Facebook Twitter

3გ/ად-25კს-01 4 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 8 ივნისს მოსარჩელეთა: მ. ა-ეუს; ი. შ-ძის; დ. ლ-ავას და სხვათა; ფოთის 1447 მეანაბრეთა კანონიერი ინტერესების დამცველი საინიციატივო ჯგუფის, სულ 1491 მეანაბრეთა წარმო-მადგენელმა ე. გ-იამ ზემოაღნიშნულ მოპასუხეთა მიმართ, სარჩელი აღძრა სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში რიცხული მათი ანაბრის თანხების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის განჩინებით ვ. გ-იას სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე. Kკერძოდ:

1. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი მოსარჩელეთა სახელით შეიტანა პირმა, რომელსაც წარმოდგენილი მინდობილობებით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნია, ხოლო მოსარჩელედ მითითებული ა. და გ. რ-შვილების, ე. გ-იას და სხვათა, 19 მოსარჩელის მინდობილობა საერთოდ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ფოთის 1447 მეანაბრეთა კანონიერი ინტერესების დამცველი საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი მინდობილობა, კოლეგიამ არ ჩათვალა 1447 მეანაბრის საინიციატივო ჯგუფის მინდობილობად, ვინაიდან საინიციატივო ჯგუფი არჩეულ იქნა კრებაზე, რომელსაც მხოლოდ 750 მეანაბრე ესწრებოდა;

2. სასარჩელო განცხადებაში დავის საგნად მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან არ წარმო-ადგენს საერთო სასამართლოების განსჯად დავას;

3. სასარჩელო განცხადებაში დაუკონკრეტებელია თითოეული მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა და სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ცალკეულმა მოსარჩელემ დამოუკიდებელი სარჩელით უნდა მიმართოს რაიონულ სასამართ-ლოს, მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.

სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოლქო სასამარ-თლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა წარმომადგენელმა ე. გ-იამ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას, სარჩელის წარმოებაში მიღება-დაკმა-ყოფილებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეთა გათავისუფლებას, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას და კომისიური ექსპერტიზის და-ნიშვნას ანაბრების თანხების ოდენობის დასადგენად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 25 ივნისის განჩინებით არ დააკ-მაყოფილა კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხ-ლის შესაბამისად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

1. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის პირველ მოტივს, რომ მოსარჩელეთა სახელით სასარჩელო განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის ე. გ-იას მიერ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი მეანაბრე დ. ლ-ავას, ი. შ-ძის, რ. ხ-იას და სხვათა, სულ 31 მეანაბრეთა მიერ გაცემული მინდობილობებით მარწმუნებლები რწმუნებულ ე. გ-იას უფლებამოსილებას ანიჭებენ, რათა რწმუნებულმა ყველა სასამართლო ინსტანციაში აწარმოოს მათი საქმეები იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს, მათ შორის უფლებითაც დაამთავროს საქმე მორიგებით, მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს ან უარყოს სარჩელი და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები. წარმოდგენილ ე. გ-იასათვის ყველა სასამართლო ინსტანციაში დავების (საქმეების) წარმოების უფლებამოსილების მინიჭება, საკასაციო პალატის აზნით, თავისთავად მოიცავს რწმუნებულის (წარმომადგენლის) მიერ მარწმუნებელთა სახელით სარჩელის აღძვრის უფლებასაც, რადგან სარჩელის აღძვრა სამართლებრივი თვალსაზრისით ისეთი საპროცესო მოქმედებაა, რომლის განსახორციელებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი არ ითვალისწინებს სპეციალურ რწმუნებას და გაცემულ მინდობილობაში მის საგანგებოდ მითითებას. აღნიშნულს ადასტურებს ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-II ნაწილი და 186-ე მუხლის I ნაწილის “ზ” პუნქტი, რომლის თანახმადაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ “დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე”. კონკრეტულ შემთხვევაში კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სანოტარო წესით გაფორმებყლი მინდობილობით (რწმუნებებით) წარმომადგენელ ე. გ-იას მეანაბრეთაგან გადანდობილი აქვს ყველა სასამართლო ინსტანციაში მათი საქმეების (დავების) წარმოების უფლებამოსილება, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ე. გ-იასათვის უარის თქმის შესახებ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივარი.

სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეანაბრე დ. ლ-ავას, ი. შ-ძის, რ. ხ-იას და სხვათა, სულ 32 მეანაბრის მინდობილობა გაცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის II ნაწილის, 96-3 მუხლისა და 98-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სარჩელი შეტანილია საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის 186-ე მუხლის I ნაწილის «ზ» პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ამიტომ ზემოაღნიშნული 32 მეანაბრის წარმომადგენლის ე. გ-იას სარჩელი დასაშვებია და წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული;

2. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის დანარჩენ მოტივს 1459 მეანაბრის წარმომადგენლად ე. გ-იას ცნობისა და სარჩელის დასაშვებობის თაობაზე. პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას 1459 მეანაბრის ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან:

ა) მენაბრე მ. ა-ეუს, ა. რ-შვილის, ნ. ნ-შვილისა და ე. გ-იას მინდობილობები გაცემულია 2001 წლის 1 ივლისამდე ვადით, ამჟამად მისი მოქმედების ვადა ამოწურულია და წარმომადგენელ ე. გ-იას აღარა აქვს მათ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელების უფლებამოსილება;

ბ) მეანაბრე თ. გ-იას, მ. კ-ავას, ა. ჭ-იას, დ. ჭ-იანის, ბ. და მ. ჟ-ის, ც. და ნ. თ-ძის, პ. და ლ. შ-ძის, მ. ჩ-ოვას, დ. ჩ-ძისა და ნ. ჯ-ძის მინდობილობები საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ამიტომ მათ საქმეებზე ე. გ-იას წარმომადგენლობის უფლებამოსილება დაუსაბუთებელია;

გ) ა. რ-შვილის ვადაგასული მინდობილობის საფუძველზე მისი არასრულწლოვანი შვილიშვილების ა. და გ. რ-შვილების საქმეებზე ე. გ-იას წარმომადგენლად ცნობაც პროცესუალურად, ასევე, დაუშვებელია ვინაიდან ა. რ-შვილის (პაპის) მინდობილობა ვადიანიც რომ ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილების წარმომადგენლობაზე ე. გ-იასათვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ქმედუუნარო (7 წლამდე ასაკის ბავშვისა) და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე (7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი) პირის კანონიერი წარმომადგენლები არიან მისი მშობლები (მშვილებლები) და სასამართლოშიც სწორედ ისინი იცავენ მათ უფლებებს;

დ) უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კერძო საჩივარი ე. ჭ-იასა და თ. გ-შვილის მემკვიდრეობის შესახებ და მათი მინდობილობების საფუძველზე მ. კ-ავას, ა. ჭ-იასა და დ. ჭ-იანის საქმეებზე ე. გ-იას წარმომადგენლად ცნობა, რადგან კერძო საჩივარში მხოლოდ სიტყვიერადაა მითითებული, რომ ე. ჭ-ია არის მ. კ-ავას და ა. ჭ-იას მემკვიდრე, ხოლო თ. გ-შვილი – დ. ჭ-იანის, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებული მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა) საქმეში წარმოდენილი არ არის;

ე) ფოთის 1447 მეანაბრის კანონიერი ინტერესების დამცველი საინიციატივო ჯგუფის სახელით გაცემული მინდობილობის საკითხზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს არც საოლქო სასამართლო კოლეგიისა და არც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას უსწორობის (უმართებულობის) გამო. კოლეგიამ მიუთითა, რომ საინიციატივო ჯგუფის სახელით გაცემული მინდობილობა არ შეიძლება ჩაითვალოს 1447 მეანაბრის მიერ გაცემულ მინდობილობად, ვინაიდან თავად საინიციატივო ჯგუფის ამომრჩევ საერთო კრებას ესწრებოდა 750 მეანაბრე და საინიციატივო ჯგუფსაც შეეძლო ე. გ-იასათვის გადაენდო მხოლოდ 750 მეანაბრის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია მეანაბრეთა 1999 წლის 20 ოქტომბრის კრების ოქმი ¹1, კრებას 1447 მეანაბრიდან ესწრებოდა 750 მეანაბრე, სადაც არჩეულ იქნა მეანაბრეთა კანონიერი ინტერესების დამცველი საინიციატივო ჯგუფი 5 მეანაბრის შემადგენლობით. საკასაციო პალატის აზრით, წარმოდგენილი ოქმი არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიულ დოკუმენტად, სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გაუმართავობისა და არასრულყოფილად გაფორმების გამო, ვინაიდან კრებაზე დამსწრე 750 მეანაბრე ოქმში ზოგადადაა დაფიქსირებული, მათი ვინაობის მითითების გარეშე, ამიტომ რეალურად დაუდგენელია 1447 მეანაბრედან პერსონალურად რომელი 750 მეანაბრის უფლებებს იცავს საინიციატივო ჯგუფი და კონკრეტულად ვის ინტერესებს გამოხატავს იგი. შესაბამისად, გაურკვეველია საინიციატივო ჯგუფმა თავისი მინდობილობით პიროვნულად რომელი მეანაბრის უფლებების დაცვა გადაანდო ე. გ-იას და ვის ინტერესებს წარმოადგენს იგი, ასევე, უცნობია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიც (მოცულობა). ამასთან ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული ¹1 ოქმი დადასტურებულია მხოლოდ კრების თავმჯდომარე ბ. ჯ-ავას და მდივან ნ. ბ-ძის მიერ, სანოტარო დამოწმების გარეშე, საქმეში კი არც 750 და არც 1447 მეანაბრის საბანკო დოკუმენტაცია (ანაბრის წიგნაკი, ანაბრის ანგარიშიდან ამონაწერი) ან ანაბართან დაკავშირებული სხვა რაიმე მტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. გ-ია არ შეიძლება ჩაითვალოს არც 750 მეანაბრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა მართებულია, როგორც 750, ასევე, 1447 მენაბრის სახელით სარჩელი შეტანილია საქმის წარმოებაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ და საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს. პალატა აქვე განუმარტავს ე. გ-იას, რომ ამ მენაბრეთა ინტერესების დასაცავად და მათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ცნობისათვის საჭიროა წარმოადგინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობა და ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი იქნება მეანაბრეთა სახელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს იგივე სარჩელით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში 176-ე ფურცელზე წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე ე. გ-ია ცნობილია პენსონალურად მეანაბრე დ. ჭ-ავას, შ. ჩ-შვილის, ს. ყ-შვილის, ნ. ბ-ძისა და ო. კ-იას წარმომადგენლად და ამ ნაწილში ე. გ-იას სარჩელი დასაშვებია;

3. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას 186-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტთან დაკავშირებით, რადგან ანაბრების თაობაზე ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობა უდავოდ არ წარმოადგენს საერთო სასამართლოების განსჯად დავას და საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემდებარეა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით «საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ. ძალადაკარგულად ჩაითვალა ე. გ-იას სარჩელში მითითებული სადავო აქტები და დღეისათვის დავის საგანიც აღარ არსებობს.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივარს ზემოაღნიშნული 32 მეანაბრის ნაწილში და მიაჩნია, რომ სარჩელი მათი სახელით შეტანილია საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ე. გ-იას მიერ, ამიტომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რადგან 1459 მეანაბრის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე არაუფლებამოსილი პირის ე. გ-იასათვის უარის თქმა კანონიერია და ამ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. გ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის განჩინება მეანაბრეთა დ. ლ-ავას, ი. შ-ძის, რ. ხ-იას და სხვათა, სულ 32 მეანაბრის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე წარმომადგენელ ე. გ-იასათვის უარის თქმის ნაწილში, სასარჩელო განცხადება ცნობილ იცნეს დასაშვებად და არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

3. კერძო საჩივარს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვას და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის განჩინება 1459 მეანაბრის სახელის წარმოებაში მიღებაზე ე. გ-იასათვის უარის თქმის ნაწილში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.