გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ\ად-19-კ.ს. 5 დეკემბერი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეების: ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 408 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გაეცნო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის კერძო საჩივრებს თბილისის საოლქოა სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადოა საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის მერიის სპორტის სამმართველოს სპორტული კომპლექსის ყოფილი დირექტორი გ. ე-ე 2000 წლის 28 ივლისს შევიდა შუამდგაომლობით თბილისის საოლქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.04.97 წ. ¹1-3/255, 07.05.1999 წ. ¹1-3/217, 04.05.2000 წ. ¹1-3/304 ბრძანებულებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 25.05.00 წ. ¹7-7 გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 7 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოილა გ. ე-ის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერება კანონშესაბამისია, რადგან თბილისის საკრებულოსა და ქონების მართვის სამინისტროს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე განხორციელებულმა მოქმედებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გ. ე-ის უფლებას და კანონიერ ინტერესს. აღნიშნული განჩინება 2000 წლის 25 აგვისტოს კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ ვლ. ნ-ემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ – ვ. კ-ემ იმ მოტივით, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანუ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 25 მაისის ¹7-7 გადაწყვეტილება რეგისტრირებული არ ყოფილა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 19 და 20 სექტემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის ვ. ნ-ისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ვ. კ-ის 2000 თწლის 215 აგვისტოს კერძო საჩივრები მიიჩნია დაუშვებლად, რადგან კერძო საჩივრები შეტანილია 2000 წლის 25 აგვისტოს ე.ი. მას შემდეგ, რაც შუამდგომლობის ავტორმა გ. ე-ემ იმავე სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მულის პირველი ნაწილის შესაბამისად კი სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული დამინისტრაციული აქტის მოქმედებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრების წარმოებაში მიღების შემდეგ 2000 წლის 27 ნოემბერს შემოვიდა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის ვ. ნ-ის შუამდგომლობა, რომლითაც იგი უარს ამბობს კერძო საჩივარზე; ანალოგიური განცხადება შემოიტანა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ – ვ. კ-ემ 2000 წლის 1 დეკემბერს.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, კერძო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია ანალოგიურად სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საკრებულოლს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის – ვ. ნ-ისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – ვ. კ-ის შუამდგომლობები კერძო საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის – ვ. ნ-ისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – ვ. კ-ის შუამდგომლობები და შეწყდეს კერძო საჩივრების განხილვა.
2. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.