გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-14-გ-01 3 აგვისტო 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის მ. ფ-ძის, ნ. ვ-შვილისა და სხვათა სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა მ. ფ-ძემ, ნ. ვ-შვილმა, შ. კ-შვილმა, კ. მ-შვილმა, ა. ტ-უშმა, დ. ო-ძემ და ა. ფ-ძემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 21 მაისს სარჩელი აღძრეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელენი სარჩელით მოითხოვდნენ:
1. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10, 97-ე, 112-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების დარღვევით, მათი თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და თანამდებობაზე აღდგენას;
2. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, მათი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასისა და პრემიის ანაზღაურებას;
3. საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას;
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნებით მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა;
5. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის საფუძველზე, მოსარჩელენი, ასევე, მოითხოვდნენ «საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ» საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹ 103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების რიგი პუნქტების ბათილობის შესახებ არის ამ დავის გადაწყვეტისათვის უმთავრესი და არსებითი საკითხი, რომლიდანაც გამომდინარეობს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნა, ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, ეს ადმინისტრაციული დავა არის პირველი ინსტანციით თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი საქმე და 2001 წლის 23 მაისის განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2001 წლის 5 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ არ დაეთანხმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სახელდობრ:
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განჩინება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 15 ივნისის ¹103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის საოლქო სასამართლოს განსჯადობის შესახებ, ხოლო მოსარჩელეთა სხვა მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, კუთვნილი ხელფასისა და პრემიის ანაზღაურება, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, დაკავშირერებული მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენასთან, კოლეგიის აზრით, სამართლებრივად წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, რაც რეგულირდება შრომის სამართლით, რომელიც კერძო სამართლის შემადგენელი ნაწილია და არ განეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის «ა» პუნქტისა და მე-13 მუხლის თანახმად, იგი განხილული უნდა იქნეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურით. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად წარმოებაში მიიღო მოსარჩელეთა სარჩელი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 15 მაისის ¹ 103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის, მათი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფის, კუთვნილი ხელფასისა და პრემიის ანაზღაურების, კონკურსისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში გამოყო ცალკე წარმოებად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დავა განსჯადობის შესახებ სწორად იქნა გადაწყვეტილი, კერძოდ:
მოსარჩელენი ითხოვენ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის «საგადასადაო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ» ¹ 103 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. ამდენად, დავის საგანია საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ¹ 103 ბრძანება. საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯად ადმინისტრაციულ დავას და განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სასამართლო კოლეგიის განჩინებას მოსარჩელეთა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის თაობაზე, ვინაიდან, მართალია, ამ ნაწილშიც მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, ამ სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, მაგრამ დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ არის ადმინისტრაციული, არამედ წარმოშობილია შრომითი ურთიერთობიდან. სახელდობრ: მოსარჩელენი ითხოვენ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილობასა და სამუშაოზე აღდგენას, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასისა და პრემიის ანაზღაურებას, 2000 წლის 8 ნოემბრის კონკურსისა და მისი შედეგების ბათილად ცნობასა და მათი (მოსარჩელეთა) პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფას, რაც რეგულირდება კერძო სამართლის დამოუკიდებელი დარგებით – შრომისა და სამოქალაქო სამართლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას, რომ მოსარჩელეთა დანარჩენი მოთხოვნა წარმოშობილია რა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან, დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული პროცედურით და კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია არაგანსჯადი სასამართლოა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, კოლეგიამ მართებულად გადაწყვიტა განსჯადობის შესახებ დავა, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის ნაწილი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, ხოლო საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სადავო ¹ 103 ბრძანება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადი. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას განსჯადობის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნათა ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის უმთავრესი და განმსაზღვრელია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ¹ 103 ბრძანების ბათილობის საკითხი და მისგან გამომდინარე გადაწყდება შრომითი დავა. ამიტომ პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თავდაპირველად განხილულ იქნეს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ¹ 103 ბრძანების ბათილობის შესახებ ადმინისტრაციული დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-6; 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11; მე-13; 284-285-ე; 264-ე და 408-ე მუხლების მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ძის, ნ. ვ-შვილის, მ. კ-შვილის, კ. მ-შვილის, ა. ტ-უშის, დ. ო-ძის, კ. ფ-ძის სარჩელი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის ¹ 103 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. მოსარჩელეთა სარჩელი შრომითი სამართლებრივი დავის ნაწილში განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.