3გ/ად-17-გ-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა შსს ხანძრსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს კერძო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. გ-შვილმა 2000 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოსაგან მოითხოვა მიუღებული ხელფასის 896 ლარისა და იურისტის გასამრჯელოს 200 ლარის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლიდან შრომითი კონტრაქტის საფუძველზე ირიცხებოდა რუსთავის ... ქარხნის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის თანამშრომლად და გასამრჯელოს იღებდა 1996 წლის 5 აპრილს რუსთავის ... კომბინატსა და შსს ადმინსტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ.გელაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რაზეც საჩივარი შეიტანა მოპასუხე საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის საფძველზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ვინაიდან იგი შეეხებოდა სახელმწიფო ორგანიზაციიდან ზიანის ანაზღაურებას.
საოლქო სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა, რომელმაც მიიჩნია, რომ განსახილველი დავის საგანია არა ზანის ანაზღაურების დაკისრება სახელმწიფო ორგანიზაციისათვის, არამედ მიუღებელი ხელფასის 860 ლარისა და იურისტის მომსახურების გასამრჯელოს 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რის გამოც განსახილველი საქმე იყო არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო დავა და 2001 წლის 3 ივლისის განჩინებით პალატამ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) არის ადმინისტრაციული ორგანო შს სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავრი სამმართველო, მაგრამ, საკასაციო პალატის აზრით, საქმის განხილვაში (პროცესში) მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს მხარედ მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობას, რადგან განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითია თვით დავის საგანი და არსი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-II ნაწილის თანახმად, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია, დავები რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. კერძოდ, ადმინისტრაციული დავის საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლიდან 10 თვის გაუცემელი სახელფასო დავალიანება 896 ლარი და იურისტის გასამრჯელო 200 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე. მოსარჩლე სარჩელში უთითებს, რომ 1996 წლიდან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა შს სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის რუსთავის ... ქარხნის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმთან და შრომითი კონტრაქტის საფუძველზე ირიცხებოდა ამ რაზმის თანამშრომლად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სამართალურთიერთობას, დავის არსს და ეთანხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში განსახილველია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, ხოლო დავის ძირითადი საგანია 10 თვის სახელფასო დავალიანება 896 ლარი, ამიტომ იგი უნდა მოწესრიგდეს შრომის სამართლით, რომელიც სამოქალაქო სამართალთან ერთად კერძო სამართლის სფეროა და არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლო (სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია-პალატა) განიხილავს სამოქალაქო და საოჯახო დავების განხილვის წესით.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს შს სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი შ. გ-შვილის სახელფასო დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შს სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
2. საქართველოს შს სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს კეძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოოოა და არ გასაჩივრდება.