Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-16-კ.ს.-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ბ. კობერიძე

განიხილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ტ.» მიმართ და მოითხოვა, რომ სასამართლოს ბათილად ეცნო:

1. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 5 ივლისს ¹ 1-07/56 ბრძანება შპს «ბ.» საწესდებო კაპიტალის (100% სახელმწიფო წილი) მთლიანი სახელმწიფო წილისა და საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის პრივატიზების შესახებ».

2. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკონკურსო კომისიის 1999 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი ¹ 3.

3. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 11 აგვისტოს ¹ 1-07/70 ბრძანება «აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 10 აგვისტოს გამართული კონკურსის შედეგების შესახებ».

4. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ტ.» შორის 1999 წლის 24 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება შპს «ბ.» საწესდებო კაპიტალში 100% წილისა და მიწის ნაკვეთის შეძენის შესახებ».

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 1 თებერვლის განჩინებით გაზიარებულ იქნა მოპასუხის შუამდგომლობა და საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციას განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელი ეხებოდა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნას და ამდენად, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იყო.

აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კერძო საჩივარი შეიტანა, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მარტის განჩინებით არ იქნა დაშვებული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს აზრით, კერძო საჩივრის ავტორმა გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩაბარდა 2001 წლის 16 თებერვალს, კერძო საჩივარი კი მის მიერ შეტანილ იქნა 2001 წლის 1 მარტს, მე-13 დღეს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი, კერძო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ განჩინება და საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის განჩინების კანონიერებაქ მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ახსნა-განმარტება და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მარტის განჩინება და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად «გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი». ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი «თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში».

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის განჩინებაში არ იყო მითითებული იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლებოდა განჩინების გასაჩივრება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აღნიშნული განჩინება შეუძლია გაასაჩივროს ერთი წლის განმავლობაში სასამართლოს აქტის გამოტანიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მარტის განჩინება და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.