3გ/ად-22-კს 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
განიხილა «...-ის» კომპანიის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 მაისის განჩინებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და აღსრულების გადადების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
14.05.2001წ. შპს «...-მ» ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 29.11.2000წ. გადაწყვეტილებით შპს «...-ის» ქონებას დაედო ყადაღა სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების (2.682.465 ლარის) დასაფარავად. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
შპს «...-მ» განცხადებაში მიუთითა, რომ 29.11.2000წ. თბილისის საოლქო გადაწყვეტილება ეფუძნება ორ დოკუმენტს:
ა) საქართველოს საგადასახადო ინსპექციის სავალუტო და საექსპერტო კონტროლისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მთავარი საგადასახადო ინსპექტორების მიერ 30.09.98წ. შედგენილი აქტი, რომლითაც დაფიქსირდა განმცხადებლის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედეგები;
ბ) საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 18.12.98წ. ¹ 04-2-6/200/4189 გადაწყვეტილება.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ზემოთმითითებულმა ორივე დოკუმენტმა განიცადა ცვლილება. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინეს მათ მიერ შედგენილი აქტების კორექტირება, რომლის შესახებაც, განმცხადებლის განმარტებით, მისთვის მხოლოდ 11.05.2001წ. ¹ 09-2-6/88/1681 წერილის საფუძველზე გახდა ცნობილი, მაშინ, როცა რეალურად მოწერილობა (გადაწყვეტილება) დათარიღებულია 01.02.2001 წლით.
შპს «...-ის კომპანია» მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე, 426-ე და 432-ე მუხლების საფუძველზე უნდა მოხდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.11.00წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებელი, ამასთანავე მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 17.05.01წ. განჩინებით მიიჩნია, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ არ უნდა განხილულიყო შემდეგ მოსაზრებათა გათვალისწინებით:
კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მე-3 და 423-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის (განახლების შესახებ განცხადების წარმოდგენისათვის). ამასთანავე, არ არის განმცხადებლის მიერ დაკონკრეტებული თუ 423-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული რომელი პუნქტი ესადაგება სადავო ურთიერთობას, რომელი წარმოადგენს გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველს.
კოლეგიის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «დ» და «ვ» პუნქტები ვერ მოაწესრიგებს შპს «...-ის კომპანიის» სადავო ურთიერთობას. რადგან ამ უკანასკნელს საქმის მიმდინარეობის პროცესში კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია არც საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილი 30.09.98 წლის აქტისა და არც საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 18.12.98 წლის გადაწყვეტილების კანონიერება.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებელს დარღვეული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვის შესახებ. სასამართლომ შპს-ს მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ვადის გაშვების მოტივი დასაშვებად არ მიიჩნია და ჩათვლა, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 01.02.2001წ. ¹ 01-1/141 გადაწყვეტილების (მიწერილობის) შესახებ შპს «...-ის კომპანიისათვის» მითითებულზე უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ყოველივე ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «...-ის კომპანიის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული განსახილველად.
შპს «...-მ» თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.05.01წ. განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა; 1) ზემოთმითითებული განჩინების გაუქმება და 2) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება და მისი აღსრულების შეჩერება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 7 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნები ემთხვეოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, რომელზეც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივრის მოთხოვნები არ მიიჩნია დასაშვებად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმის თანდართულ მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, საკასაციო პალატაში შემოსული კერძო საჩივარი კი დაუკმაყოფილებელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს «...-ის კომპანიის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ აქვს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ის საფუძვლები თუ მოთხოვნები, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობა იქნებოდა. სასამართლოს შემადგენლობა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებასა და საოლქო სასამართლოში შეტანილ კერძო საჩივარში იდენტური მოთხოვნებია ჩამოყალიბებული, ამ უკანასკნელზე კი კოლეგიამ სწორად იმსჯელა და მიიჩნია, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა ყოფილიყო დატოვებული განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს «...-ის კომპანიის» განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ არის მითითებული საქმის წარმოების განახლების წანამძღვრებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და 423-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განახლების საფუძველია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს დარღვეული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, კონკრეტულად არ არის განმარტებული სამოქალაქო კოდექსის რომელი მუხლი მიესადაგება სადავო ურთიერთობას, რომელიც შეიძლება გახდეს საქმის განახლების საფუძველი.
საკასაციო პალატა ეთანხმება 17.05.01წ. საოლქო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის «დ» და «ვ» ქვეპუნქტები ვერ გახდება საქმის განახლების საფუძველი, რადგან აღნიშნული მუხლის მიხედვით, ამ საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს საქმის განხილვისას არ შეეძლო წარმოედგინა ის გარემოებები თუ მტკიცებულებები, რომლებსაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადებაში უთითებს. შპს «...-ის კომპანიას,» კანონით დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სადავო აქტები, კერძოდ 1. საქართველოს საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო და საექსპერტო კონტროლისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ შედგენილი 30.09.98წ. აქტი და 2. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამეტის 18.12.98წ. მიწერილობის გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «...-ის კომპანიის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 მაისისა და 7 ივნისის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 421-ე და 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. «...-ის კომპანიის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 მაისისა და 7 ივნისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.