გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-10-კ-ს-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 420-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.07.2000 წ. განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.11.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს «ა-ს» სასარჩელო განცხადება მოპასუხე – საქართველოში ევროკავშირის პროგრამა «ტასისის» საკოორდინაციო ბიუროსთან, «ტასისის» პროექტის «ყურძენი და ღვინოს» ფარგლებში წარმოებული ღვინის რეალიზაციის ვალდებულების შესახებ.
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ «ტასისის» საკოორდინაციო ბიურო წარმოადგენდა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და იგი მხარედ უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული. ამასთანავე, მხარეს, კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია უწყება, რის გამო სსკ-ის 233.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.02.2000 წ. განჩინებით საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს განცხადება 17.11.99 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. სასამართლომ, სამინისტროს 04.01.2000 წ. ¹ 01/3 წერილზე დაადგინა, რომ სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა - «ტასისის» საკოორდინაციო ბიურომ სასამართლოს 17.11.99 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მიიღო 28.12.99 წ. ამდენად, დარღვეულია სსკ-ის 426 მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. რაიონული სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ სამინისტროს სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა - «ტასისის» საკოორდინაციო ბიურომ საქართველოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მიიღო 28.12.99 წ. საპასუხოდ 05.01.2000 წ. სამინისტროს მიერ, საპროცესო ვადების დაცვით, სასამართლოში შეტანილ იქნა მოთხოვნა საქმის ხელახალი განხილვის შესახებ, რასაც სასამართლოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საჩივრის სათანადო ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ, სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, უნდა დანიშნულიყო ვადა ხარვეზის შესავსებად, რაც არ მომხდარა. ამის შემდგომ, 18.02.2000 წ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა საჩივარი. საქართველოს ვაჭრობის და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს კერძო საჩივარი, რომელიც კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 20.03.2000 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა, განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 12.06.2000 წ. განჩინებით კერძო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დატოვებულ იქნა უმოძრაოდ, ხარვეზის გამოსასწორებლად სამინისტროს მიეცა ვადა 12 ივლისამდე. დათქმულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საოლქო სასამართლოს 12.07.2000 წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ იქნა მიღებული. 13.09.2000 წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც 11.05.2000 წ. «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 11.05.2000 წ. შეტანილი ცვლილებების და დამატებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 29.07.2000 წ. ¹ 337 ბრძანებულებით გადაეცა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ფუნქციები, კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს 12.07.2000 წ. განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის 12.07.200 წ. განჩინება სამინისტროს გადაეცა 01.09.2000 წ., რაც შეეხება 12.06.2000 წ. განჩინებას, რომლითაც განისაზღვრა ხარვეზის გამოსწორების ვადა, განჩინება არ იყო ცნობილი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსათვის. თბილისის საოლქო სასამართლოს 09.11.2000 წ. განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს 12.07.2000 წ. განჩინების ასლი ჩაბარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენს 31.08.2000წ., ხოლო კერძო საჩივარი ამ განჩინებაზე შეტანილ იქნა სამინისტროს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში 13.09.2000წ. რაც დასტურდება ამ საჩივარზე სასამართლოს შტამპით, სადაც დაფიქსირებულია საჩივრის შემოსვლის თარიღი. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო საჩივარი შეტანილი იყო თბილისის საოლქო სასამართლოში 12 სექტემბერს, ვინაიდან სასამართლოში დოკუმენტის შემოსვლის თარიღი მითითებულია შემოსვლის შტამპში. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ კერძო საჩივარს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რომელიც ასევე დათარიღებულია 13 სექტემბრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საოლქო სასამართლოში საჩივრის 13.09.2000 წ. შეტანა, სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. პალატამ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 12 სექტემბერს, 13 სექტემბერს შეტანილი კერძო საჩივარი დაგვიანებულად იქნა მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 08.02.01 წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. ვინაიდან განცხადების ავტორი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 08.02.01 წ. განჩინების თანახმად განსახილველი დავა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის გამო, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ განჩინების გამოტანის დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ პირობით, თუ გადაცემული სასამართლო აქტით პროცესის მონაწილე პირს წერილობითი ფორმით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. საქმის მასალებით არ დასტურდება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.06.2000 წ. განჩინების ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროსათვის გადაცემა, შესაბამისად, უკანასკნელს არ ჰქონდა კერძო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. საოლქო სასამართლოს 17.07.2000 წ. განჩინების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის განჩინების ასლის გადაცემის ხელწერილის ტექსტის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ იქნა დაცული. სასამართლო აქტის გადაცემა აღნიშნული მუხლის თუნდაც ერთი მოთხოვნის დარღვევით აბრკოლებს გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყებას, ასეთ შემთხვევაში, კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილით თანახმად, გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის გაცდენის გამო უმართებულოა. ამასთანავე, ვინაიდან დავა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად კერძო საჩივარი უნდა განეხილა არა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 12.06.2000 წ. 12.07.2000 წ., 09.11.2000 წ. განჩინებები მიღებულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, მათი მიღებისას არ იქნა დაცული «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-20, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე, 391-ე, მუხლის «ა» ქვეპუნქტის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე თავის მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-12, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 12.09.2000 წ. კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 12.06.2000 წ. 12.07.2000 წ. და 09.11.2000 წ. განჩინებები.
2. საქართველოს ვაჭრობის და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.02.200 წ. განჩინებაზე განსჯადობისამებრ განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.