Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-16-გ 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 30 ოქტომბრის განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა ბანკ «ე-ს” წარმომადგენლის განცხადება თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებისა და მოპასუხეების გ. და ბ. გ-ავების სახლის აუქციონზე იძულებითი გაყიდვის მოთხოვნით. 1999 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბანკ «ე-ს” მოთხოვნა და დაადგინა _ მომხდარიყო სადავო სახლის იძულებითი გაყიდვა აუქციონზე კრედიტორის ვალის დასაფარავად.

1999 წლის 3 დეკემბერს ლ. გ-ავამ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც მოითხოვა მისი მშობლების ბინიდან, რომელიც იძულებითი აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო, სააღსრულებო ფურცლიდან ამოწერილიყო მისი წილი სახლის 1/3-ის სახით, რადგან იგი მონაწილეობდა აღნიშნული სახლის მშენებლობასა და რემონტის დამთავრებაში და სახლის პირველ სართულზე მოწყობილი სახელოსნოც მას ეკუთვნოდა, როგორც მოქანდაკეს.

მოსარჩელემ მოითხოვა «სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ ყოფილიყო მისი სარჩელი და იმავე კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, მის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო აღსრულება და სადავო სახლის აუქციონზე რეალიზაცია. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. გ-ავას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ვაკის სასამართლოს 1998 წლის 23 იანვარის გადაწყვეტილების აღსრულება საქმის სასამართლოში არსებით განხილვამდე.

2000 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ლ. გ-ავას სასარჩელო მოთხოვნა სადავო სახლიდან 1/3 წილის და სახელოსნოს მისთვის გამოყოფის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ავამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 24 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ რადგან ძირითადი მოპასუხე _ სააღსრულებო ბიუროა, ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «გ” ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის (მე-2 პუნქტის) შესაბამისად, ეს დავა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ეხება, შეასრულოს გარკვეული მოქმედება _ კერძოდ, ამორიცხოს აღწერილობის სიიდან ქონების ნაწილი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დავის განხილვისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა და, შესაბამისად ეს საქმე უნდა გადაცემოდა განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არ გაიზიარა სამოქალაქო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული დავაა შემდეგ გარემოებათა გამო:

«ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა პალატამ მიიჩნია, რომ საქმე სამოქალაქო პალატის განსჯადია და დაადგინა «ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის” 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად გადაგზავნილი ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, ასევე განსჯადობის შესახებ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპეალციო პალატის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში, დავის საგანს არ წარმოადგენს «ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის”´მეორე მუხლში ჩამოყალიბებული შემთხვევები; საქმე არ ეხება ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე მოქმედების განხორციელებას. ლ. გ-ავა არ ასაჩივრებს აღმასრულებლის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მოქმედებას და, შესაბამისად, დავა ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. ამის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი დავა, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე დავობს მესამე პირი _ ლ. გ-ავა, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივია, განიხლულია სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმათა დაცვით. ამ შემთხვევაში მოსარჩელე _ ლ. გ-ავა დავობს არა აღმასრულებლის (სააღსრულებო) ბიუროს მოქმედებაზე, არამედ იმ ქონებაზე, რომელიც მოხდა აღწერილობის სიაში და მასზე გავრცელდა იძულებითი აღსრულება. «სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მესამე პირი, რომელსაც აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, აღძრავს სარჩელს იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება. ასეთი დავა სასამართლოს მიერ განიხილება სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ), რომელიც, თავისთავად, არ გულისხმობს აღმასრულებლის რაიმე მოქმედების გასაჩივრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გაუქმებულ იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 მაისის განჩინება საქმის განსჯადობის მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისათვის გადაცემის თაობაზე;

2. ლ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.