გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-11-კ 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ი/მ «მ. ნ.» და შპს «ჩ.» შორის 30.06.98წ. ქვეიჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა «სადავო ფართიდან გამოსახლება და შპს «ჩ.» გადაუხდელი საიჯარო თანხის გადასახადის დაკისრება: გ. მ-ის სახელობის თბილისის თ. ს. თ. და ი/მ «მ. ნ.» შორის 01.11.97 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოშლილად, ხოლო თეატრსა და შპს «ჩ.» შორის 01.01.2000 წ. დადებული ხელშეკრულების მართლზომიერად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი :
გ. მ-ის სახელობის თბილისის თ. ს. თ. და ინდივიდუალური საწარმო «მ. ნ.» შორის 01.06.97 წ. დაიჟო ხელშეკრულება არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ, რომელიც განახლდა 01.11.97 წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2001 წლის 1 ივნისამდე. თავის მხრივ ი/მ «მ. ნ-ე» 1997 წლის 8 ნოემბერს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს «ჩ.», რომელიც განახლდა 1998 წლის 30 ივნისს. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 20.10.99 წ. განიხილა თეატრის სარჩელი თეატრის თანხმობის გარეშე ქვეიჯარის ხელშეკრულების დადების გამო თეატრსა და ი/მ «მ. ნ.» დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, სასამართლოს 20.10.99 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ექვსი თვის საიჯარო ქტრის გადაუხდელობის გამო იჯარის ხელშეკრულების შეტყვეტის, სადავო ფართიდან გამოსახლების და საიჯარო თანხის შპს «ჩ.» დაკისრების მოთხოვნით, მ. ნ-ძემ 17.11.99 წ. სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში. მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – გ. მ-ის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორმა თ. ბ-შვილმა 14.01.2000 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც განმარტა, რომ სადავო ფართი მის მიერ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი/მ «მ. ნ.». უკანასკნელმა, თეატრის თანხმობის გარეშე ფართზე ქვეიჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს «ჩ.». მ. ნ-ძეს 1999 წ. აგვისტოს თვიდან სარჩელის შეტანამდე არ გადაუხდია ქირა, რაც საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით (6.1 მუხლი) წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრმა 01.01.2000 წ. საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს «ჩ.» და მოითხოვა მისი დადებულად ცნობა, ხოლო ი/მ «მ. ნ.» დადებული ხელშეკრულების გაუქმება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაინულმა სასამართლომ 10.04.2000 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი/მ «მ. ნ.» სარჩელი და შპს «ჩ.» დააკისრა 2 თვის საიჯარო ქირის – 180 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად. დაკმაყოფილდა მესამე პირის მოთხოვნა და მოშლილად ჩაითვალა საიჯარო ხელშეკრულება თეატრსა და ი/მ «მ. ნ.” შორის, ხოლო თეატრსა და შპს «ჩ.» შორის 01.01.2000 წ. საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალა დადებულად. ზემოაღნიშგნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი/მ «მ. ნ.» მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 06.10.2000 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 10.04.2000 წ. გადაწყვეტილება. გაუქმებულად ჩაითვალა 30.06.98 წ. საიჯარო ხელშეკრულება ი/მ «მ. ნ.» და შპს «ჩ.» შორის, უკანასკნელი გამოსახლდა სადავო ფართიდან, მ. ნ-ძის სასარგებლოდ შპს «ჩ.» დაეკისრა ექვსი თვის საიჯარო ქირის – 1092 (ათას ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თოჯინების სახელმწიფო თეატრის სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. ნ-ძისათვის საიჯარო ქირის გადახდის ფაქტის დადგენა შპს «ჩ.» გამყიდველების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს აზრით არიან დაინტერესებული მოწმეები. სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდა უნდა დადასტურდეს წერილობითი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს სათანადო მტკიცებულებანი, რომლებიც უარყოფენ საიჯარო ქირის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში გადაუხდელობას, რაც სსკ-ის 558-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
თეატრის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დებულება თეატრის მიერ მ. ნ-ძესთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის და თეატრსა და შპს «ჩ.» შორის 01.01.2000 წ. გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მართლზომიერების შესახებ ეწინააღმდეგება გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა თეატრსა და მ. ნ-ძეს შორის, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა თეატრსა და მ. ნ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება და დადებულად ჩაითვალა ხელშეკრულება თეატრსა და შპს «ჩ.» შორის. ანუ ის რაც დადგენილად ჩაითვლა 10.04.2000 წ. გადაწყვეტილებით ვერ იქნებოდა 01.01.2000 წ. დადგენილი. თეატრმა ჯერ გააუქმა ხელშეკრულება და შემდგომ სასამართლო წესით მოითხოვა მისი გაუქმება. სასამართლომ მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება ორმხრივ ნებაზეა დამყარებული. ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილის მხარის უფლება ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და გამოხატოს ნება ამის თაობაზე. სსკ-ის 51-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა. თეატრმა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოხატა 21.12.99 წ., მ. ნ-ძემ ის 22.12.99 წ. მიიღო, ხოლო 23.12.99 წ. გადაიხადა საიჯარო ქირა, ამდენად თეატრის მიერ სარჩელის შეტანისას სსკ-ის 558-ე მუხლის საფუძველი აღარ არსებობდა. ამასთანავე, თეატრსა და მ. ნ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 მუხლით გათვალისწინებულია საიჯარო ქირის კვარტალური გადახდა, რის გამო მ. ნ-ძეს ქირა უნდა გადაეხადა სამი თვის შემდეგ, დეკემბრის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სადავო ურთიერთობა, რომელიც უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს, თეატრმა თავისთავად გაუქმებულად ჩათვალა ხელშეკრულება, დადო ახალი ხელშეკრულება შპს «ჩ.» და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით უკვე არსებული მდგომარეობის აღიარებისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს 06.02.2000წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «ჩ.» პრეზიდენტის ლ. ა-იანის და მესამე პირის – გ. მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორის თ. ბ-შვილის მიერ. მ. ნ-ძის სარჩელთან დაკავშირებით შპს «ჩ.» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 30.06.98 წ. განახლებული საიჯარო ხელშეკრულებაში, რომელიც შედგენილია მ. ნ-ძის მიერ, არ არის მითითებული მეიჯარე – თეატრი და მისი თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ქვეიჯარის ხელშეკრულებას, რის გამო ხელშეკრულების ფორმა, შინაარსი და სხვ. დარღვეულია. 30.06.98 წ. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ქირის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მომხდარიყო, რის გამო მხარეებს არც საბუღალტრო და არც წერილობითი საბუთი საიჯარო ქირის მიღება- არ მიღების შესახებ არ გააჩნიათ. შპს «ჩ.» მიერ საიჯარო ქირის, 450 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება მოწმეების ნ. კ-შვილის და ფ. ა-იანის ჩვენებებით, ხოლო მ. ნ-ძის საწინააღმდეგოს დასადასტურებლად, თავისი ჩვენებების გარდა, არაფერი წარმოუდგენია, საიჯარო ქირის გადახდის დასადასტურებლად არ არის საჭირო წერილობივი მტკიცებულება, რის გამო უადგილოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითება. თუმცა, სარჩელის უარსაყოფად შესაძლებელია წერილობითი მტკიცებულების მოშველიებაც, კერძოდ, მ. ნ-ძის მიერ წარმოდგენილი საბანკო ქვითრები ადასტურებენ, რომ მან 1999 წლის დეკემბერში და 2001 წლის იანვარში თეატრს აეცრიხა საიჯარო თანხა, რაც დოკუმენტალურად ადასტურებს იმას, რომ შპს «ჩ.» მიღებული სადავო 6 თვის საიჯარო ქირით მ. ნ-ძემ ბანკის საშუალებით საიჯარო თანხა ჩაურიცხა თეტრს. კასატორის აზრით, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მ. ნ-ძის განცხადება იმის თაობაზე|, რომ თეატრს ჩაურიცხა თავისი ფული. სსსკ-ის 102-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ძეს თავად უნდა დაედასტურებინა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, რაც ფაქტიურად ვერ შეძლო, მას ზეპირი განცხადების გარდა არავითარი წერილობივი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
გ. მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1999 წლის 21 დეკემბრისათვის მ. ნ-ძეს არ გადაუხდია 3 თვეზე მეტი ხნით საიჯარო ქირა, რის გამო მას წერილობით ეცნობა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. მოპასუხემ დოკუმენტის მიღება წერილობით დაადსტურა 33.11.99 წ. უმართებულოა სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 51-ე მუხლებზე მითითება, 581-ე მუხლი უთითებს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე და არა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებისათვის ოლრივე მხარის თანხმობაზე, ხოლო სსკ-ის 51-ე მუხლში საუბარია მხოლოდ ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობაზე, გარდა ამისა, სსკ-ის 558-ე მუხლი უფლებას აძლევს გამქირავებელს ხელშეკრულება ვადამდე ადრე მოშალოს ქირის 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, აღნიშნული ნორმა არის იმპერატიული ხასიათის და არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. მ. ნ-ძეს თეატრისათვის არ აქვს გადახდილი საიჯარო ქირა 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, რაც ხელშეკრულების 6.1 პუნქტისა და სსკ-ის 558-ე მუხლის თანახმად საიჯარო ხელშეკრულების მოშლის საფუძველს წარმოადგენდა. სსკ-ის 558-ე და 561-ე მუხლების ნაცვლად სასამართლომ გამოიყენა კოდექსის 51-ე და 581-ე მუხლები, რის გამოც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ბვეპუნქტები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ გამოიყენა ამავე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს თავად უნდა დაემტკიცებინა თავის სასარჩელო მოთხოვნა, დარღვეულია აგრეთვე სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნები.
კასატიორი ყურადღებას ამხვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ნ-ძეს და თეატრს შორის დადებული ხელშეკრულება ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. მ. ნ-ძემ 08.09.97 წ. ქვეიჯარის ხელშეკრულება დადო შპს «ჩ.», პირობებში, როდესაც მაღაზიის ფართის მესაკუთრე არის სახელმწიფო თეატრი, ამ ფართობზე მწარმოებელი შპს «ჩ.», მ. ნ-ძის არაშრომითი შემოსავლის მიღებისათვის ხელის შეწყობით ზიანი ადგება სახელმწიფო თეატრს და შპს «ჭ.» მცირე ბიზნესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები ითხოვენ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს 06.10.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რითაც უარი უნდა ეთქვას მ. ნ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაში უსაფუძვლობის გამო და დაკმაყოფილდეს მესამე პირის – თოჯინების სახელმწიფო თეატრის სარჩელი, მოშლილად ჩაითვალოს 01.11.97წ საიჯარო ხელშეკრულება თეატრსა და ი/მ «მურად ნებიერიძეს» შორის, ხოლო თეატრსა და შპს «ჩ.» 01.02.2000წ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალოს დადებულად.
მოწინაღმდეგე მხარემ მ. ნ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრები არ ცნეს, ითხოვეს მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს 06.10.2000წ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნაგანმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკავებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამდენად გ. მიქელაძის სახელობის თბძილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს რა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. მის მიერ მ. ნ-ძესთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის შესახებ დავა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 05.01.01 წ. განჩინების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქმე განიხილა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 03.02.01 წ. ცვლილება-დამატების შეტანამდე, რომლის თანხმადაც ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოდ იქნა მიჩნეული, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოში სათანადო პროცედლურის დაცვითა და განსჯადი სასამართლოს კანონიერი შემადგენლობით იქნა განხილული.
საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორის – შპს «ჩარლის» იმ მოსაზრებებზე, რომლებიც ეხება 30.06.98 წ. დადებული განახლებული საიჯარო ხელშეკრულების თეატრის თანხმობის გარეშე დადებას, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.10.99 წ. გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და მას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს.
პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის – მ. ნ-ძის მოსაზრებას შპს «ჩ.» მიერ საიჯარო ქირის ექვსი თვის დავალიანების არსებობის შესახებ. კასატორმა წარმოადგინა მკაცრი აღრიცხვის ბარათი – საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა თანახმადაც გადახდა მიმდინარეობდა 1999 წლის მაისის ჩათვლით. სწორედ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე სააპელაციო პალატს დაადგინა საიჯარო ქირის გადახდის დავალების პერიოდი. ამდენად, უმართებულოა კასატორის – შპს «ჩ.» მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით დადგენილი ნაღდი ანგარიშსწორების წესი არ იძლევა საიჯარო ქირის წერილობითი ფორმით დადასტურების შესაძლებლობას, რომ დავალიანების პერიოდი სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდდამხოლოდ მ. ნ-ძის ზეპირი განცხადების საფუძველს ეყრდნობა, შესაბამისად, სწორად უთითბს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების შეფასებას, აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა რიგს განეკუთვნება, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. ამასთანავე, მ. ნ-ძის მიერ თეატრისათვის საიჯარო ქირის გადახდა თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ გადახდა განხორციელდა შპს «ჩ.» მიერ მ. ნ-ძისათვის საიჯარო თანხის გადახდის შედეგად, უკანასკნელის დასადასტურებლად არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად თვლის სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ 30.06.98წ ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობას და არასაცხოვრებელი ფართიდან მის გამოსახლებას. ექვსი თვის საიჯარო ქირის – 1092 ლარის ი/მ «მ. ნ-ის» სასარგებოდ გადახდის დაკისრებას.
გ. მ-ის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ი/მ «მ. ნ-ეს» შორის არასაცხოვრებელი ფართის იჯარის შესახებ ხელშეკრულება დაიდო 01.11.97 წ. ანუ სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულების თადამდე გაუქმებას ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ითვალისწინებდა «იჯარის შესახებ» 25.05.94 წ. კანონის მე-12 მუხლი. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე წამოჭრილ სადავო საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო. «იჯარის შესახებ» 25.05.94 წ. კანონის საფუძველზე მიღებული. 20.09.94 წ. ¹ 555-I-ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცმის დებულების» მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად აღდგენდა, რომ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით საიჯარო ხელშეკრულებას აუქმებს სასამართლო. ამასთანავე, ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი, 26.12.64 წ. მიღებული სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელი იყო სასამართლოში მოთხოვნის წარდგენით. თეატრსა და ი/მ «მ. ნ-ეს» შორის დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება წარმოადგენდა მ. ნ-ძის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთანავე, საქმის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთანავე, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტმა თანხმობა განაცხადა სადავო ურთიერთობების მიმართ ახალი სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად იძლეოდა სადავო ურთიერთობებზე ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმების განვრცობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტისაგან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ მ. ნ-ძის მიერ საიჯარო ქირის თანხის გადახდა ნათლად ადადსტურებდა იმას, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დავას. სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის და თეატრსა და ი/მ «მ. ნ-ეს» გორის 01.11.97 წ. დადებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მოთხოვნა სამი თვის განმავლობაში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესაძლებლობის შესახებ, დავის შემთხვევაში, სასამართლოსათვის წარმოადგენდა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნას და არა მისი ცალმხრივად გაუქმების საფუძველს.
გარდა ამისა, თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ი/მ «მ. ნ-ეს» შორის 01.11.97 წ. საიჯარო ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ითვალისწინებდა საიჯარო ქირის დარიცხვას 1997 წლის 1 ნოემბრიდან, გადასახადის კვარტიალური დაყოფით, რომლის დაფარვაც სავალდებულოა ყოველ მე-3 თვის 5 რიცხვამდე. სსკ-ის 553-ე მუხლის თანახმად, თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის იმ მონაკვეთის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ. ნ-ძემ გადაიხადა რა საიჯარო ქირა 5 სექტემბერს, მომდევნო გადასახადი 3 დეკემბრისათვის უნდა გადაეხადა ამ პერიოდიდან 3 თვის ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობა, 01.11.97 წ. ხელშეკრულების 6..1 პუნქტის თანახმად, იძლეოდა ხელშეკრულების მოშლის საფუძველს. «პალატა თვლის, რომ გადახდის ვალდებულების დადგომის პეროდიდან – 5 დეკემბრიდან თეატრის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ შეადგენს საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვან, არსებით დარღვევას, ვალდებულების შესრულების პრინციპიდან გამომდინარე, რმელსაც პრიორიტეტს ანიჭებს სამოქალაქო კოდექსი, იგი იძლეოდა არა ხელშეკრულების გაუქმების, არამედ გადახდის დამატებითი ვადის განსაზღვრის, გაფრთხილების (სსკ-ის 405-ე მუხლი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების საფუბველს (ხელშეკრულების მე-5 თავი).
თეატრსა და ი/მ «მ. ნ-ეს» შორის დადებული 01.11.97წ. ხელშეკრულების მოშლილად ჩათვლის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის განხილვის დროისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის და მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობების შეწყვეტის მიუხედავად (გ.მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს და ი/მ «მ. ნ-ეს» შორის 01.11.97წ. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2001 წ. 1 ივნისამდე განისაზღვრა, ინარჩუნებს თავის აქტუალობას და კვლავინდებურად წამოადგენს დავის საგანს, ვინაიდან აღნიშნულს უკავგირდება თეატრსა და შპს «ჩ.» შორის ხელშეკრულების დადების მართლზომიერად ცნობის მოთხოვნა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დავის არსებობისას არ დაიშვება ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლა, შესაბამისად, თეატრი არ იყო უფლებამოსილი დაედო შპს «ჩ.» ახალი საიჯარო ხელშეკრულება, რადგანაც არ გაუქმებულა და მოქმედებდა 01.11.97 წ. ხელშეკრულება იმავე ობიექტის იჯარით მ. ნ-ძისათვის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, თეატრის მიერ შპს «ჩ.» ახალი საიჯარო ხელშეკრულების დადებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები, სახელდობრ, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99 წ. ¹ 1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების მოთხოვნები, რომლის I-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით – უზეფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან ან დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება, ამავე დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემისათვის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ქონების მართვის სამინისტოს ან ტერიტორიულ ორგანოს, რომლებიც, თავის მხრივ აღნიშნული საკითხის საკონკურსო საფუძველზე განხილვის შემდგომ ღებულობენ გადაწყვეტილებას მისი ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დებულების მე-3.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარით უფლებით გაიცემა მხოლოდ კონკურსის ფორმით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გაცემის დროს, დებულების 7.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ფორმდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ჩარლის» და თოჯინების სახელმწიფო თეატრის საკასაციო საჩივრებში მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ჩ.» და გ. მ-ის სახელობის თბილისის თ. ს. თ. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 06.10.2000 წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.