Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-12-გ-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა ზ. ძ-იას, ა. ბ-შვილის, ე. შ-შვილის, თ. ნ-იასა და გ. ლ-ძის კერძო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 7 თებერვალს მოსარჩელეებმა ზ. ძ-იამ, ა. ბ-შვილმა, ე. შ-შვილმა, თ. ნ-იამ, გ. ლ-ძემ სარჩელი აღძრეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომელ ო. გ-შვილის მიმართ მოსარჩელენი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის» მე-8-11, მე-13-14, «პოლიციის შესახებ» კანონის მე-2, მე-4, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლების დარღვევისათვის მოპასუხეებისაგან მოითხოვდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას 2001 წლის 6 და 22 იანვრის შეკრებებზე მიყენებული შეურაცხყოფისათვის, მორალური ზიანის სახით თითოეული მოსარჩელისათვის 500-500 ლარის ანაზღაურებას, ასევე, მოსარჩელენი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მოითხოვდნენ ყველა პოლიციელის მიმართ, დისციპლინური ზომების გამოყენებას, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობა მიიღო 2001 წლის 6 და 22 იანვრის რელიგიური შეხვედრების შეწყვეტაში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და მითითებული ხარვეზის შესავსებად მოსარჩელეებს მიეცათ 10 დღის ვადა, ხოლო 2001 წლის 9 მარტის განჩინებით მიცემულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო ზ. ძ-იას, ა. ბ-შვილისა და სხვათა სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, რაც არ გაიზიარა რაიონულმა სასამართლომ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, საქმე გადააგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იყო და 2001 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქმე განსახილველად განსჯადობით გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციულ-სამაროთლებრივი ურთიერთობიდან და არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ამიტომ განხილული უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული პროცედურით, არამედ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და 2001 წლის 18 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს პალატებს შორის კერძო საჩივრის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, სარჩელისა და კერძო საჩივრის გაცნობის, განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განსჯადობის საკითხი სწორად იქნა გადაწყვეტილი და ზ. ძ-იას, ა. ბ-შვილის, ე. შ-შვილის, თ. ნ-იასა და გ. ლ-ძის კერძო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით «დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან» ანუ სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის დაკისრებული საჯარო ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილი დავები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ფიზიკური პირები ზ. ძ-ია, ა. ბ-შვილი, ე. შ-შვილი, თ. ნ-ია და გ. ლ-ძე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომელ ო. გ-შვილის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის» მე-8-11; მე-13-14, «პოლიციის შესახებ» კანონის მე-2, მე-4, სისხლის სამართლის კოდექსის 128-129-ე მუხლების დარღვევისათვის მოითხოვენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, თითოეული მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 500-500 ლარის დაკისრებას და 2001 წლის 6 და 22 იანვრის რელიგიური შეხვედრების შეწყვეტის (დაშლის) მონაწილე ყველა პოლიციელის მიმართ, დისციპლინური ზომების გამოყენებას.

მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი – საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, «პოლიციის შესახებ» კანონი წარმოადგენს საჯარო სამართლის სფეროს, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

მოსარჩელენი არიან საქართველოს მოქალაქენი, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I ნაწილით უფლებამოსილნი არიან თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართონ სასამართლოს.

მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹ 672 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების I მუხლის თანახმად, არის სამთავრობო დაწესებულება. იგი უზრუნველყოფს სახელმწიფოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას.

სახელდობრ, დებულებისა და «პოლიციის შესახებ კანონის» მე-2 მუხლების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფოში ახორციელებს შემდეგ საჯარო უფლებამოსილებას: კანონით დადგენილი წესით პიროვნების, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვას, დანაშაულისა და სხვა სამართალდამრღვევთა თავიდან აცილებას და სხვა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო _ სამთავრობო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

საქმეში მეორე მოპასუხეა პოლიციის თანამშრომელი ო. გ-შვილი, რომელიც სამართლებრივი სტატუსით, «პოლიციის შესახებ» კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად: «თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი», ახორციელებს მასზე დელეგირებულ საჯარო უფლებამოსილებას და ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად ისიც ადმინისტრაციული ორგანოა.

ვინაიდან მოსარჩელე ფიზიკური პირები საჯარო კანონმდებლობის (საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი) საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისაგან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციის თანამშრომელი ო. გ-შვილი) მათი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მოითხოვენ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 500-500 ლარის დაკისრებას, საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და პოლიციელთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას (ქმედების განხორციელება), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავა წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილითა და II ნაწილის «გ» პუნქტით და იგი უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, 264-ე და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ძ-იას, ა. ბ-შვილის, ე. შ-შვილის, თ. ნ-იასა და გ. ლ-ძის კერძო საჩივარი განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დადგენილი წესით დაეგზავნოს მხარეებს.