Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-22-კ 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

აღწერილობითი ნაწილი:

1992 წლის ივლისის თვეში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ლ-იამ და 1991 წელს მ. და ვ. დ-იას შორის ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე რ. ლ-იას კუთვნილ სახლ-კარზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ზეპირი გარიგების ბათილად ცნობა და ვ. ლ-იასაგან 20 000 მანეთის გადახდევინება მოითხოვა. რ. ლ-ია სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ 1991 წლის მარტის თვეში მან ზეპირი გარიგების საფუძველზე 40 000 მანეთად მიჰყიდა ვ. ლ-იას ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. 20 000 მანეთი ვ. ლ-იამ გადაიხადა, რაც ხელწერილითაც დაადასტურა, ხოლო დანარჩენი 20 000 მანეთის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც რ. ლ-ია ზეპირი გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

1993 წლის 29 მარტის განჩინებით ზუგდიდის რაიონის სასამართლომ აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე პროცესზე არ ცხადდებოდა, ამასთან, მოპასუხე ვ. ლ-იას შეგებებული სარჩელის აღძვრის უფლება დაუტოვა. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ საქმე გაითხოვა, მაგრამ რ. ლ-იას მეუღლემ, მისმა წარმომადგენელმა მ. ლ-იამ საქმე საფოსტო განყოფილებიდან ამოიღო და 2 წლის განმავლობაში ინახავდა.

1995 წელს ვ. ლ-იამ სოფ. ... საკრებულოს მიმართა და სადავო საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა, რისთვისაც საკრებულოს გამგებელს ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 29 მარტის განჩინება, რ. ლ-იას ხელწერილი და ზუგდიდის რაიონის იურიდიული კონსულტაციის გამგის განმარტება წარუდგინა. აღნიშნულის საფუძველზე ზუგდიდის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გაგმებლის მიერ 1995 წლის 16 ივნისს სადავო საცხოვრებელი სახლი ვ. ლ-იას სახელზე აღირიცხა. რ. ლ-იას მეუღლის, წარმომადგენლის მ. კ-ია-ლ-იას განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მათი ოჯახისათვის მხოლოდ 1999 წელს გახდა ცნობილი, რის გამოც მათ სოფ. ... საკრებულოს გამგებლისაგან მის მიერ ვ. ლ-იაზე უკანონოდ აღრიცხული სადავო სახლის ისევ რ. ლ-იას სახელზე რეგისტრაცია მოითხოვეს. საკრებულოს გამგებელმა 1999 წლის 28 ივლისს სადავო სახლი ისევ რ. ლ-იას სახელზე აღრიცხა. აღნიშნულის საფუძველზე რ. ლ-იამ 1999 წლის 8 ნოემბერს კვლავ სასარჩელო განცხდებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ამჯერად, სადავო სახლიდან აწ. გარდაცვლილი ვ. ლ-იას მეუღლის ჟ. ლ-იასა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება და 2000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდევინება მოითხოვა.

ვ. ლ-იას მეუღლემ, უფლებამონაცვლემ ჟ. ლ-იამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1991 წლის 19 იანვარს რ. ლ-იას და ვ. ლ-იას შორის მართლაც დაიდო სახლის ყიდვა-გაყიდვის ზეპირი გარიგება, მაგრამ არა 40 000 მანეთზე, არამედ 18 000 მანეთზე, რის თანახმადაც რ. ლ-იას ვ. ლ-იამ 18000 მანეთი გადაუხადა. შემდეგ რ. ლ-იამ 2000 მანეთის დამატება ითხოვა, რაც ვ. ლ-იამ შეასრულა და სულ 20 000 მანეთი გადაიხადა, რაზედაც შედგა ხელწერილი. აღნიშნულ სახლს 1991 წლიდან ფლობს და განაგებს ვ. ლ-იას ოჯახი, რომელმაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დავის გამო ვერ შეძლო 1995 წლამდე სოფლის საკრებულოში მოეხდინა მისი რეგისტრაცია. მოპასუხის განმარტებით 1995 წლიდან სადავო სახლი, როგორც ფაქტობრივად, ისე იურიდიულად მისი საკუთრებაა და ზუგდიდის რაიონის სოფ. ... გამგებელს არ ჰქონდა უფლება იგი რ. ლ-იაზე გადაეფორმებინა.

ზუგდიდის რაიონის სოფ. ... გამგებელმა ა. ლ-ამ მიუთითა, რომ დღეისათვის სადავო სახლი არავისზე არ არის რეგისტრირებული და მისი რეგისტრაცია შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, თუ ვინ არის სადავო სახლის მესაკუთრე, მოხდება სახლის რეგისტრაცია მესაკუთრეზე.

2000 წლის 24 ივლისს ჩხოროწყუს რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა რ. ლ-იას სარჩელი და თავისი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იგი უსაფუძვლობის გამო.

რ. ლ-იას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, რომელმაც მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდანაა წარმოშობილი და ამდენად, ადმინისტრაციულმა პალატამ უნდა განიხილოს. სააპელაციო პალატამ საქმეში ზუგდიდის რაიონის სოფ. .. გამგებელი ჩააბა და ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ჟ. ლ-იას პასუხი რ. ლ-იას სააპელაციო საჩივარზე შეგებებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა, რომლითაც ჟ. ლ-ია სადავო სახლის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ სოფ. ... გამგებლის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის ახალი გადაწყვეტილებით რ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჟ. ლ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სოფ. .. საკრებულოს მიერ ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ჟ. ლ-იას სახელზე რეგისტრაციის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული აქტი.

რ. ლ-ია არ დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ. ლ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეცეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. დავის საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რომლის გადაწყვეტის საფუძველზეც განხორციელდება უძრავი ნივთების რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში ზუგდიდის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიერ საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია თავისი ბუნებით უთანაბრდება რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რომელიც თავისთავად ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. ადმინისტრაციული აქტის დეფინიცია მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის თანახმადაც: «ადმინისტრაციული აქტი _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტია, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს». ასეთ აქტს რეგისტრაცია არ წარმოადგენს.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებლის მიერ სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია იმ მოტივით შეჩერდა, რომ არ იყო დადგენილი სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ამ საკითხზე დავა სასამართლოში მიმდინარეობდა. საკასაციო პალატა გამგებლის ამ მოქმედებას უძრავი ნივთების რეგისტრაციის შეჩერების ადმინისტრაციულ აქტად ვერ განიხილავს, რადგან თვლის, რომ მას უარი არ უთქვამს ქმედების განხორციელებზე, არამედ იგი რეგისტრაციის განხორციელებისათვის სასამართლოს მიერ მესაკუთრის დადგენას დაელოდა.

საკასაციო პალატა, ამასთან, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით გაურკვეველია თუ რა სტატუსით ჩააბა საოლქო სასამართლომ ზუგდიდის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებელი პროცესში, მითუმეტეს, რომ ამის თაობაზე განჩინება არ მიუღია. ყურადსაღებია ისიც, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოტანილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის შემადგენლობით.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოთა კოლეგიებისა და პალატების ფორმირებისა და მოსამართლეთა შესაბამის კოლეგიებსა და პალატებში მონაწილეობის წესებს, თვლის, რომ მოცემული დავა განსჯადობის მიხედვით უნდა განეხილა არა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, არამედ, ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველად, არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ჩაითვლება საქმის განმხილველ სასამართლოს არაკანონიერ შემადეგნლობად, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორ რ. ლ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.