გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-11-კს 7 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი და ბათილად გამოცხადდა ქ. ქუთაისის მე-10 საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ვ. გ-იას შორის 1994 წლის 9 აგვისტოს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. საქმეში მოპასუხედ მონაწილეობდა ქ. ქუთაისის მე-10 საბინაო საექსპლოატაციო უბნის სამართალმემკვიდრე ქ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტი. ამასთან, ვ. გ-იას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
2000 წლის 17 ნოემბერს ვ. გ-იამ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ვ. გ-ია იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ 1995 წლის 25 აგვისტოს ქ. ქუთაისის სასამართლომ ისე განიხილა მისი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხი, რომ პროცესზე მხარედ არ მოუწვევია, რითაც დაირღვა მისი უფლებები. ამასთან, ვ. გ-იამ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მხოლოდ 2000 წლის 14 ნოემბერს გახდა ცნობილი და ამდენად, სასამართლოსათვის მიმართვის ვადა არ დაურღვევია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განსახილველად საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატის აზრით, ვ. გ-იას 1995 წლის 25 აგვისტოს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად მას გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.
აღნიშნულ განჩინებაზე ვ. გ-იას მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 26 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრისა და 2001 წლის 26 იანვრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია ვ. გ-იას მიერ 2000 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის ფორმით იქნა შეტანილი, მაგრამ შინაარსობრივად იგი წარმოადგენდა განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, სადაც განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველძზე ითხოვდა სადავო გადაწყვეტილების ბათილობას. კერძოდ, ვ. გ-ია მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1995 წლის 25 აგვისტოს საქმის განხილვისას დაირღვა, მისი, როგორც დაინტერესებული მხარის უფლებები, რადგან იგი მიწვეული არ ყოფილა საქმის განხილვაში.
საკასაციო პალატის აზრით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ თავისი განჩინებით ვ. გ-ას მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 424-ე მუხლების შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და განუმარტოს, რომ ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებზე, თუ რამდენად დასაშვებია განცხადება, ამასთან, მიუთითოს, რომ საქალაქო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლი და მისცეს განმცხადებელს ვადა ხარვეზის შესავსებად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ-იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 8 დეკემბრისა და 2001 წლის 26 იანვრის განჩინებები და საქმე განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაუბრუნდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.