 დეკემბრის კანონი «ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ», რომელიც მოქმედებდა ნ. ს-ავასათვის კომპენსაციის თანხების გაცემისას;

3. კასატორი საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის დარღვევაზე, რომ საქმის განხილვის დროს პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 ივნისის ¹ 348 ბრძანებულება «საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფისა და საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესების საგანგებო ღონისძიებათა შესახებ» მე-7 პუნქტი, რომლითაც დაწესდა: «გადამხდელთა მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას, გადასახადის ერთი სახიდან მეორეში, აგრეთვე სტიმულირებისათვის კუთვნილი თანხების ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე გადატანას ახორციელებენ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ორგანოები დამოუკიდებლად».

ვინაიდან საკომპენსაციო თანხების ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განახორციელა მარტვილის გამგეობის საფინანსო განყოფილებამ, იგი სადავო ქმედების განხორციელებისას საგადასახადო აგენტია, ამიტომ უდავოდ მოპასუხეა, მაგრამ რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹ 348 ბრძანებულებით განისაზღვრა ბიუჯეტში ზედმეტად დაბეგრილი გადასახადის დაბრუნების წესი, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს პროცესში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო სამსახურის ჩართვაზეც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, II სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარტვილის საფინანსო განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.