Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-17-კ 12 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 29 მაისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყოფილი თანამშრომლის ზ. ბ-ძის ოჯახთან ერთად სამსახურებრივი ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა, რომელიც 1999 წლის აგვისტოში უსაფუძვლოდ გამოეყო ამავე სამხედრო ნაწილის მოსამსახურეს ზ. ბ-ძეს. აჭარის რეგიონალური სამმართველოს აზრით, ზ. ბ-ძის მიერ აღნიშნული ბინის მიღება მოხდა მოტყუებით, სამხედრო ნაწილის შეცდომაში შეყვანით, ვინაიდან, ზ. ბ-ძემ ჯერ კიდევ 1991 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ¹ 2016 ნაწილიდან მიიღო სამსახურებრივი ბინა ქ. ბათუმში, ..., რაზედაც მიიღო ორდერი ¹ 059801, ხოლო 1997 წელს მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია დედის სახელზე. სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციით ზ. ბ-ძემ დაარღვია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ამის შემდეგ ზ. ბ-ძემ კვლავ დააყენა სამხედრო ნაწილის წინაშე საკითხი მისი ბინით დაკმაყოფილების შესახებ და მიიღო მეორე სამსახურებრივი ბინა, მდებარე ... ქ. ბათუმში. ზ. ბ-ძის მიერ მეორე ბინის მიღება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნული ბინიდან ზ. ბ-ძის ოჯახთან ერთად გამოსახლება მოითხოვა. ამასთან, რეგიონალურ სამმართველოს ზ. ბ-ძეზე პირველად გაცემული ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹7 სამსახურებრივი ბინის პრივატიზაცია სადავოდ არ გაუხდია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. ბ-ძე გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹ 51 სამსახურებრივი ბინიდან.

ზ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მიუთითა, რომ 1991 წელს, როდესაც მან სასაზღვრო სამხედრო ნაწილიდან მიიღო სამსახურებრივი ბინა ... ქ. ბათუმში, მაშინ მისი ოჯახი შედგებოდა 3 სულისაგან, შემდეგ მისი ოჯახის შემადგენლობა გაიზარდა და მან მიმართა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას, რომ გაეუმჯობესებინათ მისი საყოფაცხოვრებო პირობები, რაც დააკმაყოფილა გარნიზონის ხელმძღვანელობამ და გამოუყო ბინა ... ქ. ბათუმში. ამდენად, ზ. ბ-ძე სააპელაციო საჩივრით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ. ბ-ძეს სადავო ბინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილის მიერ საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, როგორც მრავალსულიან ოჯახს, არ გამოყოფია, რადგან აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის ოქმში. ოქმის თანახმად, ზ. ბ-ძეს ბინა გამოეყო, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც «ბინა არ გააჩნდა». ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ბ-ძემ შეცდომაში შეიყვანა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა და მოახერხა მეორეჯერ მიეღო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, ხოლო შემდეგ გავიდა პენსიაზე. სასამართლოს აზრით, სადავო სამსახურებრივი ბინით სარგებლობის უფლება ზ. ბ-ძემ მოტყუებით მოიპოვა, რის გამოც იგი ოჯახთან ერთად უნდა გამოსახლდეს აღნიშნული ბინიდან.

ზ. ბ-ძემ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან ზ. ბ-ძის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საკასაციო პალატა დადგენილად თვლის, რომ ზ. ბ-ძეს სადავო სამსახურებრივი ბინა, მდებარე ... ქ. ბათუმში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილის მიერ გამოეყო არა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ როგორც სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც «ბინა არ გააჩნდა», რითაც შეცდომაში იქნა შეყვანილი რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სამხედრო სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელმაც ზ. ბ-ძეს მეორე სამსახურებრივი ბინა გადასცა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სამხედრო სასაზღვრო ნაწილსა და ყოფილ თანამშრომელ ზ. ბ-ძეს შორის 1999 წლის 27 აგვისტოს დადებულია ადმინისტრაციული გარიგება, სამსახურებრივი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, რომელსაც საფუძვლად დაედო ზ. ბ-ძის არასწორი ინფორმაცია, რის გამოც აღნიშნული გარიგება, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლების თანახმად ბათილია. ამასთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ მოტყუებით დადებული გარიგება სადავო გახადა ერთი წლის განმავლობაში, რითაც დაიცვა ამავე კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც ზ. ბ-ძე ოჯახთან ერთად უნდა გამოსახლდეს სადავო სამსახურებრივი ბინიდან.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 18 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება.

3. სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს ზ. ბ-ძეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.