გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-14-კ-01 30 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1992 წლის 3 აგვისტოს მხარეებს - ზ. ჩ-შვილსა და ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახურს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹ 42 საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახურის მიერ მოქალაქეთა პირადი საკუთრების (ბინების) ცენტრალიზებულ დაცვაზე. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, დასაცავი ქონების ღირებულება ბინის მფლობელმა – ზ. ჩ-შვილმა შეაფასა 30 000 მანეთად, ხოლო ხელშეკრულების 4.1. და 4.3. მუხლების მიხედვით, საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახური მატერიალურ პასუხისმგებლობას კისრულობდა დაცვის ქვეშ ჩაბარებული ქონებისა და ფასეულობების ქურდობით მიყენებული ზარალისათვის ბინის მესაკუთრის – ზ. ჩ-შვილის მიერ განსაზღვრული თანხის – 30 000 მანეთის ფარგლებში. 1992 წლის ნოემბერში ზ. ჩ-შვილის ბინა გაიქურდა და იმავე წლის 9 ნოემბერს ამ ფაქტზე თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის III ნაწ. გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ. ჩ-შვილის ბინის გაქურდვა განაპირობა ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის მუშაკთა დაუდევრობამ და უპასუხისმგებლობამ, მაგრამ მიუხედავად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა, დამნაშავე პირი ვერ დადგინდა, რის გამოც შეჩერდა სისხლის სამართლის ¹ 0792846 საქმეზე წინასწარი გამოძიება, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე, ხოლო თბილისის ვაკის რაიონის პროკურორმა, საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი აღძრა ვაკის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების მიმართ ზ. ჩ-შვილისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, რაც, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა. ზ. ჩ-შვილი ვაჟის – თ. ვ-შვილის ავადმყოფობის გამო გასული იყო საქართველოდან და თბილისში დაბრუნების შემდეგ, 2000 წლის 8 თებერვალს, სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ვაკის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ვინაიდან საქმეზე წინასწარი გამოძიებით დადგენილი იყო, რომ პოლიციის მუშაკთა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით ზ. ჩ-შვილს მიადგა მატერიალური ზარალი 2961000 მანეთის ოდენობით, მოსარჩელე მოითხოვდა ზარალის ანაზღაურებას საქმის განხილვის დროისათვის არსებული კურსით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო, რაც გაიზიარა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ და 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ზ. ჩ-შვილს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიო მიზეზით გაშვებულად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და ვაკის რაიონის დაცვის პოლიციას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 2627 ლარის ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:
1. ზ. ჩ-შვილის მიერ არ არის გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქციით) 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები;
2. საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე, 212-ე მუხლების, მოქალაქეთა პირადი საკუთრების დაცვაზე 1992 წლის ¹ 42 ხელშეკრულების 4.1; 4.3; 8.2 პუნქტებისა და საქართველოს სტატისტიკური სახელმწიფო დეპარტამენტის 30.10.2000 წ. ¹ 9-16 ცნობის საფუძველზე, საკუთრების დაცვის პოლიციელთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პოლიციას ზ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2627 ლარის ოდენობით, ვინაიდან სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის თანახმად, ¹ 42 ხელშეკრულებაში მითითებული დასაცავი ქონების ღირებულება 30000 მანეთი 2000 წლის ოქტომბრისათვის შეადგენდა 2627 ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველო, სამოქალაქო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის მოტივით და ითხოვს საქმის საოლქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობას ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
მოწინააღმდეგე მხარის – ზ. ჩ-შვილის პოზიცია საკასაციო საჩივართან დაკავშრებით გაურკვეველია, ვინაიდან მისი ფაქტობრივი ადგილ-სამყოფელი საკასაციო პალატისათვის უცნობია. ქ. თბილისის საბინაო სამმართველოსთან არსებულ საბინაო-საამშენებლო კოოპერატივ «ვაკე-104»-ის თავმჯდომარის 2001 წლის 10 აპრილის ცნობის თანახმად, მითითებულ მისამართზე ზ. ჩ-შვილის ბინა დაკეტილია და მისი ფაქტობრივი ადგილ-სამყოფელი მათთვისაც უცნობია. საკასაციო პალატისათვის, ასევე უცნობი იყო ინფორმაცია ზ. ჩ-შვილის სამსახურის შესახებ. ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატამ საკასაციო საჩივარი განიხილა მხარეთა გამოძახებისა და საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შემდეგ თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოსარჩელე ზ. ჩ-შვილი ვაკის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახურისაგან ითხოვდა ბინის ქურდობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხე (კასატორი) დღეისათვის არის საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული და საქართველოში საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა. ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან – თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველოსთან დავა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, არის სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
2. მოსარჩელე ზ. ჩ-შვილმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან -შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველოდან ზიანის ანაზღაურება მოითხოვა მოქალაქეთა პირადი საკუთრების (ბინების) ცენტრალიზებულ დაცვაზე 1992 წელს გაფორმებული ¹ 42 ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების 24-ე პუნქტის მიხედვით: «დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია ურთიერთხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს, დაწესებულების, ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა სახის მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან». მოდავე მხარეებს - ზ. ჩ-შვილსა და ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველოს შორის ურთიერთობაც გამომდინარეობდა ამ ხელშეკრულებიდან, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციული გარიგებაა, რადგან ერთ-ერთი კონტრაჰენტია ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადო გარიგება. ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებული დავებიც სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტისა.
ამდენად, ზ. ჩ-შვილსა და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველოს შორის დავა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დავის არსიდან და მხარეებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და ადმინისტრაციული პროცედურით უნდა განხილულიყო, მაგრამ განიხილა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არაგანსჯადი სასამართლოა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსჯადობის დარღვევით დავის განხილვა, «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამიტომ, საკასაციო სასამართლო აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, აუქმებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას და საქმეს ხელმეორედ არსებითად განსახილველად გადასცემს განსჯად სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-II მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 390-ე, 399-ე, 394-ე მუხლის «ა» პუნქტით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს დაცვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.