Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-10კ-ს 19 სექტემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტაბუცაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ბ. მეტრეველი

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 8 აგვისტოს ¹ 08.09.12 დადგენილებით სახელმწიფო კონცერნ «ს-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება «თ-ი».

საქართველოს პროკურატურის სარჩელის საფუძველზე 1996 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 8 აგვისტოს ¹ 08.09.122 დადგენილება და ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.94 წ. ¹ 452 განკარგულება სს «თ-ის» დაფუძნების თაობაზე. გაუქმების საფუძველი გახდა საწესდებო კაპიტალის არასწორი ფორმირება. იმ გაგებით, რომ საწარმოს სასაწყობო მეურნეობები წარმოადგენდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფო რეზერვს.

სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 19 მარტის ¹ 1-3/166 ბრძანების შესაბამისად ხელახლა დაფუძნდა სააქციო საზოგადოება «თ-ი» 100% სახელმწიფო წილით.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით არ განისაზღვრა, თუ როგორი წესით და რა რაოდენობის თანხა უნდა დაბრუნებოდა ყოფილ აქციონერებს, რომელთა წილი სააქციო საზოგადოებაში საწესდებო კაპიტალის 60,46%-ს შეადგენდა.

ყოფილმა აქციონებემმა ა. ა-ელმა, ე. ქ-ძემ და სხვებმა, მათი წარმომადგენლის ა. გ-ას მეშვეობით 1999 წლის 7 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან გამოსყიდული აქციების ღირებულების - 263 580 აშშ დოლარისა და ზიანის - 128 7229 91 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 366 335 99 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა დაეკისრა.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2000 წლის 13 მარტს საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება მოითხოვა. საჩივარს ხელს აწერდა სამრეწველო საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტიზების დირექტორი გ. მ-ძე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი არ იქნა განხილული, იმ მოტივით, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 237-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი.

სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 2 მაისს შეტანილი იქნა საკასაციო საჩივარი, ხოლო 12 ივნისს - კერძო საჩივარი, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ივლისის განჩინებით არ იქნა დაშვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 მარტისა და 7 ივლისის განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს,M უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 მარტისა და 7 ივლისის განჩინებები და საქმე საჩივართან ერთად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე 17 მარტისა და 7 ივლისის განჩინებების გამოტანისას ძალაში იყო და მოქმედებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის პირველი მუხლისა და მეორე მუხლის მეორე ნაწილის გ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული დავა ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა განხილულიყო.

საკასაციო პალატა თბილისის საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მართალია საქმე მის მიერ განსჯადობის წესების დაცვით იქნა მიღებული 1999 წელს, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იგი საქმის განხილვის დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით უნდა განხილულიყო.

საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 17 მარტისა და 7 ივლისის განჩინებების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები (ამჟამად, პირველი და მეორე ნაწილები), რომლის თანახმადაც, თუ პროცესის მონაწილე პირს წერილობითი ფორმით არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ვინაიდან, კანონის ეს მოთხოვნები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ დაცული არ იქნა 2000 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 17 მარტის განჩინების გამოტანისას, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ არც საჩივრისა და არც კერძო საჩივრის შეტანის ვადა არ არის გაშვებული.

საკასაციო პალატა, ასევე, მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 17 მარტის განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ განუმარტა დაინტერესებულ მხარეს, რომ მას შეეძლო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა.

რაც შეეხება უფლებამოსილების საკითხს, საკასაციო პალატის აზრით, სანამ ძალაშია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 10 მარტის ¹ 1-3/170 ბრძანება გ. მ-ძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, სასამართლო მას ვერ უგულვებელყოფს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419 მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 მარტისა და 7 ივლისის განჩინებები და საქმე საჩივართან ერთად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.