გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-19-კ 7 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი – მოქალაქეთა და მათთან მცხოვრებ პირთა აღრიცხვის «ფორმა ¹16»-ის ქ. ქუთაისის კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირისათვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 15 სექტემბერს ქ. ქუთაისის კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირის წარმომადგენელმა ვ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ 2000 წლის 20 ივნისის გაზეთ «ა. ქ.», ქ. ქუთაისის მერიის 16 ივნისის სხდომის დადგენილების შესაბამისად გამოქვეყნდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის მუნიციპალური სამსახურის ტიპიური დებულება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან აღნიშნული დებულების თანახმად ქ. ქუთაისის მერია ქმნის მუნიციპალიტეტებს, მუნიციპალიტეტის შექმნა და ფუნქციონირება კი რეგულირდება კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით. იმავე გაზეთის 31 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, ასევე, ქ. ქუთაისის მერიის ¹ 24 დადგენილება მუნიციპალური მართვის ადგილობრივი სამსახურების შექმნის პირობებისა და ღონისძიებების შესახებ, რაც მოსარჩელის აზრით კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მუნიციპალიტეტები შეიქმნა სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 26 ივლისის ¹ 291 ბრძანებულებით, რაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 1998 წლის 25 ნოემბერს. ამასთან, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, 1998 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის ¹ 703 ბრძანებულება მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, რითაც გაუქმებულ იქნა მუნიციპალიტეტები და დაკონკრეტდა იმ სამსახურთა ჩამონათვალი, რომლის შექმნის უფლებაც მიეცა მერიას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ შემდეგი მოთხოვნები დააყენა: 1) გაუქმებულ იქნეს 1997 წლის 25 ნოემბრიდან ქ. ქუთაისში დღემდე უკანონოდ მოქმედი მუნიციპალიტეტები; 2) ქ. ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის დროს იქ დაცული პრივატიზებული ბინის საკუთრების დამადასტურებელი სანოტარო ხელშეკრულებები და მოქალაქეთა აღრიცხვის ფორმები გადასცეს ქ. ქუთაისის კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირს.
მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მუნიციპალიტეტების გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ქ. ქუთაისის მერიის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹ 24 დადგენილებით მუნიციპალიტეტები გაუქმებულია და აღარ არსებობენ, ე.ი. აღარ არსებობს დავის საგანი. პრივატიზებული ბინის საკუთრების დამადასტურებელი სანოტარო ხელშეკრულებების მოსარჩელეზე გადაცემის მოთხოვნა, ასევე, საფუძველსაა მოკლებული, რადგან ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ერთი პირი ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარესთან, ქ. ქუთაისის მერიასთან, რის ჩამორთმევასაც კანონი არ ითვალისწინებს. ქ. ქუთაისის მერიას უკანონოდ მიაჩნია, აგრეთვე, მოქალაქეთა აღრიცხვის «ფორმა ¹ 16»-ის მოსარჩელეზე გადაცემა, ვინაიდან, მისი აზრით, არც კანონითა და არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არა აქვს მინიჭებული კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა კავშირს უფლება მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის მისთვის გადაცემა, ამასთან, ქ. ქუთაისში არსებობს არქივი, რომელსაც შეიძლება გადაეცეს მოქალაქეთა აღრიცხვის ოფიციალური მონაცემები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა მოსარჩელეს მუნიციპალიტეტების გაუქმებაზე დავის საგნის არარსებობის გამო; უარი ეთქვა, ასევე, სანოტარო წესით დამოწმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებების გადაცემის თაობაზე უსაფუძვლობის გამო; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბინის მესაკუთრე მოქალაქეთა და მათთან მცხოვრებ პირთა აღრიცხვის «ფორმა ¹ 16» მისთვის გადაცემის შესახებ. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მუნიციპალიტეტები ამჟამად გაუქმებულია, ხოლო მისი სამართალმემკვიდრე პირების უფლებამოსილება მხოლოდ სახელმწიფო ფონდის ბინების მფლობელ მოქალაქეებზე ვრცელდება, არქივი კი ქ. ქუთაისის მერიის მიერ ჯერჯერობით შექმნილი არ არის, მოსარჩელეზე გადაცემული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მოქალაქეთა აღრიცხვის «ფორმა ¹16», რომლებიც კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა კავშირში გაერთიანებული პრივატიზებული ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ.
ქ. ქუთაისის მერიამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა კავშირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს იმ მოქალაქეთა აღრიცხვის «ფორმა ¹ 16» გადაეცა, რომლებიც ამ კავშირში გაერთიანებული ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა დადგენილად თვლის, რომ სსრ კავშირის არსებობის პერიოდში, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის 1975 წლის 15 მაისის ¹ 0320 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 თავის 52-ე პუნქტის თანახმად მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების, საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების სახლებსა და საერთო საცხოვრებლებში მოქალაქეთა ჩაწერის ბარათის _ «ფორმა ¹ 16» და საბინაო ბარათის _ «ფორმა ¹ 17» საფუძველზე ხორციელდებოდა. ამასთან, ბარათები სახლმმართველობებსა და საბინაო-საამშენებლო კოოპერატივებში ინახებოდა. რაც შეეხება კერძო საკუთრების სახლებში ჩაწერა-ამოწერას, აღნიშნული საბინაო წიგნის _ «ფორმა ¹ 18» მიხედვით ხორციელდებოდა, ბარათი კი სახალხო დეპუტატთა ადგილობრივ საბჭოში ან თვით მესაკუთრესთან ინახებოდა.
სსრ კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონით გაუქმდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერის ინსტიტუტი და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესდა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია (მუხლი 2). ამ კანონის მე-7 მუხლის თანახმად კი განისაზღვრება, რომ საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებანი.
საკასაციო პალატა, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულ ბინის მესაკუთრეთა ურთიერთობებში (215-232 მუხლები) არაფერია ნათქვამი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ბინის მესაკუთრეთა აღრიცხვის ან რაიმე სხვა დოკუმენტის წარმოების ან მოთხოვნის უფლებამოსილების შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, მოქალაქეთა აღრიცხვა და რეგისტრაცია საჯარო უფლებამოსილებაა და იგი არ შეიძლება გადაეცეს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას ან რომელიმე კერძო ფონდის მესაკუთრეთა კავშირს (საზოგადოებრივ ორგანიზაციას).
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, კასატორ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 389-ე, 399-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ქ. ქუთაისის კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირის სარჩელი მოქალაქეთა აღრიცხვის «ფორმა ¹ 16» მისთვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს ქ. ქუთაისის კერძო საბინაო ფონდის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.