გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-17-გ 12 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. კლარჯეიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ბ. მეტრეველი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა განსჯადობის შესახებ.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კ-ის მოხსენების მოსმენითა და საქმის მასალების გაცნობით
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ახალქალაქის რაიონის სოფ. ... სომხური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ე. ზ-ძემ 2000 წლის 7 ივლისს სარჩელი აღძრა სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს მიმართ, 1999 წლის 1 სექტემბრიდან მისაღები ხელფასის სხვაობის 1040 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რასაც მოსარჩელე ითხოვდა «საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის ¹ 516 ბრძანებულებისა და მოპასუხესთან (სასკოლო ოლქის სამმართველოსთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსმა უ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 13 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მიიღო განჩინება სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის განსჯადობით გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლით.
აპელანტი სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ადმინისტრაციული აქტის - «საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის ¹ 516 ბრძანებულების შესრულების მიზნით, დადო ადმინისტრაციული გარიგება ფიზიკურ პირთან ე. ზ-ძესთან, რომელიც ამ გარიგების საფუძველზე ითხოვს ხელფასის სხვაობის 1040 ლარის ანაზღაურებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება. ვინაიდან მოსარჩელე ე. ზ-ძე დავობს ადმინისტრაციული გარიგების არასათანადოდ შესრულებაზე, ამიტომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა და განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებას არ ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა შემდეგი მოტივებით:
მართალია, ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოს – სასკოლო ოლქის სამმართველოსა და ფიზიკურ პირს - ე. ზ-ძეს შორის, მაგრამ თავისი შინაარსით, მხარეთა უფლება-მოვალეობებით, ფულადი საზღაურის საკითხის განსაზღვრით იგი შრომითი ხელშეკრულებაა და არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ზ» პუნქტითა და V თავით გათვალისწინებულ გარიგებას და შესაბამისად, არც ადმინისტრაციული დავაა. ამასთან შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები წყდება არა საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო სამართლებრივი წესით, ამიტომ სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი უნდა განიხილოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ.
საკასაციო პალატა სასარჩელო განცხადებისა და ოქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განსჯადობაზე დავა სწორად არის გადაწყვეტილი და სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის უ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება ორივე სასამართლოს, რომ აპელანტი _ სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველო არის ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ მარტოოდენ საქმის განხილვაში (პროცესში) ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობას. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი და უმთავრესია თვით დავის საგანი, არსი, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I-2 ნაწილისა, რომლის «ბ» პუნქტის მიხედვით «ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება».
ორივე სასამართლო, ასევე, მართებულად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ზ» პუნქტსა და V თავზე, რომლებშიც მოცემულია «ადმინისტრაციული გარიგების» დეფინიცია: ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რომლის დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები და V თავით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგანია აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ფიზიკური პირის ე. ზ-ძის სასარგებლოდ ხელფასის სხვაობის _ 1040 ლარის ანაზღაურების დაკისრება, რასაც მოსარჩელე ითხოვს აპელანტთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ხელშეკრულებები, გაფორმებულია «საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹ 516 ბრძანებულების შესრულების მიზნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ხელშეკრულებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და განმარტა, რომ თავისი შინაარსით, მხარეთა უფლება-მოვალეობების, მოქმედების ვადისა და ფულადი ანაზღაურების საკითხის განსაზღვრით ისინი წარმოადგენენ არა ზემოთგანმარტებულ «ადმინისტრაციულ გარიგებას», არამედ შრომით ხელშეკრულებებს, შესაბამისად, დავაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარეა და უნდა მოწესრიგდეს შრომის სამართლით, რომელიც სამოქალაქო სამართალთან ერთად კერძო სამართლის სფეროა და არ განეკუთვნება საჯარო-სამართლის დარგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლო (სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა) განიხილავს სამოქალაქო, საოჯახო, საადგილმამულო დავების განხილვის წესით, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I-II ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობასთან და საჯარო - სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებს წყვეტს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა, რითაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პრინციპი. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის უ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11; 399-ე; 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის უ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. უ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით;
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.