Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-20-კ 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საბინაო ორდერის ბათილად ცნობა; ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1985 წლის 29 დეკემბერს ლენინგორის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის ¹ 104 გადაწყვეტილების შესაბამისად ლ. ჩ-ევს და მის ოთხსულიან ოჯახს ¹ 100 ორდერით გამოეყო სადავო ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ლენინგორის რაიონში. 1989 წელს ლ. ჩ-ევმა ცოლ-შვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, (ორჯონიკიძეში) წაიყვანა, თავად კი განაგრძობდა სადავო ბინაში ცხოვრებას. 1991 წლის შემოდგომაზე იგი შვებულების პერიოდში იმყოფებოდა ცოლ-შვილთან, ხოლო 1992 წელს, შვებულებიდან დაბრუნებულს თავის საცხოვრებელ ბინაში დახვდა კასატორი მ. ყ-შვილი ოჯახითურთ. 1991 წლის 2 ოქტომბერს დ. ახალგორის საკრებულოს საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით, ოსურ-ქართული კონფლიქტის გამო რაიონიდან ოსი მოსახლოების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით, გაუქმდა ლ. ჩ-ევზე გაცემული ბინის ორდერი, ხოლო ახალგორის საკრებულოს გამგებლის 1992 წლის 27 იანვრის ¹ 11 განკარგულებით, ახალგორის სადაბო საკრებულოს საბინაო კომისიის 1992 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმის ¹ 30 საფუძველზე, ლ. ჩ-ევის სადავო ოროთახიანი ბინა დროებით სარგებლობაში გადაეცა შს რაიგანყოფილების სამძებროს უფროსს, მილიციის კაპიტანს მ. ყ-შვილს, რომელზედაც ასევე გაიცა ბინის ორდერი მ. ყ-შვილი ოჯახის წევრებთან ერთად დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში.

1996 წლის 4 მაისს ლ. ჩ-ევმა დახმარებისათვის მიმართა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს ვ. გ-ეს და მოითხოვა ბინის დაბრუნება, განცხადება რეაგირებისათვის გადაიგზავნა ახალგორის რაიონის პროკურატურაში. ახალგორის რაიონის პროკურორის 1996 წლის 20 მაისის ¹ 11ს-96 წერილით ლ. ჩ-ევს უარი ეთქვა მ. ყ-შვილის ადმინისტრაციული წესით ბინიდან იძულებითი გამოსახლების შესახებ, რადგან მ. ყ-შვილი ბინაში თვითნებურად არ იყო შეჭრილი და ბინა მიღებული ჰქონდა კანონიერი გზით. რის შემდეგაც, 1996 წლის 5 ივნისს ლ. ჩ-ევმა ახალგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ყ-შვილის, თ. უ-ძისა და დაბა ახალგორის საკრებულოს მიმართ სადავო ბინიდან მ. ყ-შვილის ოჯახის წევრებთან ერთად იძულებითი წესით გამოსახლების თაობაზე. საქმე აცილების წესით განსახილველად გადაიგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ლ. ჩ-ევის სარჩელი 1997 წელში ორჯერ იქნა დატოვებული განუხილველად. 1999 წლის 3 ივნისს განახლდა საქმის წარმოება ლ. ჩ-ევის განცხადების საფუძველზე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ლ. ჩ-ევის სარჩელი მ. ყ-შვილისა და თ. უ-ძის მიმართ სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ევმა აპელანტმა სააპელაციო საჩივარში გაზარდა დავის საგანი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 111-ე მუხლით, მოითხოვა მ. ყ-შვილის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობა, ასევე ბინიდან მათი გამოსახლება და სადავო ბინის მისთვის დაბრუნება, რასაც არ დაეთანხმნენ მოწინააღმდეგე მხარეები და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ევის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის საკრებულოს მიერ 1992 წლის 27 იანვარს მ. ყ-შვილის სახელზე გაცემული ორდერი, შესაბამისად მ. ყ-შვილი ოჯახითურთ გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან შემდეგი მოტივებით:

1. სასამართლომ უსწოროდ განმარტა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ 1991 წლის 27 იანვარს მ. ყ-შვილის სახელზე საბინაო ორდერი გაიცა თავისუფალ იზოლირებულ ბინაზე, რადგან ბინის დამქირავებელი იყო და არის ლ. ჩ-ევი;

2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება დ.ახალგორის საკრებულოს საბინაო კომისიის კომპეტენტურობის შესახებ და მიიჩნია, რომ 1991 წლის 2 ოქტომბერს საბინაო კომისიას არც სათანადო უფლებამოსილება ჰქონდა და არც კანონიერი საფუძველი გააჩნდა ლ. ჩ-ევის სახელზე გაცემული ბინის ორდერის გასაუქმებლად;

3. მ. ყ-შვილზე გაცემული ორდერის შესახებ ლ. ჩ-ევისათვის ცნობილი გახდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, ამიტომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით პალატამ დასაშვებად მიიჩნია სარჩელის გაზრდა ორდერის ბათილობაზე;

4. საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სადგომის სარგებლობაზე ვ. ჩ-ევის უფლებადაკარგულად ცნობა სასამართლოს მიერ არ მომხდარა, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე ლ. ჩ-ევსა და ლენინგორის სახალხო დეპუტატთა აღმასკომს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება არ მოშლილა და დღესაც გრძელდება. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 146-ე და 152-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლ. ჩ-ევის უფლება სადავო საცხოვრებელ ბინაზე დაცულია კანონისა და ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამიტომ უკანონო მფლობელ მ. ყ-შვილისაგან ბინის გამოთხოვა მართებულია, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. ყ-შვილმა და თ. უ-ძემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით ითხოვენ მის გაუქმებას და ხელახლა არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო პალატაში დაბრუნებას შემდეგი საფუძვლით:

1. სააპელაციო პალატის ახალი გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ბ» და «ე» პუნქტის დარღვევით, რადგან საქმე პალატამ განიხილა დ. ახალგორის საკრებულოს დაუსწრებლად, რომელსაც სასამართლო შეტყობინება არ მიუღია დადგენილი წესით. ამასთან დავის საგნის გაზრდით, სადავო გახდა საკრებულოს მიერ გაცემული ბინის ორდერი ისე, რომ სასამართლომ არ იცოდა ორდერის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს აზრი დავის საგნის გაზრდის შესახებ, რაც უხეში პროცესუალური დარღვევაა;

2. პალატამ უსწოროდ განმარტა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლი, თუმცა ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ 1992 წლის 27 იანვარს მ. ყ-შვილზე ორდერის გაცემის მომენტისათვის ბინა არ იყო თავისუფალი;

3. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ლ. ჩ-ევის განმარტება და საქმის მასალების შეუსწავლელად დაადგინა, თითქოს სადავო ორდერის შესახებ ლ. ჩ-ევისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს და პალატამ ორდერის გაცემიდან 7 წლის შემდეგ, 1999 წლის დეკემბერში გააუქმა მ. ყ-შვილის სახელზე გაცემული ორდერი;

4. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 146-ე, 151-ე მუხლები, ვინაიდან მ. ყ-შვილი უკანონოდ არ შეჭრილა სადავო ბინაში და ამიტომ არც უკანონო მფლობელია;

5. სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არ შეისწავლა და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: მოწმე მ. დ-შვილის, მ. მ-ძის, ა-ძის განმარტებებს, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ჩ-ევმა სადავო კომუნალური ბინა ნებაყოფლობით დაცალა, გადავიდა სოფ. ... და მისი გაყიდვა სურდა მ. დ-შვილზე, მაგრამ გაყიდვა ვერ მოახერხა და კომუნალური ბინის უკანონოდ გაყიდვა რომ არ მომხდარიყო, ბინა დაილუქა, ხოლო ახალგორის საკრებულოს გადაწყვეტილებით სხვებთან ერთად გაუქმდა ლ. ჩ-ევზე გაცემული საბინაო ორდერი;

6. პალატამ არ გამოიყენა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-100 მუხლი, რომლის მიხედვითაც ლ. ჩ-ევმა თავისი ქმედებით, საცხოვრებელი სახლის ნებაყოფლობით დაცლითა და ოჯახთან ერთად ორჯონიკიძეში გადასვლით თავადვე მოშალა ქირავნობის ხელშეკრულება.

მოწინააღმდეგე მხარე ლ. ჩ-ევი არ იზიარებს საკასაციო საჩივარს და ითხოვს უსაფუძვლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას. ლ. ჩ-ევმა და მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვას არ ესწრებოდა მესამე პირი დაბა ახალგორის საკრებულოს წარმომადგენელი და რომ სააპელაციო პალატაში სარჩელის გაზრდის – მ. ყ-შვილზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობის შესახებ დავის განხილვა-გადაწყვეტა იმავე დღეს მოხდა სასამართლო პროცესზე.

მესამე პირმა – დ. ახალგორის საკრებულოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში ლ. ჩ-ევის სააპელაციო საჩივრისა და მ. ყ-შვილის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილობის განხილვა-გადაწყვეტას იგი არ ესწრებოდა და აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-შვილისა და თ. უ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი საფუძვლებით:

1. საკასაციო საჩივრის პირველ არგუმენტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის დარღვევით, დ. ახალგორის საკრებულოს გამოუძახებლად სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტის შესახებ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით მესამე პირს – დ. ახალგორის საკრებულოს გამგებელ მ. რ-ძეს სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შესახებ სასამართლოს მიერ 3-ჯერ ეცნობა დადგენილი წესით 2000 წლის 19 სექტემბერს, 17 ოქტომბერს, 6 ნოემბერს და შესაბამისად, ფოსტიდან წარმოდგენილია 2 სასამსახურო შეტყობინება მესამე პირისათვის – დ. ახალგორის საკრებულოს გამგეობისათვის დეპეშის ჩაბარების შესახებ, მაგრამ მესამე პირი სააპელაციო სასამართლოში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო მესამე პირის – დ. ახალგორის საკრებულოს გარეშე განეხილა საქმე ამ პირის მესამე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო პალატას საპროცესო ნორმა არ დაურღვევია. ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტზე მითითება უმართებულოა, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. თავდაპირველად მოსარჩელე ლ. ჩ-ევი მოითხოვდა მ. ყ-შვილისა და მისი ოჯახის წევრების იძულებითი წესით გამოსახლებას სადავო ბინიდან. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა დავის საგანი და ამასთანავე მოითხოვა მ. ყ-შვილის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილობაც, რასაც არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ-შვილი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ 2000 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მიზანშეწონილად ჩათვალა დავის საგნის გაზრდა და საქმის განხილვის გადაუდებლად, იმავე დღეს განიხილა და გადაწყვიტა ლ. ჩ-ევის გაზრდილი სააპელაციო საჩივარი, რაც საკასაციო პალატის აზრით, წარმოადგენს საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) ლ. ჩ-ევის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით დავის საგანი გახდა მ. ყ-შვილის სახელზე 1992 წლის 27 იანვარს დ. ახალგორის საკრებულოს მიერ გაცემული ორდერი. თავის მხრივ ბინის ორდერის გაცემის სამართლებრივი საფუძველია დ. ახალგორის საკრებულოს გამგებლის 1992 წლის 27 იანვრის ¹ 11 განკარგულება მ. ყ-შვილისათვის სადავო ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბინის ორდერის ბათილობის ნაწილში სათანადო მოპასუხეა დ. ახალგორის საკრებულო, რომელიც მანამდე საქმეში მესამე პირად იყო ჩართული და სააპელაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო მოპასუხედ და არა მესამე პირად მოეწვია სათანადო ადმინისტრაციული ორგანო – დ. ახალგორის საკრებულო.

ბ) სააპელაციო სასამართლოში დავის გაზრდის შემდეგ სააპელაციო პალატამ საქმის გადაუდებლად, იმავე სხდომაზე განიხილა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა, რაც საკასაციო პალატის აზრით, ასევე მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან სააპელაციო პალატას საქმის განხილვა უნდა გადაედო სხვა დროისათვის და 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო გაზრდილი დავის საგნის შესახებ დადგენილი წესით ეცნობებინა სათანადო მოპასუხისათვის – დ. ახალგორის საკრებულოსათვის, რაც სააპელაციო პალატამ არ განახორციელა და ბინის ორდერის ბათილობის საკითხი განიხილა საქმეში სათანადოდ მოპასუხის – დ. ახალგორის საკრებულოს ჩართვისა და სათანადოდ მისი გამოძახების გარეშე. ამდენად, ლ. ჩ-ევის გაზრდილი სააპელაციო მოთხოვნა, სააპელაციო პალატის მიერ განხილულ იქნა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დარღვევით, ამიტომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-14 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ყ-შვილისა და თ. უ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახალო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.