Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-18-კ-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

კასატორის თხოვნა – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.12.2000 წ. განჩინების გაუქმება, ქ. ბათუმის სასამართლოს 24.10.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ქ. ბათუმის მერიისათვის ერთოთახიანი ბინით ვ. კ-სკის დაკმაყოფილების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის აგვისტოში ვ. კ-სკიმ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისაგან ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ, რომელიც ქ. ბათუმის მერიის მიერ იქნა დაშლილი, სხვა ბინის გამოყოფა ქალაქის იმავე რაიონში. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ... სახლში მოსარჩელის მამას ი. ი-აჟს გააჩნდა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ ი. ი-აჟის ოჯახის წევრები: მეუღლე, ო. კ-სკაია და შვილები – მოსარჩელე ვ. კ-სკი და მისი საპროცესო წარმომადგენელი, ძმა ა. კ-სკი. მოსარჩელის დედა ო. კ-სკაია გარდაიცვალა 1986 წელს. მოსარჩელე ვ. კ-სკი 1981 წლიდან სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1990 წელს მსჯავრდებულ იქნა და 1996 წლამდე იხდიდა სასჯელს საპატიმრო ადგილებში. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია მოხდა 1992 წელს ი. ი-აჟის სახელზე. ამ დროისათვის მასთან ერთად ბინაში ცხოვრობდა ა. კ-სკი. 21.03.95 წ. ი. ი-აჟი გარდაიცვალა და მის მიერ დატოვებული ანდერძის საფუძველზე 29.03.96 წ. ა. კ-სკიზე გამოწერილი იქნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ქ. ბათუმში, ..., ი. ი-აჟის საკუთრებაში რიცხული ბინის მემკვიდრედ ა. კ-სკი იქნა ცნობილი. შესაბამისად განხორციელდა ა. კ-სკის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელე, ვ. კ-სკი სასჯელის მოხდის შემდეგ 31.07.96 წ. რეგისტრირებული იქნა ქ. ბათუმში, ... გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში აღდგენის მიზნით ვ. კ-სკი დროებით წავიდა ქ. კიევში. უმაღლეს სასწავლებელში აღდგენის შემდეგ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც ამჟამად აგრძელებს სწავლას. ვ. კ-სკის საპროცესო წარმომადგენლის ა. კ-სკის განმარტებით მან თავის ძმას, მოსარჩელე ვ. კ-სკის, ბინაში ცხოვრების უფლება დართო, როგორც ბინის დამქირავებელს, რის დასტურადაც წარმოადგინა 12.04.96 წ. გაფორმებული წერილობითი შეთანხმება. ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მოხვედრილი იყო ქალაქის განაშენიანების ზოლში, რის გამო 1998 წლის სექტემბერში მთლიანად სახლი, მათ შორის ა. კ-სკის სახელზე რიცხული ბინა, მოპასუხის მიერ აღებულ იქნა. სახლის მაცხოვრებლები სანაცვლოდ დაკმაყოფილდნენ სხვა საცხოვრებელი ბინებით ქ. ბათუმის ფარგლებში ან მიეცათ ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელის ვ. კ-სკის ძმას, ა. კ-სკის მოპასუხემ ბინის სანაცვლოდ შესთავაზა ფულადი ანაზღაურება, რასაც თვით ა. კ-სკი ადასტურებს, რაზედაც მან უარი განაცხადა. თვით მოსარჩელისათვის მერიას საცხოვრებელი ბინა ან ფულადი კომპენსაცია არ შემოუთავაზებია, რის გამო მან სასამართლოში აღძრა სარჩელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.02.2000 წ. განჩინებით საქმე წამოებით შეწყდა იმ მოტივით, რომ ვ. კ-სკი საქმეზე არ იყო სათანადო მოსარჩელე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 21.03.2000 წ. განჩინებით, საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევის გამო, გაუქმდა ქ. ბათუმის სასამართლოს 04.02.2000 წ. განჩინება საქმის წარმოებით შეწვეტის შესახებ, საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის 24.10.2000 წ. გადაწყვეტილებით ვ. კ-სკის, როგორც საქმეში არასათანადო მოსარჩელეს, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაიცო წესით გასაჩივრდა ვ. კ-სკის მიერ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.12.2000 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს 24.10.2000 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. კ-სკი იყო ბინის დამქირავებელი და არა მესაკუთრე, რის გამოც სარჩელი სასამართლოში უნდა აღეძრა ა. კ-სკის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ურთიერთობების საბინაო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე მოწესრიგების საჭიროების თაობაზე. ვინაიდან სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1998 წლის სექტემბრიდან ანუ სადავო ბინის აღების მომენტიდან, ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 544-ე მუხლების გამოყენება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.12.2000წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. კ-სკის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სახლის აღების საფუძველს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერიის 22.09.94წ. განკარგულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სადავო ურთიერთობების გადასაწყვეტად უნდა გამოყენებულიყო საბინაო კოდექსის 103-ე და 157-ე მუხლები. კასატორი თავს სათანადო მოსარჩელედ თვლის და აღნიშნავს, რომ სსრ კავშირის სასამართლო პრაქტიკა ასაღებ სახლში არა ნაკლებ ერთი წლის მაცხოვრებელს მუდმივ მაცხოვრებლად მიიჩნევდა (სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს 18.03.70 წ. პლენუმი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 544-ე მუხლების გამოყენებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ კანონს მისცა უკუქცევითი ძალა და ამავე კოდექსის მე-6 მუხლის დარღვევით გააუარესა კასატორის, როგორც დამქირავებლის, მდგომარეობა.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.12.2000 წ. განჩინება მიღებულ იქნა მოსამართლეების დ. ა-ის და თ. წ-ის მონაწილეობით, რომლებიც ადრე ღებულობდნენ მონაწილეობას ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 21.03.2000 წ. განჩინების გამოტანაში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების და 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.12.2000 წ. განჩინების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და სსსკ 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ქ. ბათუმის მერიისათვის ვ. კ-სკის სასარგებლოდ ერთოთახიანი ბინის გამოყოფის და მერიაზე სასამართლო ხარჯების დაკისრებას.

ქ. ბათუმის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლოს სახელზე გამოგზავნილი ტელეგრამით ითხოვა საქმის მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე განხილვა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.12.2000 წ. განჩინების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარის პროცესუალური წარმომადგენლის ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმის მერიის მიერ ... ქუჩაზე შენობა-ნაგებობების ათვისების დროისათვის, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა არა მოსარჩელის ვ. კ-სკის, არამედ მისი პროცესუალური წარმომადგენლის ა. კ-სკის საკუთრებას. ბინის პრივატიზება 1992 წ. მოხდა ი. ი-აჟის სახელზე. პრივატიზება განხორციელდა ოჯახის წევრის ა. კ-სკის თანხმობით, რომელიც დამქირავებელთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა და მასთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას. ბინის პრივატიზებისას ვ. კ-სკი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ი. ი-აჟის გარდაცვალების შემდეგ ბინა ანდერძით ა. კ-სკის საკუთრებაში გადავიდა. ბინის ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიღებისას იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ვ. კ-სკის არ ჰქონდა სავალდებულო წილის უფლება სამკვიდრო ქონებაში, ვინაიდან იგი არ იყო სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილი. მოსარჩელეს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ბინის პრივატიზაციის ან ანდერძით გადაცემის შესახებ. ამდენად ბინის აღების მომენტისათვის ვ. კ-სკი არ წარმოადგენდა მის მესაკუთრეს, 1996 წლის ივნისში ვ. კ-სკის რეგისტრაცია ... ბინაში თავისი სამართლებრივი შედეგებით არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას საცხოვრებელ ფართზე. აღნიშნულს არ ცვლის ა. კ-სკისთან დადებული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობები წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში, რომლის 1505-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საბინაო კოდექსი. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ურთიერთობები სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე წარმოიშვა, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიის 22.09.94 წ., ¹ 214 განკარგულება თავისთავად არ წარმოშობდა უფლებამოვალეობებს, განკარგულება ... ქუჩის მარჯვენა მხარეზე განლაგებული საცხოვრებელი სახლების ათვისების საჭიროებასთან დაკავშირებით ¹ 1 საბინაო-საექსპლოატაციო უბანს, შინაგან საქმეთა განყოფილების საპასპრტო ქვეგანყოფილებას, საბინაო განყოფილებას, სამხედრო ბინების საექსპლოატაციო უბანს და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ავალებდა ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში არ მოეხდინათ მოსახლეთა ჩაწერა, ბინების გაცვლა, ყიდვა-გაყიდვა და გაჩუქება, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების აღწერას და სამი დღის ვადაში მასალების წარმოდგენას. ამდენად, სანაცვლო ბინის გამოყოფის მოთხოვნის უფლება ბინის მესაკუთრეს წარმოეშვა არა მერიის აღნიშნული განკარგულებით, არამედ ტერიტორიის ათვისების შედეგად ბინის აღებით. ვინაიდან ბინის აღება მოხდა ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში, ხოლო ბინის აღებისას ბინის მესაკუთრე იყო ა. კ-სკი, შესაბამისად, სადავო ურთიერთობები ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა მოწესრიგდეს, ამასთანავე, სანაცვლო ბინის გამოყოფის მოთხოვნის უფლება აქვს არა ვ., არამედ ა. კ-სკის. მოპასუხეს, ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია, ვ. კ-სკის არ აქვს უფლება მოითხოვოს ა. კ-სკის საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ ბინის თავისთვის გამოყოფა. სამოქალაქო კოდექსის 544-ე მუხლის შესაბამისად გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის მატარებელია გამქირავებელი, რის გამო აღებული ბინის სანაცვლო კომპენსაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია თვით ბინის მესაკუთრეს – ა. კ-სკის. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მერიამ ა. კ-სკის, აღებული ბინის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად, შესთავაზა სანაცვლო ბინა და საკომპენსაციო თანხა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ქვედა სასამართლო ინსტანციებმა ა. კ-სკის არაერთგზის შესთავაზეს საქმეში მოსარჩელედ ჩართვა, რაზედაც იგი არ დათანხმდა. ვინაიდან ვ. კ-სკი წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, მას სარჩელზე უარი არ უთქვამს, ხოლო ა. კ-სკიმ უარი განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ან მესამე პირად ჩაბმაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის, 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსამართლეების დ. ა-ის და თ. წ-ის მონაწილეობა ვ. კ-სკის კერძო საჩივრის განხილვაში არ გამორიცხავდა მათი მონაწილეობის შესაძლებლობას სააპელაციო საჩივრის განხილვაში. სსკ-ის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტი საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნევს იმ მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების გამოტანას, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. აღნიშნული ნორმა გულისხმობს არა ყოველგვარ, არამედ საქმის განხილვაში მოსამართლის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობას, რაც განპირობებულია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის ფორმირების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მოსაზრებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის შემზღუდველი იერარქიული პირობა – საქმის განმხილველი მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე საქმის განხილვაში ზემდგომ ან ქვემდგომ სასამართლო ინსტანციაში. აღნიშნული საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფს საკუთარ გადაწყვეტილებაზე ზედამხედველობის განხორციელების და ამავე დროს საკუთარი მითითებების შესრულების დაუშვებლობას. ამასთანავე, კანონით არ არის აკრძალული ერთი და იგივე სასამართლო ინსტანციაში საქმის განმეორებითი განხილვა. აღნიშნული არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების და უკანონო სასამართლო შემადგენლობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს განხილვის დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი (25.10.2000 წ. რედაქციით), კრძალავს მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობას, უკეთუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში და არა სამართალწარმოებაში.

სსკ-ის 391-ე მუხლის I ნაწილის თანახმად საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები. ამდენად პროცესუალური კანონმდებლობის ნორმებს არ შეესაბამება კასატორის მოთხოვნა ქ. ბათუმის სასამართლოს 24.10.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.12.2000 წ. განჩინება არის დასაბუთებული და ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საკასაიცო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებს არა აქვს ადგილი, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-სკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.12.2000 წ. განჩინება.

2. კასატორს, ვ. კ-სკის გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 70 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.