Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-19-გ 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.

საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენების მოსმენითა და საქმის მასალების გაცნობით

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელე მ. ჯ-ძემ 2000 წლის 28 თებერვალს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ა. ყ-შვილის მიმართ, 1999 წლის 17 დეკემბერს თბილისში ... მდებარე ბინიდან მისი იძულებით გამოსახლების გაუქმების, ბინაზე კანონიერი უფლებების აღდგენისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ჯ-ძეს მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 25 ოქტომბერს მიიღო განჩინება მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის მიხედვით განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, თბილისის ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიურო და აღმასრულებელი ა. ყ-შვილი, რომლის მოქმედებაც საჩივრდება მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი დაწესებულება და ფიზიკური პირია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები საერთო სასამართლოებში განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას არ ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა და მიაჩნია, რომ მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის მათთვის გადაცემა უსწორად მოხდა, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით კი სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო პალატა მ. ჯ-ძის სარჩელისა და საქმის მასალების, ასევე, განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განსჯადობაზე დავა სწორად არის გადაწყვეტილი და მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად ექვემდებარება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლებიდან გამომდინარე უდავოა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სააღსრულებო ბიურო და აღმასრულებელი ა. ყ-შვილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან», რაც კრძალავს მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების გავრცელებას სააღსრულებო ბიუროებისა და აღმასრულებლების საქმიანობაზე, მაგრამ არ გამორიცხავს მათზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გავრცელების შესაძლებლობას, ხოლო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის I პუნქტის თანახმად: «კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვს გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში».

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებლის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია. ვინაიდან მოსარჩელე მ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ეხება აღმასრულებელ ა. ყ-შვილის მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის მიხედვით, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს უფლებამოსილმა სასამართლომ - ადმინისტრაციულმა პალატამ, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებელი პრინციპის მიხედვით, ყოველი პირის საქმე უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.