გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-13-გ-01 17 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქათველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს «მ.» სარჩელის განსჯადობის საკითხი საქმეზე _ შპს «მ.» სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, მესამე პირების: სს «ს.», სს «ლ.» მიმართ, ღია ტენდერის შედეგების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 3 მაისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «მ.» მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტმენტის, მესამე პირების: სს «ს.» და სს «ლ.» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001 წლის მარტში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და «სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ» საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 4 აგვისტოს ¹54 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, გამოცხადდა ღია ტენდერი თურქულის, ცოფისა და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად. მოსარჩელის განმარტებით, ტენდერი ჩატარდა გარკვეული ვაქცინების შესყიდვაზე. სატენდერო კომისიამ შპს «მ.» გამარჯვებულად ცნო და მისცა თურქულისა და ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკუმების, გარეული ცხოველების ცოფის ვაქცინის, იმუნოფერმენტული ანალიზის აპარატურისა და უნივერსალური დეზინფექტანტის შეძენის უფლება.
აღნიშნულ ღია ტენდერში მონაწილეობდნენ მესამე პირებიც: სს «ს.» და სს «ლ.».
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სატენდერო კომისიამ კანონის უხეში დარღვევითა და მის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების უგულებელყოფით ღია ტენდერში გამარჯვებულად ცნო სს «ს.» სამი ვაქცინის ნაწილში, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
შპს «მ.» სარჩელში ითხოვა: 1) საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღია ტენდერის შედეგების ბათილად ცნობა: ა) პირველი რიგის საგაზაფხულო იმუნიზაციის ჩასატარებლად თურქულის საწინააღმდეგო ბივალენტური («ა, ო» ტიპი) ვაქცინის 700000 დოზის შეძენაზე; ბ) თურქულის საწინაღმდეგო სამვალენტიანი («ა, ო», «აზია-1» ტიპი) ვაქცინის 900000 დოზის შეძენისა და გ) ხორცისმჭამელების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის 400000 დოზის შესყიდვაზე სს «ს.» გამარჯვებულად ცნობის ნაწილში; 2) ღია სატენდერო კომისიას დავალებოდა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და ღია ტენდერში თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის ნაწილში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო სს «ლ.», ხოლო ხორცისმჭამელების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის 400000 დოზის შესყიდვაზე კი _ შპს «მ.».
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შპს «მ.» ითხოვა მოპასუხეს არ გაეფორმებინა ხელშეკრულება სს «ს.» სარჩელში დასახლებულ სამ ვაქცინაზე და არ გადაეხადა მისთვის შესაბამისი თანხები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 4 მაისის განჩინებით საქმის მასალები განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე შპს «მ.» ითხოვდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის _ მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას. გარდა ამისა, უკვე ჩატარებული ღია ტენდერის თანახმად, სახელმწიფოს სს «ს.» უნდა დაედო ადმინისტრაციული გარიგება, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 017 000 (ერთი მილიონ ჩვიდმეტი ათასი) ლარს. შპს «მ.» სარჩელში ითხოვდა სს «ლ.» და შპს «მ.» გამარჯვებულად ცნობას სარჩელში მითითებული ვაქცინების შესყიდვის ნაწილში, რაც გულისხმობს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, აგრეთვე, მესამე პირს _ სს «ლ.» და მოპასუხეს შორის ისეთი ადმინისტრაციული გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულებაც აღემატება 500000 ლარს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» და «დ» პუნქტების თანახმად კი, ზემოთ აღნიშნული სარჩელი პირველი ინსტანციის წესით უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
კოლეგიამ 2001 წლის 30 მაისის განჩინებით ჩათვალა, რომ აღნიშნული საქმე არ არის მისი განსჯადი და იგი უნდა განიხილოს რაიონულმა სასამართლომ პირველი ინსტანციის წესით.
განჩინება დაემყარა შემდეგ გარემოებებს:
კოლეგიამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განჩინების მოტივაცია და ჩათვალა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერნიარიის დეპარტამენტი წარმოადგენს არა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორც ეს მიუთითა რაიონულმა სასამართლომ თავის განჩინებაში, არამედ, სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულებას, თავად სარჩელი კი არ ითხოვს ადმინისტრაციული გარიგების დადებას, შესრულებას ან შეწყვეტას.
კოლეგიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი შეიცავს თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი პირველი ინსტანციით განსახილველი ადმინისტრაციული საქმეების ამომწურავ ნუსხას, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს სამთავრობო საქვეუწყებო (სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი) დაწესებულების მიერ მიღებული აქტის ბათილად ცნობის საკითხის განხილვას და მისი განხილვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს რაიონულ სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე, მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებულ სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულებას საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს კანონი «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ».
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინების მოტივაციას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი წარმოადგენს სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულებას, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹ 670 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების» XI თავის თანახმად, ვეტერინარიის დეპარტამენტი შედის აღნიშნული სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხაში.
«აღმასრულებელი ხელისუფლების სტურქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად კი, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ არა სამთავრობო დაწესებულების, კონკრეტულ შემთხვევაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, არამედ საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელის, აგრეთვე, მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას.
პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივაციას, რომ მოსარჩელე შპს «მ.» სარჩელში არ ითხოვს ადმინისტრაციული გარიგების დადებას, შესრულებას ან შეწყვეტას, რადგანაც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე შპს «მ.» სასარჩელო მოთხოვნაა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღია ტენდერის შედეგების ბათილად ცნობა და სატენდერო კომისიისაგან აღნიშნულ ღია ტენდერში გამარჯვებულად სს «ლ.» ცნობა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის ნაწილში, ხოლო შპს «მესკალინის» გამარჯვებულად ცნობა ხორცისმჭამელების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის ნაწილში, რის შემდეგაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტთან.
ამდენად, პალატა თვლის, რომ სარჩელი შეეხება მხარეებს შორის ადმინისტრაციული გარიგების დადებას, რომლის ღირებულებაც, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 მაისის განჩინების თანახმად, აღემატება 500000 ლარს და შეადგენს 1017000 ლარს.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივაციას, რომ აღნიშნული საქმე უნდა განიხილოს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში აღნიშნული საქმის მასალების შემოსვლის შემდეგ, შპს «მ.» პალატას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ მას და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სატენდერო კომისიას შორის დავა დარეგულირდა, პრეტენზია აღარ გააჩნია, უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს საქმის შეწყვეტას.
პალატა თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა იმსჯელოს განსჯადმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატიდან საქმის მასალების გადაგზავნის შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «მ.» სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.