Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-22-კს 19 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის პ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2000 წლის 18 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე სს «ს. ს. ბ.» 705 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში ანაზღაურება მოითხოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის 9 ივნისის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმის განხილვაში თანამონაწილეებად (თანამოპასუხეებად) ჩაბმული იქნენ: სს «კ. პ.», საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შპს «თ.».

2000 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისევ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და ამჯერად, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან 705 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში გადახდევინება მოითხოვა. მოსარჩელემ 1999 წლის 5 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს «ს. ს. ბ.» და სს «კ. პ.» შორის დადებული ვალდებულების ყიდვის (ფაქტორინგული) ხელშეკრულების ბათილად ცნობაც მოითხოვა, თუმცა 2000 წლის 7 სექტემბრის სასარჩელო განცხადებაში სს «ს. ს. ბ.», სს «კ. პ.» და შპს «თ.» მესამე პირებად იქნენ დასახელებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმში აღინიშნა, რომ 2000 წლის 7 სექტემბრის სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანას 2000 წლის 18 მაისის სასარჩელო განცხადებაში.

ამავე სასამართლოს 2000 წლის 7 ნოემბრის განჩინებით კი წარმოებით შეწყდა საქართველოს ეროვნული ბანკის 18.05.2000 წლის ¹ 128/16 სასარჩელო განცხადებისა და 09.06.2000 წლის ¹ 141/16 განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმე პირველი მოპასუხის - სს «ს. ს. ბ.», მეორე მოპასუხის - სს «კ. პ.», მესამე მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მეოთხე მოპასუხის შპს «თ.» მიმართ. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს «ს. ს. ბ.» სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების - 300 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმის შეწყვეტის საფუძვლად სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელემ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავარ სხდომაზე უარი თქვა პირველ სასარჩელო განცხადებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა პ. ხ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და 2000 წლის 7 ნოემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ 2000 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტროაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის პ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიამ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 202-ე მუხლის მოთხოვნები მოსარჩელისათვის მოპასუხის წერილობითი შესაგებლის გადაგზავნისა და 5 დღიანი ვადის მიცემის თაობაზე. აღნიშნული არ განხორციელდა მას შემდეგაც, რაც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ითხოვა საქმის გადადება და მისთვის შესაბამისი დროის მიცემა ფინანსთა სამინისტროს 03.11.2000 წ. ¹ 13-02/287/5063 შესაგებლის გასაცნობად. მოსარჩელეს არ გადაგზავნია არც სს «ს. ს. ბ.» მიერ 09.11.2000 წ. წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები. საქმე არ გადაიდო არც მესამე პირთა პირველი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, (თუ სასამართლო მართლაც თვლიდა, რომ იხილებოდა ახალი სასარჩელო განცხადება), რითაც დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მოთხოვნები.

2. საკასაციო პალატა სასამართლო კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმში სასამართლომ უკვე დააზუსტა, რომ 2000 წლის 7 სექტემბრის სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე - საქართველოს ეროვნული ბანკი ითხოვდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანას 2000 წლის 18 მაისის სასარჩელო განცხადებაში, რის საფუძველზეც სასამართლომ წარმოებაში მიიღო მოსარჩელის 2000 წლის 7 სექტემბრის დამატებითი სასარჩელო განცხადება და ამის შემდეგ დანიშნა მთავარი სხდომა. საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას აღნიშნული განცხადება ცალკე წარმოებად არ მიუღია. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გაურკვეველია, თუ რომელი საქმის წარმოება შეწყვიტა სასამართლომ, რადგან 2000 წლის 12 ოქტომბრის მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინებით იგი მხოლოდ ერთ ¹ 03ა/97 საქმეს იხილავდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის პ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ნოემბრისა და 21 ნოემბრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.