Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-15-კ-ს-01 19 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დმინისტრაციულ და სხვა კატეგორიისსაქმეთა საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივრის დასაშვებობა-დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული მოსამართლის 1999 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კ. ს-ის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ბრალდებულ ი. ქ-ძის კუთვნილ ავტომანქანას «ტოიოტა ლენდკრუიზერს” იმ მოტივით, რომ ი. ქ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ¹ 2199088 მ. დ-ძის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და დაყადაღებული ავტომანქანა შესაძლოა გამხდარიყო მ. დ-ძისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალება მოსამართლის ბრძანების საუძველზე დაყადაღებული ავტომანქანა ამოღებულ იქნა 1999 წლის 13 სექტემბერს ბრალდებულის კუთვნილი ავტოფარეხიდან.

2000 წლის 2 მაისს ე. კ-ძემ სარჩელი აღძრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე – საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მესამე პირის – პატიმარ ი. ქ-ძის მიმართ და დაყადაღებული ავტომანქანა «ტიოიტა ლენდკრუიზერიდან» ყადაღის მოხსნა მოითხოვა იმ მოტივით, რომ 1999 წლის 16 აგვისტოს მან და მისმა ქალიშვილმა ე. კ-ძემ ი. ქ-ძისაგან 4000 აშშ დოლარად იყიდეს აღნიშნული ავტომანქანა, რაზედაც ხელწერილიც შეადგინეს, მაგრამ რადგან ავტომანქანის ნასყიდობის გასაფორმებლად და განსაბაჟებლად თანხა არ გააჩნდათ, იმავე თარიღით გააფორმეს მინდობილობა ავტომაქანა «ტოიოტა ლენდკრუიზერის» ე. კ-ძეზე მინდობილობით გადაცემის შესახებ, მანქანის გასხვისების უფლებით, ხოლო ვინაიდან ე. კ-ძეს (მყიდველს) ავტოფარეხი არ ჰქონდა, ავტომანქანა დროებით უნდა ყოფილიყო ი. ქ-ის (გამსხვისებლის) ავტოფარეხში ე. კ-ძე მიუთითებდა, რომ ი. ქ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ავტომანქანის დაყადაღების შესახებ მოგვიანებით გაიგო, მანქანა მისი საკუთრებაა, სხვისი ჩადენილი დანაშაულისათვის მის ქონებას დაედო ყადაღა, რაც უკანონოა და ითხოვდა კუთვნილ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნას. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ავტომანქანა «ტოიოტა-ლენდკრუიზერს» მოეხსნა 1999 წლის 4 სექტემბერს მოსამართლის ბრძანებით დადებული ყადაღა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის, თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის უფროსი თანაშემწის დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი უმოძრაოდ იქნა დატოვებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ხარვეზისათვის და აპელანტს ვადა მიეცა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოსადგენად. 2000 წლის 29 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო და სარევიზიო წესით განსახილველ საქმეებზე მონაწილეობისა და ანალიტიკური მუშაობის განყოფილების უფროსმა, იუსტიციის უფროსმა მრჩეველმა ი. წ-მა წერილით აცნობა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე დ. ფ-ის უფლებამოსილების შესახებ. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად, იუსტიციის უფროსი მრჩევლის ი. წ-ის წერილი არ მიიჩნია სათანადოდ გაცემულ მინდობილობად, რადგან ამგვარი მინდობილობის გაცემაზე თავად ი. წ-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტის წარმომადგენელმა დ. ფ-ემ, მოითხოვა საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 მარტის განჩინებით დ. ფ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული 12 დღიანი ვადის დარღვევით შეტანის გამო და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად ამავე კოდექსის 417-ე მუხლისა.

მოწინააღმდეგე მხარე ე. კ-ძე ეთანხმება საოლქო სასამართლოს 2001 წლის 8 მარტის განჩინებას დ. ფ-ის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას, ხოლო მესამე პირმა – პატიმარმა ი. ქ-ძემ უარი განაცხადა დ. ფ-ის კერძო საჩივრის ჩაბარებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, დ. ფ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 დეკემბრისა და 2001 წლის 8 მარტის განჩინებების კანონიერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2000 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის, თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის უფროსი თანაშემწის დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი 14 დეკემბრის განჩინებით მითითებული ხარვეზის შეუვსებლობის, კერძოდ საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოუდგენლობის გამო. განჩინება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დ. ფ-ეს სააპელაციო პალატამ თავად გადაუგზავნა დაგვიანებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე და 286-ე მუხლების თანახმად, მხარეთა დაუსწრებლად 2000 წლის 29 დეკემბერს გამოტანილი განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად არაუგვიანეს 5 დღისა, დ. ფ-ეს გადაუგზავნა მეათე დღეს – 2001 წლის 8 იანვარს. აღნიშნული განჩინება საქართველოს გენერალური პროკურატურიდან საოლქო სასამართლოში დაბრუნდა 2001 წლის 16 იანვარს იმის გამო, რომ ასეთი პიროვნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ მუშაობდა და იგივე განჩინება სააპელაციო პალატამ დ. ფ-ეს სამუშაო ადგილის მიხედვით კრწანისის რაიონის პროკურატურაში გადაუგზავნა მე-17 დღეს – 2001 წლის 2 თებერვალს, იმავდროულად განჩინების ასლი, ასევე, გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ორივე შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მხარეს და მის წარმომადგენელს გადაეგზავნა დაგვიანებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ხუთდღიანი ვადის გადაცილებით, რითაც სააპელაციო პალატამ თავადვე დაარღვია საპროცესო ნორმები.

2001 წლის 2 თებერვალს გაგზავნილი განჩინებები თბილისის გენერალური პროკურატურის კანცელარიამ ჩაიბარა 2001 წლის 16 თებერვალს, ხოლო კრწანისის რაიონის პროკურატურამ 15 თებერვალს, რასაც დ. ფ-ეც ადასტურებს, მაგრამ განჩინება მას პირადად ჩაბარდა 2001 წლის 19 თებერვალს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება-განჩინების ასლები უნდა გადაეცეს მხარეს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი მხარეებთან ერთად, ასევე, ეგზავნება წარმომადგენელსაც. ამიტომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების თორმეტ დღიანი ვადის ათვლა იწყება სწორედ კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირის, ამ შემთხვევაში წარმომადგენელ დ. ფ-ისათვის გასაჩივრებული განჩინების გადაცემის მომენტიდან - 2001 წლის 19 თებერვლიდან. განჩინების ჩაბარების შემდეგ კი დ. ფ-ემ სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა ჩაბარებიდან მეთერთმეტე დღეს - 2 მარტს. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, დ. ფანჯიკიძის კერძო საჩივრის დაუშვებლობაზე სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 მარტის განჩინება არასწორია და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით კერძო საჩივარი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო ვადაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, მე-13 მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე, 372-ე, 374-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ფ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 დეკემბრისა და 2001 წლის 8 მარტის განჩინებები.

3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.