Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-18-გ 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ნოემბრის განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1998 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება «ნ-ს” სააპელაციო საჩივარი და თბილისში, ლესელიძის ქუჩის ¹ 28-ში მდებარე მაღაზია «გოლიათის” შენობის მესაკუთრედ სს «ო-თან” ერთად ცნობილ იქნა სს «ნ-” მასში გაერთიანებული სავაჭრო სამრეწველო კომპანია «ო-ის” ყოფილი მეანაბრეებით. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 6 აპრილის განჩინებით. სს «ნ-ს” განცხადების საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 მაისის განჩინებით განმარტა თავისი 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება. სს «ო-ის” მიერ აღნიშნული განჩინება გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და განმარტების შესახებ განცხადების უმოძრაოდ დატოვება. 2000 წლის 12 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ კერძო საჩივარი არ მიიჩნია დასაშვებად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო და საქმე გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გაუქმებულ იქნა სააპელაციო სასამრთლოს განჩინება, რომლითაც სს «ო-ის” კერძო საჩივარი დასაშვებად არ იქნა მიჩნეული საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო და საქმე გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გაუქმებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც სს «ო-ის” კერძო საჩივარი დასაშვებად არ იქნა მიჩნეული საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო და საქმესთან ერთად განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას ამ გარემოებებზე მითითებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქართველოს «ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით” დადგენილი წესით, საქმე არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 ნოემბრის განჩინებით არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრება საქმის განსჯადობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

მიუთითა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 1999 წლის 2 დეკემბერს. სს «ნ-ს” განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილება განმარტა მისმა გამომტამა სასამართლომ, ანუ სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ სს «ო-ის” კერძო საჩივრის განხილვისას დავა მიიჩნია ადმინისტრაციულ საქმედ და მასზე გავრცელდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნა, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 იანვრის განჩინება და მიანიშნა, რომ კერძო საჩივარი ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის აზრით, ამავე სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა. შესაბამისად, მიიჩნია, რომ სს «ო-ის” კერძო საჩივარი, რომელიც შემოტანილია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ განჩინებაზე გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, უნდა განიხილოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «ო-ის” კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნია, რომ სს «ო-ის” კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 6 აპრილის განჩინებით საქმე მიჩნეულ იქნა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმედ, განხილულ იქნა საკასაციო წესით და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება. ე.ი. მოცემული საქმე სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე გახდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2000 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, 1999 წლის 2 დეკემბერს საქმე სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ განსჯადობის დაცვით იყო განხილული. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად «გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს განმარტოს გადაწყვეტილება, მისი შინაარსის შეუცვლელად”, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, სს «ნ-ს” განცხადების საფუძველზე მან განმარტა მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და არა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ სწორად მიიჩნია 2000 წლის 30 აგვისტოს განჩინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ჩაითვლებოდა არაგანსჯად სასამართლოდ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით და საქმე განსახილველად გადაეცემოდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად ამავე პალატამ გამოიტანა, აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი უნდა განიხილოს ამავე პალატამ.

რადგან კონკრეტული საქმე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად გახდა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ კერძო საჩივრის განხილვისას უნდა იხელმღვანელოს ადმინისტრაციული კანონმდებლობითაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გაუქმებულ იქნეს თბილისის საოლქო სასამარლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საქმის განსჯადობის მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისათვის გადაცემის თაობაზე;

2. სს «ო-ის” კერძო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.