გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-12-კ/საჩ. 18 ოქტომბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა საპარლამენტო ფრაქცია «......-ის” წარმომადგენლის ლ. მ-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 11.08.2000 წ. განჩინებაზე, რომლითაც საპარლამენტო ფრაქცია «......-ს” უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
07.08.2000 წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია «.....-ის” თავმჯდომარე გ. თ-ემ, მოპასუხეების _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის 13.07.2000 წ. ერთ-ერთი სხდომის თავმჯდომარის გ. წ-ის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვს: ა) «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, აგრეთვე «საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტების განხილვასა და კენჭისყრაზე უარის თქმის უკანონოდ ცნობას; ბ) «საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 13.07.2000 წ. კანონების ძა-ლადაკარგულად გამოცხადებას. სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს დადგენი-ლი პროცედურის დარღვევა. მოსარჩელის აზრით, კანონპროექტების განხილვა არ დასრულებულა კენჭისყრით, რის გამო დაირღვა ფრაქცია «......-ის” კონსტიტუციური უფლება რიგგარეშე სესიაზე განხილულიყო მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები. საპარლამენტო უმცირესობის უფლებათა უზრუნველყოფის კონსტიტუციური გარანტიები, მოსარჩელის აზრით, ავალდებულებდა პარლამენტს განეხილა წარდგენილი კანონპროექტები. მოსარჩელე უთითებს აგრეთვე იმაზე, რომ ორი სადავო კანონის მიღებისას უხეშად იყო დარღვეული ნორმატიული აქტის მიღების წესები, რაც «ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის თანახმად, იწვევს ნორმატიული აქტის ბათილობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 11.08.2000 წ. განჩინებით საქართველოს პარლამენ-ტის ფრაქცია «......-ს” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-41-ე მუხლების, «საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” კანონის საფუძველზე მიუთითა, რომ საპარლამენტო ფრაქცია, როგორც საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფრაქციის სასამართლოში მხარედ გამოსვლის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლოს აზრით, სარჩელი შეიტანა საქმის წარმოებაზე არაუფლებამოსილმა პირმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ” ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე სასამართლომ დამატებით მიუთითა აგრეთვე იმაზე, რომ დავა არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას.
საოლქო სასამართლოს 11.08.2000 წ. განჩინებაზე საპარლამენტო ფრაქცია «.......-ის” წარმომადგენლის მიერ 19.08.2000 წ. შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლის ავტორი უთითებს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია ფრაქციის განსაკუთრებული უფლებები, რაც სსკ 79.1-ე მუხლის თანახმად, არ გამორიცხავს მის სასამართლოში მხარედ გამოსვლის უფლებას. კერძო საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ საპარლამენტო ფრაქცია, როგორც პარლამენტართა კონსტიტუციური გაერთიანება, წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან ერთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა ფრაქციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაირღვა წარდგენილი კანონპროექტის მიღების კანონით დადგენილი წესი. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დავა არ წარ-მოადგენს სასამართლოს განსჯად საქმეს და უთითებს, რომ ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანმახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს «ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე”. სარჩელი ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული როგორც საერთო სასამართლოს განსჯადი, რადგან სამოქალაქო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, «სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაში, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს ან იგი ბუნდოვანია”.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 25.08.2000 წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე თვლის შემდეგს:
საქართველოს პარლამენტის 13.07.2000 წ. რიგგარეშე სესიაზე მიღებული კანონების, კერძოდ, «საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დავის განხილვა სცილდება საერთო სასამართლოების უფლებამოსილების ფარგლებს და «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
მოსარჩელის მოთხოვნა პარლამენტისათვის კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრაზე დაყენების ვალდებულების დაკისრების შესახებ ასევე არ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საგანს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციუ-ლი კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტზე: რის გამო უმართებულოა კერ-ძო საჩივარში ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე მითითება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ მოიცავს საქართველოს კონსტიტუცი»ითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მოწესრიგებულ პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციას უფლება აქვს გამოვიდეს მხარედ სასამართლოში, როდესაც ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული კანონში. საპარლამენტო ფრაქცია ასეთი უფლებამოსილებით არ სარგებლობს. თავისი უფლებების დასაცავად მას შეუძლა მიმართოს საქართველოს პარლამენტის საპროცესო კომიტეტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 210.3 მუხლის თანახმად, უფლებამოსილია პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენოს საკითხი სათანადო რეაგირების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ საპარლამენტო ფრაქცია «.....-ის” თავმჯდომარის მიერ 07.08.2000 წ. გაცემული რწმუნება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლს, რომლის თანახამადაც სანოტარო დამოწმებას საჭიროებს მინდობილობა და არა მინდობილობის ხელმომწერი პირის ხელმოწერის ნამდვილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია «......-ის” წარმომადგენლის ლ. მ-ას კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 11.08.2000წ. განჩინებაზე ეთქვას უარი დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.