Facebook Twitter

3გ/ად-16-გ-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. გ-ურმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ა. ბ-ძის, მესამე პირის _ ნოტარიუს მ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და მის ძმას ო. ბ-ძეს, შორის დადებული საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საკოლმეურნეო კომლის ქონების გაყოფა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. გ-ურის სარჩელი, გაუქმდა 2000 წლის 8 მაისს დადებული საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულება და მხარეებს შორის გაიყო ა. ბ-ძის კომლის ქონება.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ბ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ-ურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, ა. ბ-ძემ შეგეგბული სარჩელი აღძრა სასამართლოში, სადაც მოითხოვა სოფ. ... მდებარე სახლისა და საკომლო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ მისი ცნობა და სოფლის საბჭოს ... უბნის საკომლო წიგნებში არსებული ჩანაწერების ბათილობა, რომლითაც ე. გ-ური ცნობილ იქნა მისი კომლის წევრად.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 აპრილის განჩინებით ა. ბ-ძის საჩივარი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ე. გ-ურის საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობაზე ა. ბ-ძეს ეთქვა უარი.

ა. ბ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა გორის რაიონის სოფ. ... უბნის საკომლო წიგნებში უძრავი-მოძრავი ქონების მესაკუთრედ მისი ცნობა, ე. გ-ურის გამოსახლება სადავო სახლიდან ან მფლობელისათვის ქირის დაწესება და 2000 წლის 8 მაისს დადებული საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების კანონიერად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ივნისის განჩინებით ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს გორის რაიონის სოფ. ... სოფლის საბჭოს ... უბნის საკომლო წიგნების ჩანაწერების ბათილად ცნობა, ამიტომ, სააპელაციო პალატის აზრით, მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინებით ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზვანა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს არ მიეკუთვნება კონკრეტული დავა საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან საკომლო ჩანაწერი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრისა და განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება მოცემული საქმის განსჯადობაზე სწორია და ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც უნდა გამომდინარეობდნენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სახელდობრ, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელე ე. გ-ური კი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 2000 წლის 8 მაისს ა. ბ-ძესა (მოპასუხე) და ო. ბ-ძეს შორის დადებული, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ძის კომლის ქონების გაყოფას, რაც თავისი ბუნებით უდავოდ წარმოადგენს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან (სამოქალაქო-საოჯახო) წარმოშობილ დავასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად, განიხილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა. ბ-ძე შეგებებული სარჩელით ითხოვდა ე. გ-ურისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის მოტივით და სოფ. ... მდებარე სახლისა და საკომლო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ ცნობას, რაც, ასევე ფიზიკურ პირებს შორის საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაა და კოდექსის ზემოაღნიშნული მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ. ა. ბ-ძე დამატებითი შეგებებული სარჩელით ითხოვდა ... სოფლის საბჭოს ... უბნის საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობას, რომლითაც ე. გ-ური აყვანილია მისი კომლის წევრად.

საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭო და მისი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას (მე-7 პუნქტი) და რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას (მე-10 პუნქტი), ხოლო საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, კომლი გაყრილად ან გაყოფილად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან. ამჟამად მოქმედი «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12-13; 24-ე, 25-ე მუხლი სოფლის საკრებულოს ან გამგეობის კომპეტენციაში არ ითვალისწინებს კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოების ფუნქციას. «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები.

«სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი განმარტავდა რა სოფლის მეურნის ცნებას (სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ძირითად შემოსავალს (ნახევარზე მეტს) იღებს ამ საქმიანობისგან და დამოუკიდებლად უძღვება საადგილმამულო მეურნეობას), მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სოფლის მეურნის სტატუსს მიანიჭებდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციით. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2000 წლის 14 ივნისის კანონით და დღემდე არც საადგილმამულო წიგნი შექმნილა.

«მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ამჟამად ახდენს რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური (მთავარი რეგისტრატორი, ზონის რეგისტრატორი) და მისი მიზანია მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დღეისათვის საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტის გათვალისწინებით, თავისი იურიდიული ბუნებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას. საკომლო წიგნში ჩანაწერი, სამართლებრივად ტექინვენტარიზაციის ბიუროში ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ანალოგიურია, ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საკომლო წიგნში ჩანაწერთან დაკავშირებული დავა არ არის სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა, მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაუშვებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გაეგზავნოთ დადგენილი წესით;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.