გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-13-კს-01 25 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1997 წლის 12 ივნისის ¹ 49 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მესამე პირის – ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ბ.» თხოვნა და ... გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მიეცათ ნებართვა ინდივიდუალური ამხანაგური საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, ამასთანავე ამხანაგობას დაევალა მომიჯნავედ არსებული მწვავე ავარიული საცხოვრებელი სახლის პირველ რიგში გამაგრება იქ მცხოვრებ ოჯახებთან შეთანხმებით, 2000 წლის 21 აგვისტოს ... მობინადრე თ. პ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობისა და ამხანაგობა «ბ.» წინააღმდეგ და მოითხოვა ¹ 49 გადაწყვეტილების უმოკლეს ვადებში შესრულების უზრუნველყოფის დაკისრება გამგეობისათვის ანუ მისთვის სახლის გამაგრების დავალდებულება. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-ძემ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღებამდე ამხანაგობა «ბ.» მიერ აშენებული სახლის დაყადაღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 თებერვლის განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა აპელანტ თ. პ-ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სახლის დაყადაღების შესახებ, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად არ მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომლის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა თ. პ-ძემ, რაც სააპელაციო პალატამ 2001 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის II და 414-ე მუხლის I ნაწილზე დაყრდნობით და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თ. პ-ძის კერძო საჩივრის გაცნობისა და სააპელაციო პალატის განჩინებების დასაბუთება – კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 და 22 თებერვლის განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე კოდექსის XXIII თავი «სარჩელის უზრუნველყოფა» არ შეიცავს ნორმას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას კერძო საჩივრით, ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არასწორია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი, ასევე, არ შეიცავს ნორმას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შესაძლებლობას, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ასეთი განჩინების გამოტანის უფლება არ აქვს. შესაბამისად არ არის ნორმა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ასეთი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას.
სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა და ასეთი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა რეალურად იმგვარ შედეგს იწვევს, რომ შემდგომში დავის გაგრძელება აზრს კარგავს ან საგრძნობლად რთულდება სამართალწარმოება, ამასთან ძნელდება ან შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება, ამიტომ საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დაუშვებლობა და სააპელაციო პალატის ყურადღებას გაამახვილებს კოდექსის 197-ე მუხლზე, რომლის თანახმად «სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას». სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება ფაქტობრივად ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმას და თუ კანონი უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებაზე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას, საკასაციო პალატის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის ანალოგიით, ასევე, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის ანალოგიით, აგრეთვე 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. პ-ძის კერძო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 და 22 თებერვლის განჩინებები და კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.