Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-14-01 6 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა გ. ე-ძის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. თბილისის მერიის სპორტის სამმართველოს სპორტული კომპლექსის ყოფილმა დირექტორმა გ. ე-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.04.97 წ. ¹ 1-3/255, 07.05.99 წ. ¹ 1-3/217, 04.05.2000 წ. ¹ 1-31304 ბრძანებებისა და ქ.თბილისის საკრებულოს 25.05.2000 წ. ¹ 7-7 გადაწყვეტილების გაუქმება.

გ. ე-ძემ სასარჩელო განცხადებით ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს გამოეთხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის საკრებულოდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, რომელთა ბათილობაზე სარჩელი იყო აღძრული. მოსარჩელემ ამასთან მოითხოვა საქართველოს უშიშროების საბჭოდან და საქართველოს პარლამენტის კომიტეტიდან სანიჩბოსნო ბაზასთან დაკავშირებული იმ მასალების გამოთხოვა, რომლებიც მათ გადაეცათ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის საკრებულოსაგან.

გ. ე-ძის სასარჩელო განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 13 დეკემბერს მიიღო წარმოებაში, 2001 წლის 29 იანვარს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მოსარჩელე არ გამოცხადდა და არც გამოუხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას შუამდგომლობაზე არ უმსჯელია მოსამზადებელი სხდომის დროს, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა დაკონკრეტებული თუ რომელი მტკიცებულება უნდა გამოეთხოვა სასამართლოს და რა ფაქტი უნდა დაემტკიცებინათ ამ მტკიცებულებებს.

მოსამზადებელი სხდომის დამთავრების შემდეგ გ. ე-ძემ სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით 29.01.01 წ. შუამდგომლობის განხილვის შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. ე-ძის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმეში მესამე პირად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის ჩაბმის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.თბილისის საკრებულოდან გამოთხოვილი იქნა 2000 წლის 29-31 მარტის და 2000 წლის 23-25 მაისის სხდომის ოქმების ამონაწერები. რაც შეეხება მესამე პირად საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩაბმის შესახებ შუამდგომლობას იგი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებია, ხოლო იუსტიციის სამინისტრო «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ ნორმატიულ აქტებს. ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული გ. ე-ძის შუამდგომლობა სხვა მტკიცებულების გამოთხოვის ნაწილში, ვინაიდან კოლეგიის განმარტებით, მოსარჩელემ არ დააკონკრეტა თუ რა სახის მტკიცებულების გამოთხოვა სურდა მას.

სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე გ. ე-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა და საქმეში მესამე პირებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის ჩართვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადაახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 მარტის განჩინებით გ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ე-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

პალატა თვლის, რომ გ. ე-ძის კერძო საჩივარი მესამე პირად საქმეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩაბმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სადავო აქტები თავისი ბუნებით წარმოადგენენ არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად არ არსებობს მესამე პირის ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება მის ინტერესებს (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილი), სამინისტრო არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეორე ნაწილი). საფუძვლიანია აგრეთვე, საქმეში ქ. თბილისის მერიის მესამე პირად ჩაბმის შესახებ შუამდგომლობაზე უარი, ვინაიდან 29.01.01 წ. განჩინებით საქმეში უკვე ჩაბმულია თბილისის მერიის სტრუქტურული ელემენტი. ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის თანახმად არ დაიშვება მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება, გარდა იმ პირისა, რომელიც ჩაბმული იქნა საქმეში. რაც შეეხება, მესამე პირად საქმეში ჩაბმის უარს, სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე სსსკ-ის 90-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა დაიშვება აგრეთვე მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის 08.02.2001წ. განჩინებაში არასწორად არის მითითებული სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი, რომლითაც განჩინება არ გასაჩივრდება, ვინაიდან საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ამასთან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე, 419-ე მუხლებისა მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 417-ე, 419-ე მუხლები. მიუხედავად ზემოაღნიშნული უსწორობებისა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განჩინება არსებითად ემყარება კანონის მოთხოვნებს, განჩინების მე-3 პუნქტის უსწორო მითითებით არ დარღვეულა გ. ე-ძის გასაჩივრების უფლება, ვინაიდან კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად კოლეგიის მიერ გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატაგორიის საქმეთა პალატას და არსებითად იქნა განხილული.

საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს უშიშროების საბჭოდან და საქართველოს პარლამენტის კომიტეტიდან თბილისის სანიჩბოსნო ბაზასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვა, ვინაიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს და საქართველოს პარლამენტის მიერ თბილისის სანიჩბოსნო ბაზასთან დაკავშირებით მიღებული აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის. ამასთან, მოსარჩელე არ აკონკრეტებს თუ რა მასალების გამოთხოვას მოითხოვს იგი და რა გარემოებების დასამტკიცებლად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 16-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ე-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.02.2001 წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი. გ. ე-ძის კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.