გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-25-კ-ს 1 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. სხირტლაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესში მესამე პირად ჩართვა
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 25 ოქტომბერს შპს «მ-ს” რწმუნებულმა აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, დიდი დიღმის, გლდანის შემაერთებელი მაგისტრალისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 3,9 ჰა მიწის ნაკვეთსა და ადმინისტრაციულ შენობაზე 1997 წლის 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტისა და ნახაზის ნამდვილობის აღიარება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს «მ-ს” აღიარებითი სარჩელი დაკმაყოფილდა და ნამდვილად იქნა ცნობილი თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ტექნკური პასპორტი და ნახაზი, რაც ამჟამად კანონიერ ძალაშიაAშესული.
2000 წლის 9 მარტს მოპასუხე _ თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი მიუთითებდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებასა ¹ 16.63.1080 და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
2000 წლის 19 ოქტომბერს შპს «დ.” გენდირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ უშუალო კავშირშია მის ინტერესებთან, რადგან 1997 წლის 1 დეკემბერს თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შპს «მ-ზე” გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის ნამდვილად ცნობის საკითხი ვერ გადაწყდება ამავე ბიუროს მიერ 1997 წლის 21 აგვისტოს შპს «დ.” გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის შეუფასებლად, რითაც შესაძლოა არსებითად შეიცვალოს შპს «დ.” ქონებრივ-სამართლებრივი მდგომარეობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს «დ.” უარი უთხრა საქმეში მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატაში დავის საგანს წარმოადგენდა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე. 1997 წლის 21 აგვისტოსა და 1 დეკემბრის ტექნიკური პასპორტისა და ნახაზების ნამდვილობის საკითხს ამ ეტაპზე სააპელაციო პალატა არ იხილავდა, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში შპს «დ.”, როგორც მესამე პირს არ გააჩნდა არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცესულურ-სამართლებრივი ინტერესი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის საგანზე შპს «დ.” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში უკვე აღძრული ჰქონდა სარჩელი 2000 წლის მარტის თვიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას, მესამე პირად საქმეში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, კერძო საჩივრის წესით ასაჩივრებს შპს «დ.” და იმავე საფუძვლით ითხოვს მის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, შპს «დ.” შუამდგომლობის გაცნობის, სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება შპს «დ.” მესამე პირად საქმეში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობა ხელახლა განხილვისათვის განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, ვინაიდან განსახილველი საქმე და შესაბამისად, შპს «დ.” შუამდგომლობაც, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას, არამედ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და სამოქალაქო პროცედურით უნდა განხილულიყო და რადგან განხილულ იქნა არაგანსჯადი სასამართლოს, ანუ სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ «საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა” პუნქტის (განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი) შესაბამისად და განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის პირველი _ მეორე ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 390-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თავისუფალი ვაჭრობის კომპლექს შპს «დ.” გენდირექტორის ტ. ფ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.