Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-23-კს 15 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ს-იას კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 25 მაისს რ. ს-იამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამხარეო საგამოძიებო დეპარტამენტის მიმართ და მის საკუთრებაში მყოფი ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ყადაღისაგან განთავისუფლება მოითხოვა.

ქუთაისის სამხარეო საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იმერეთის მხარის საგამოძიებო სამსახურში გამოძიებულ იქნა სისხლის სამართლის საქმე შპს «ნ-ს» კომერციული დირექტორის ნ. კ-შვილის მიმართ, რომელმაც ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (284,84 კვ.მ.) მეანაბრეთა თანხებით თაღლითური გზით შეიძინა და ძმის – რ. ს-იას სახელზე გააფორმა. ამდენად, მოპასუხის აზრით, სადავო ფართზე ყადაღის დადება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ს-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ც. ც-მა. ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2000 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნ. კ-შვილის სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე საქმე წარმოებით შეაჩერა. განჩინება რ. ს-იას წარმომადგენლის, ადვოკატ ც. ც-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 21 ნოემბრის განჩინებით რ. ს-იას წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის დ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება «თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე», მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-შვილის სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე. საქმის მასალების მიხედვით ნ. კ-შვილის (რ. ს-იას დის) მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 153-ე მუხლით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თაღლითობისათვის. ნ. კ-შვილს ბრალად ედება მენაბრეების თანხებით ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის შეძენა, რომელიც თავისი ძმის რ. ს-იას სახელზე გააფორმა. სწორედ ეს ფართია დაყადაღებული, რომლის ყადაღის მოხსნასაც ითხოვს მოსარჩელე რ. ს-ია.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, მიუხედავად იმისა, წარმოდგენილი იქნება თუ არა მოპასუხის ან მესამე პირის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან ეს სასამართლოს ვალდებულებაა და არა უფლებამოსილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ს-იას წარმომადგენლის, ადვოკატ ც. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის განჩინებები და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.