Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-24-კ-ს 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. მეტრეველი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. კ-მა ქუთაისის მერიის 2000 წლის 7 აგვისტოს ¹4 ბრძანების «...... სახელობის ¹...... საშუალო სკოლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ”, ამავე ბრძანებით დამტკიცებული «საკონკურსი კომისიის დებულებისა” და 2000 წლის 29 აგვისტოს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, ქ. ქუთაისის მერიის შესაგებლის საფუძველზე, მოცემული საქმე ჩათვლილ იქნა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიის 2000 წლის 7 აგვისტოს ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ¹1 დანართი «საკონკურსო კომისიის დებულების შესახებ” წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც ამავდროულად ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის შინაარსის მქონეა, ვინაიდან იგი ვარგისია მუდმივი (ან დროებითი) მრავალჯერადი გამოყენებისათვის, ადგენს ქცევის წესს და არ ეხება მხოლოდ ერთი პირის უფლებებსა და მოვალეობებს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თ. კ-ის დამატებითი სარჩელით ითხოვდა განსჯადობის შესაბამისად საქმის ქუთაისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ” პუნქტით და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით თ. კ-ის სარჩელი გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

მოსარჩელე თ. კ-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მისი სარჩელი. მიუხედავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მოთხოვნისა, რომ უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, ქუთაისის მერიის 2000 წლის 13 ნოემბრის ¹162 განკარგულებით ზ. კ-ე დაინიშნა დირექტორად. მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ” პუნქტის თანახმად ქუთაისის მერიის 2000 წლის 13 ნოემბრის 162-ე განკარგულების მოქმედების შეჩერება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა თ. კ-ის განცხადება; შეაჩერა ქუთაისის მერიის 2000 წლის 13 ნოემბრის განკარგულება ზ. კ-ის ...... სახელობის ¹..... სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვის შესახებ, თინათინ კ-ის სარჩელის გადაწყვეტამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თ. კ-მა შეიტანა სარჩელი ქუთაისის მერიასთან ¹...... სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის, ქუთაისის მერიის ბრძანების _ კონკურსის დანიშვნის შესახებ და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას ბათილად ცნობის შესახებ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სარჩელის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, ქუთაისის მერიას არ ჰქონდა უფლება გამოეცა სადავო განკარგულება. ასევე, მიეთითა, რომ ზ. კ-ის მიერ სარჩელის გადაწყვეტამდე დირექტორის მოვალეობის შესრულება გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელშიც მიუთითა, რომ «ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის” 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მერიის განკარგულება არის ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. შესაბამისად მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების თანახმად მოცემული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო და არა საოლქო სასამართლოსი. ასევე, აღნიშნა რომ თ. კ-ის განცხადებაში მითითებული არ არის იმ გარემოებებზე, რომლის გამოც უზრუნველყოფილ ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება თ. კ-ის განცხადების გამო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა კერძო საჩივარი, 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი დაუსაბუთებულობისა და უსაფუძვლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრით გასაჩვრებული განჩინება ქუთაისის მერიას ჩაბარდა 2000 წლის 16 ნოემბერს. კერძო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამავე წლის 27 ნოემბერს, ე.ი. განჩინების ჩაბარებიდან 12 დღეში. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის მერიამ გაუშვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მერიამ გაუშვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი 5-დღიანი ვადა. კანონის აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ ამ ვადის დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალები არ მოიპოვება ქუთაისის მერიისათვის განჩინების 2000 წლის 16 ნოემბერს ჩაბარების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმის ფურცელზე 78-ე მოთავსებული 15/XI-2000 წლის ¹3/18-2000 წერილიდან არ დასტურდება თუ როდის ჩაიბარა 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება ქუთაისის მერიამ. ს.ფ. 79 მოთავსებულ გზავნილზე გაუკეთებელია ხელმოწერა და თარიღი 16.11, მაგრამ გაურკვეველია, თუ ვინ მოაწერა ხელი ან რა დაადასტურა ამით, გზავნილში მითითებული არ არის აღნიშნული განჩინების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს განჩინების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ქ. ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოების მიერ მოცემული საქმე მიჩნეულ იქნა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმედ, საქმის განხილვა და მათ მერიის გასაჩივრებული განჩინების კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანა მოხდა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, არასწორია. მოცემული საქმის დავის საგანს შეადგენს შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კოლეგიის საქმეთა პალატის 2000 წლის 3 იანვრის ¹3გ/ად-34-კ საქმეზე გამოტანილი განჩინებით შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები მიჩნეულ იქნა კერძო და არა საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროდ, შესაბამისად აღნიშნული განჩინებით დადგინდა, რომ ეს საქმეები არ არის სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები და მათი განხილვა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ შრომითი დავების განხილვა ჩაითვალა არაგანსჯადი საქმეების განხილვად, ხოლო საქმის განმხილველი სასამართლო არაკანონიერ შემადგენლობად.

მოცემული საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლო შემადგენლობა იზიარებს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმედ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კერძო საჩივრით გასაჩივრებული 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება და ამავე წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ძირითადად ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლს. ე.ი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გასაჩივრებული განჩინების კანონის ნორმათა დარღვევით გამოტანილად ჩათვლის საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეუძლია იმსჯელოს საქმის განსჯადობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და 419-ე მასალებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმებულ იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. საქმე განსჯადობის შესაბამისად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.