Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-20-კს 18 იანვარი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ცეკავშირის შპს «ს-ის” დეპარტამენტის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდორე ზ. წ-ძის განცხადება და ყადაღა დაედო ქ. ჭიათურაში ... მდებარე ჭიათურის აგრარული ბაზრის ქონებას.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ცეკავშირის ჭიათურის სავაჭრო ბაზარ «ტ-ას” დირექტორმა და მოითხოვა ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 9 ივლისის ¹ 21 დადგენილების გაუქმება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 5 მარტის დადგენილებაში და გამონაკლისის სახით, ჭიათურის რაიკოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჭიათურის აგრარული ბაზარი «ტ-ა” გადაეცა ჭიათურის რაიკოოპერატივს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გააუქმა ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 9 ივლისის ¹ 21 დადგენილების მე-4 და მე-7 პუნქტები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის რაიკოოპერატივმა, რომელიც საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ცეკავშირი გამგეობის შუამდგომლობით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 24 იანვრის განჩინებით მესამე პირის _ ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საქმეში ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშეEდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე და 364-ე მუხლების თანახმად, არ ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ჭიათურის რაიკოოპერატივმა და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი და 2000 წლის 10 მაისის განჩინებით დააკმაყოფლა იგი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი _ ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 9 ივლისის ¹ 212 დადგენილების კანონიერება. შესაბამისად მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ასევე ამგვარი მოთხოვნის გარეშე, სამართალურთიერთობაში მონაწილე მე-3 პირები ადმინისტრაციულ პროცესში სარგებლობენ მხარეთა ყველა უფლებით, ანუ უფლებით სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-3 პირის ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა _ ჭიათურის რაიკოპერატივის გამგეობამ მიმართა სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოთხოვა ჭიათურის აგრარული ბაზრის «ტ-ას” ქონებაზე ყადაღის დადება. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ განცხადებაზე და 2000 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ დავის საგანს წარმოადგენს ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 9 ივლისის ¹ 21 დადგენილება, რომლითაც ჭიათურის აგრარული ბაზარი გადაეცა ჭიათურის რაიკოოპერატივს, სადავო ქონების გასხვისება გააძნელებს საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად. მიაჩნია, რომ ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად, ყადაღა უნდა დაედოს ჭიათურის აგრარული ბაზრის ქონებას.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ცეკავშირის შპს «ს-ის” დეპარტამენტის მიერ, რომელიც მიუთითებს, რომ ჭიათურის რაიკოოპერატივი საქმეში ჩართულია როგორც მესამე პირი _ მოპასუხე. კანონმდებლობით სასამართლოს უფლება აქვს მხოლოდ სარჩელის უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ესა თუ ის ქონება. საქმეზე მოსარჩელე არის თვითონ, დავა არაქონებრივი ხასიათისაა. ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე განსახილველად დაუქვემდებარა ადმინისტრაციულ პალატას, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმის განსჯადობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 26.09.2000 წლის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა დაედო ჭიათურის ბაზარს.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი და 2000 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს უფლება აქვთ სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართონ სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს ამ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამდენად, კერძო საჩივრის მოტივი, რომ სასამართლოს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეუძლია დააყადაღოს ქონება, უსაფუვლოდ მიიჩნია. ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია კერძო საჩივარი ჭიათურის რაიკოოპერატივის, როგორც მესამე პირის, უფლებამოსილებაზე. მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და მას ეკისრება ყველა მოვალეობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მესამე პირს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს განცხადებით უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკამყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა ცეკავშირის შპს «ს-ის” დეპარტამეტის კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსჯადობის შესაბამისად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის 9 ივლისის ¹ 21 დადგენილება. აღნიშნული დადგენილება არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისატრციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. სადავო დადგენილება გამოცემულია ცეკავშირის გამგეობის მიერ, ხოლო ცეკავშირის გამგეობა არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე კოდექსის იმავე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოდ. იგი არ არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება. კანონმდებლობის საფუძველზე არ ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმე არ წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ შეცდომით იქნა მიჩნეული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმედ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და 2000 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ძირითადად ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებს, რომლებითაც დადგენილია სასამართლოს განსჯადი ადმინისატრციული საქმეების განხილვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან განსხვავებული წესი. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირებს გააჩნიათ უფრო ფართო უფლებამოსილებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშეEმესამე პირებთან შედარებით. სააპელაციო სასამართლოს აზრით, კონკრეტული საქმის განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენებით სააპელაციო სასამართლომაც დაუშვა შეცდომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას და მასზე შეტანილი კერძო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად, არის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული განჩინებების სამართლის ნორმების დარღვეულად მიჩნევის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ცეკავშირის შპს «ს-ის” დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმებულ იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება და 2000 წლის 24 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.