Facebook Twitter

3გ/ად-23-კ-ს-01 17 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. სხირტლაძე

კერძო საჩივრის თხოვნა: განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ნ.-ს» დირექტორმა კ. მ-ანმა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის შეჩერების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ სარჩელი უნდა აღეძრა მოპასუხეების: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს «ლ.-ს» მიმართ, რომელთა ქმედებების გამო ზიანი ადგებოდა განმცხადებლის უფლებებსა და ინტერესებს. ამიტომ მან ითხოვა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან სხვადასხვა ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების გამოთხოვა, ქ. თბილისში, ... მდებარე ორი აფთიაქის დათვალიერება და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შეჩერება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს «ნ.-ს» დირექტორ კ. მ-ანის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ნ.-ს» დირექტორმა კ. მ-ანმა, მაგრამ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს «ნ.-ს» დირექტორ კ. მ-ანის კერძო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა კ. მ-ანის მოთხოვნა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, გამსახურდიას გამზ. ¹6 მდებარე აფთიაქების დათვალიერების შესახებ.

ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეიტანა შპს «ლ.-ს» წარმომადგენელმა ა. მ-იამ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის 2001 წ. 20 აპრილის სხდომაზე შპს «ნ.-ს» დირექტორ კ. მ-ნის კერძო საჩივარი ისე იქნა განხილული, რომ შპს «ლ.-ს» არც კერძო საჩივრის ასლი გადაეგზავნა და არც კერძო საჩივრის განხილვაზე მოუწვევია იგი სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ შეამოწმა შპს «ლ.-ს» წარმომადგენელ ა. მ-იას განცხადების დასაშვებობის საკითხი და 2001 წ. 24 მაისის განჩინებით განუხილველად დატოვა იგი იმ საფუძვლით, რომ შპს «ლ.-ს» წარმომადგენელმა ა. მ-იამ აღნიშნული განცხადება შეიტანა იმ განჩინებაზე, რომელიც გამოტანილი იყო მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სამართალწარმოების ადრეულ სტადიაზე, ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრამდე, რაც არანაირად არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო, როგორც საქმის წარმოების დამთავრება, რის შემდეგაც შეიძლებოდა დასაშვები ყოფილიყო საქმის წარმოების განახლება.

შპს «ლ.-ს» წარმომადგენელმა ა. მ-იამ სააპელაციო სასამართლოს 2001 წ. 24 მაისის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ შპს «ნ.-ა» არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, მას არა აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი სასამართლოში შპს «ლ.-ს» მიმართ, ლიცენზიის გაცემის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წ. 20 აპრილის განჩინება შპს «ლ.-ს» აფთიაქის დათვალიერების თაობაზე არის საბოლოო, კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ საქმეზე წარმოება არ გაგრძელდება, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, დასაშვები უნდა იყოს აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წ. 24 მაისის განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს «ლ.-ს» კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 აპრილის განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ (შპს «ლ.-ს» აფთიაქის დათვალიერების თაობაზე) არის საბოლოო და საქმის წარმოება არ უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს აქვს უფლება, სარჩელი აღძრას სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით; ვინაიდან საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით შპს «ნ.-ს» აფთიაქზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გასულია და იგი ფარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებს ულიცენზიოდ, ამიტომ შპს «ნ.-ა» არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს და არ აქვს უფლება, მომავალში აღძრას სარჩელი შპს «ლ.-ს», აგრეთვე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დამთავრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით და არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება შეტანილ იქნა იმ განჩინებაზე, რომელიც მიღებული იყო სარჩელის აღძვრამდე მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო როგორც საქმის წარმოების დამთავრება, რის შემდეგაც, შესაბამისი წანამძღვრების არსებობისას, შესაძლებელი იქნებოდა საქმის წარმოების განახლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ლ.-ს» წარმომადგენელ ა. მ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 მაისისა და 2001 წლის 14 ივნისის განჩინებები.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.