Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-26-კ-01 4 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი

1. ხელვაჩაურის რაიონში მწვანე კონცხზე მდებარე სახლთმფლობელობაზე მემკვიდრეობის აღდგენა.

2. სადავო სახლთმფლობელობაზე 1993 წლის 23 აპრილს დადებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობა.

3. სადავო სახლთმფლობელობაზე 1995 წლის 4 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1995 წლის 13 ნოემბერს კასატორმა ა. ქ-ავამ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მწვანე კონცხზე მდებარე სახლთმფლობელობის (აგარაკის) დაბრუნება იმ მოტივით, რომ სახლი 1934 წლის 1 აგვისტომდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა დედამისს – ას. ქ-ავას. კერძოდ, 1922 წლის 7 სექტემბერს ვ. ვ-იდისაგან სადავო სახლი შეიძინა ო. ი-ილმა, რომელიც იყო კასატორის დედის – ას. ქ-ავას მამა. მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო აგარაკი მემკვიდრეობით მიიღო კასატორის დედამ – ას. ქ-ავამ, რომელიც საკუთრების უფლებით აგარაკს ფლობდა 1934 წლამდე. ბათუმის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1934 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით ას. ქ-ავას ო. ი-ილის სხვა მემკვიდრეებთან ერთად ნება დაერთო მწვანე კონცხზე მდებარე სადავო სახლის «ს-ზე» გასხვისებაზე. დადგენილებით საკავშირო «ს-ის» გაერთიანებას დაევალა 50000 მანეთის გადარიცხვა შემნახველ სალაროში გამსხვისებლებზე გასაცემად. «ს-ზე» გადაცემის შემდეგ სადავო სახლში ფუნქციონირებდა მოზარდთა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი, რომლის პრივატიზებაც მოხდა 1993 წლის 23 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების შესაბამისად და საკუთრებაში გადაეცა დასასვენებელი სახლის ყოფილ დირექტორს ა. ც-ძეს, რომელიც იქ ცხოვრობდა 1945 წლიდან, ხოლო 1995 წლის 4 სექტემბერს ა. ც-ძემ გაასხვისა პრივატიზებული სადავო სახლი ნ. ა-ძეზე მოსარჩელე ა. ქ-ავა ითხოვდა სადავო სააგარაკო სახლის დაბრუნებას მემკვიდრეობის უფლებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენას და სახლის პრივატიზება – ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ქ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ჩაეთვალა არასაპატიოდ, მწვანე კონცხზე მდებარე სახლზე მემკვიდრეობის უფლების აღდგენაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, ხოლო სახლის პრივატიზება-ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში სარჩელი განუხილველად დარჩა, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძრული. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიაში, რომელმაც 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დავა ა. ქ-ავას საჩივრის საფუძველზე რამდენჯერმე იქნა განხილული საკასაციო-სააპელაციო სასამართლოების მიერ, ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 იანვრის განჩინებით ა. ქ-ავას სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინების შესაბამისად, საქმეში ჩართო დაინტერესებული პირები: ხელვაჩაურის ნოტარიუსი, მწვანე კონცხის მოზარდთა და ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის ადმინისტრაცია, ა. ც-ძე და ქუთაისის ს.ს. «ტ.», რომელიც ქუთაისის ¹ 1 საგზაო სარემონტო საამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეა, რომელსაც 1993 წლის იანვრიდან გადაეცა სადავო აგარაკი. სააპელაციო პალატამ, ასევე ადგილზე გასვლით დაათვალიერა მწვანე კონცხზე მდებარე სადავო სახლი.

2. სააპელაციო პალატამ 1934 წელს სახლის უკანონოდ ჩამორთმევაზე დავა ხანდაზმულად მიიჩნია და გაშვებულ ვადის აღდგენაზე უარი უთხრა, ვინაიდან ა. ქ-ავამ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ქ-ავას მიერ სახლის ჩამორთმევის გასაჩივრების ფაქტს. ასევე, ვერ იქნა მოძიებული მტკიცებულება 50 000 მან. (აგარაკის კომპენსაციის თანხის) ა. ქ-ავას მიერ აღების ან აუღებლობის თაობაზე.

3. სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია ა. ც-ძეს მიერ სადავო სახლის პრივატიზება, ვინაიდან იქ ცხოვრობდა 1945 წლიდან, სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა და 2600 მანეთად სახლის პრივატიზება შეთანხმებული იყო მწვანე კონცხის მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის დირექციასთან და ქუთაისის ¹ 1 საგზაო-სარემონტო-სამშენებლო ტრესტის ხელმძღვანელობასთან.

4. სასამართლომ, ასევე, კანონიერად მიიჩნია ა. ც-ძესა და ნ. ა-ძეს შორის დადებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან გარიგების დადების ხელშემშლელი პირობა არ არსებობდა და გარიგება კანონის შესაბამისად, სანოტარო წესით არის დამოწმებული, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 იანვრის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე ა. ქ-ავა, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და განსახილველად საქმის ქუთაისის საოლქო სასამართლოსთვის გადაცემას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინება და არ შეასრულა მისი მითითებანი გარდა იმისა, რომ მოახდინა სადავო ობიექტის დათვალიარება და უდავოდ დადგენილად ცნო, რომ სადავო ობიექტი ნამდვილად იყო დავის საგანი – 1934 წელს ჩამორთმეული სახლი. სააპელაციო პალატამ საკასაციო პალატის განჩინების უგულვებელყოფით გააუქმა საკასაციო პალატის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განჩინება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ძე საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს ა. ქ-ავას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას. ა. ც-ძის მიერ სადავო სახლის პრივატიზება მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის ადმინისტრაციის თანხმობით, ნ. ა-ძეს კანონიერად მიაჩნია, ვინაიდან პრივატიზება განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით. 1995 წელს მოქალაქეთა ჩაწერის, ბინების გასხვისების საქმეთა ხელვაჩაურის რაიონული კომისიის თანხმობით მან (ნ. ა-ძემ) ა. ც-ძისაგან შეიძინა პრივატიზებული სახლი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა სანოტარო წესით და დარეგისტრირდა ტექაღრიცხის ბიუროში. ნ. ა-ძეს მიაჩნია, რომ არის სახლის კეთილსინდისიერი შემძენი, სახლის კანონიერი მესაკუთრე და მისი უფლებები დაცულია სამოქალაქო კოდექსით. ამასთან მიუთითებს, რომ სახლი ა. ც-ძისაგან შეიძინა სადავო პრივატიზებიდან 2 წლის შემდეგ და მანამდე ა. ქ-ავას სახლის პრივატიზების ბათილობაზე, მემკვიდრეობით მის დაბრუნებაზე სარჩელი არ აღუძრავს და დავაც არ არსებობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის გაცნობის, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება – დასაბუთებლობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ავას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უარი უნდა ეთქვას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებაზე შემდეგ გარემოებათა გამო.

1. კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინება და მისი მითითებების შესრულების გარეშე გამოიტანა ტენდენციური განჩინება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა და კასატორიც არ უარყოფს, რომ საკასაციო პალატის მითითების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ 2000 წლის 4 იანვარს მოახდინა მწვანე კონცხზე მდებარე სადავო სახლის ადგილზე დათვალიერება, რითაც დადგინდა, რომ მტკიცებულებად წარმოდგენილ ფოტოსურათზე აღბეჭდილი სახლი ნამდვილად არის სასამართლოს მიერ დათვალიერებული სადავო შენობა და ამდენად, სადავო შენობა ნამდვილად არის 1934 წელს ა. ქ-ავასაგან «ს-ზე» გადაცემული სახლი. საკასაციო პალატის განჩინებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის I ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ 2000 წლის 18 დეკემბერს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოპასუხეებად ჩართო სადავო გარიგების მხარეები - მოქალაქე ა. ც-ძე და ქუთაისის ს.ს. «ტ.», რომელსაც მოპასუხედ საქმეში ჩართვის შესახებ განჩინებასთან ერთად დამატებით გაეგზავნა წერილიც და ეცნობა საქმის ზეპირი განხილვის დღე, მაგრამ სასამართლო პროცესზე სააქციო საზოგადოების წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. ასევე, არ გამოცხადდა მოპასუხედ ჩართული ა. ც-ძეც, რომელიც მახინჯაურის სამისამართო ბიუროს ცნობის მიხედვით 1999 წლიდან ამოწერილა მწვანე კონცხიდან და მისი საცხოვრებელი ადგილი უცნობია. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 22 სექტემბრის მითითებების დაცვით განიხილა საქმე, საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ა. ქ-ავას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სახელდობრ: 1922, 1925 წლების საარქივო მასალებით უტყუარად დასტურდება კასატორის პაპის – ო. ი-ილის მიერ ვ. ვ-იდისაგან სადავო აგარაკის შეძენისა და 1934 წლის 1 აგვისტოს ბათუმის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის დადგენილებით ას. ქ-ავასა (კასატორის დედა) და ო. ი-ილის მემკვიდრეების მიერ აგარაკის «ს-ზე» გადაცემის ფაქტი. ბათუმის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის დადგენილების მე-3 პუნქტით, საკავშირო «ს-ის» გაერთიანებას დაევალა 50 000 მანეთის გადარიცხვა შემნახველ სალაროში სახლის გამყიდველთათვის (ას. ქ-ავასა და ო. ი-ილის მემკვიდრეებისათვის) გასაცემად. ას. ქ-ავა გარდაიცვალა 1951 წლის 2 მარტს, 17 წლის შემდეგ. ა. ქ-ავა მიუთითებს, მაგრამ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ას. ქ-ავა 1934 წლიდან 1951 წლამდე პერიოდში სადავოდ ხდიდა აგარაკის გადაცემის ფაქტს. ასევე, ვერ იქნა დადგენილ – დადასტურებული მიიღო თუ არა ას. ქ-ავამ სადავო აგარაკის კომპენსაცია, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ ა. ქ-ავას სარჩელი სადავო აგარაკის უკანონოდ ჩამორთმევის თაობაზე და მემკვიდრეობით მის დაბრუნებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევითაა შეტანილი. ვინაიდან ა. ქ-ავამ ვერ მიუთითა ხანდაზმულობის გაშვების საპატიო მიზეზებზე, სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა უარი გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის აღდგენაზე.

3. მოპასუხე ა. ც-ძის მიერ სადავო სახლის პრივატიზება, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ 1945 წლიდან ა. ც-ძე იქ ცხოვრობდა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა, აგრეთვე სახლის პრივატიზება შეთანხმებული იყო მწვანე კონცხის მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის დირექციასთან და ქუთაისის ¹ 1 საგზაო სარემონტო სამშენებლო ტრესტის ხელმძღვანელობასთან. სააპელაციო პალატის ამ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1934 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით ას. ქ-ავას ნება დაერთო მწვანე კონცხზე მდებარე სახლი გაესხვისებინა სრულიად საკავშირო «ს-ის» გაერთიანებაზე და იქ ფუნქციონირება დაიწყო მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელმა სახლმა. საქართველოს სსრ საავტომობილო გზათა სამინისტროს 1986 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით ¹ 655 მწვანე კონცხზე მდებარე პიონერთა ბანაკი გადაეცა საგზაო სარემონტო - საამშენებლო ტრესტს ¹ 2 და დირექტორად დაინიშნა საქმეში ჩართული გ. გ-უა. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კოცერნ «სა-ის» 1996 წლის 17 ოქტომბრის ¹ 07-031750 ცნობის მიხედვით სადავო დასასვენებელი კომპლექსი 1993 წლის 1 აპრილამდე ირიცხებოდა ქ. ქუთაისის ¹ 2 ტრესტის ბალანსზე. კონცერნ «სა-ის» 1993 წლის 28 იანვრის ¹ 8 ბრძანების, 31 იანვრის ¹ 1 შეტყობინებისა და 9 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ¹ 12 საგზაო სამმართველოს ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა მწვანე კონცხზე რიცხული მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლი თავისი ინვენტარით. მიღება-ჩაბარების აქტს, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად, ხელს აწერს დასასვენებელი სახლის დირექტორი გ. გ-უა. ამდენად, 1993 წლიდან მწვანე კონცხზე მდებარე სადავო დასასვენებელი სახლი ირიცხება ¹ 12 საგზაო სამმართველოს ბალანსზე და სახელმწიფო საკუთრებაა, რომლის განსახელმწიფოება, სხვა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების მსგავსად, უნდა მომხდარიყო «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» 1991 წლის 3 აგვისტოს კანონით, დადგენილი წესით. ფაქტობრივად კი სახელმწიფო საწარმოს ქონების - ¹ 12 საგზაო სამმართველოს კუთვნილი მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის პრივატიზება მის ყოფილ დირექტორზე (1968 წლამდე) – ა. ც-ძეზე 1993 წლის 23 აპრილს განხორციელდა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების შესაბამისად, ამასთან, არაუფლებამოსილი პირის – მწვანე კონცხის მოზარდი ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის «მზიანეთი» დირექციის (დირექტორი გ. გ-უა) თანხმობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით 1993 წლის აპრილიდან გაუქმდა ¹ 2 საგზაო ტრესტი და სახელმწიფო კონცერნ «სა-ის» 17.10.1996 წლის ¹ 07-03/750 ცნობის თანახმად, მწვანე კონცხზე მდებარე სადავო დასასვენებელი კომპლექსი, სადავო სახლის ჩათვლით, ირიცხება ს.ს. «ტ-ის» ბალანსზე, რომელიც ¹ 12 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეა, რასაც ადასტურებს თავად ს.ს. «ტ-ი» 1996 წლის 21 ნოემბრის ¹ 01-15/74 წერილით და მიუთითებს, რომ მათ ბალანსზე რიცხული დასასვენებელი სახლის პრივატიზების დოკუმენტაცია მათთვის არავის გადაუცია და ამის თაობაზე არავითარი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ამდენად, სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე რიცხული მოზარდი-ახალგაზრდობის დასასვენებელი სახლის პრივატიზება ა. ც-ძის მიერ 1993 წელს განხორციელდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 107 დადგენილების შესაბამისად, რაც ბალანსმფლობელისათვის სს «ტ-ათვის» სასამართლოში დავის აღძვრისთანავე, 1996 წელში გახდა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმართვებით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ს.ს. «ტ.» საქმეში ჩაირთო მოპასუხედ და დამატებით წერილიც გაეგზავნა, მაგრამ ბალანსთმფლობელი სააქციო საზოგადოება არც პროცესზე გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, არც მანამდე გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია მის ბალანსზე რიცხული სადავო დასასვენებელი სახლის პრივატიზების თაობაზე და არც სარჩელი აღუძრავს პრივატიზების ბათილობაზე. იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 148-ე მუხლის მიხედვით: «სახელმწიფო ქონება» და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ქონება, რა წესითაც უნდა იყოს იგი გასხვისებული, თუ ეს გასხვისება არამართლზომიერია, შეიძლება გამოთხოვილ იქნეს სათანადო ორგანიზაციის მიერ ყოველი შემძენისაგან». მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლების გათვალისწინებით, სარჩელის დისპოზოციურობიდან გამომდინარე საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს ა. ც-ძის მიერ სახელმწიფო საწარმოს ქონების პრივატიზების კანონიერებაზე და უფლებამოსილი პირის (სათანადო მოსარჩელის) – ს.ს. «ტ-ის» მიერ სარჩელის შეუტანლობის პირობებში უკანონოდ ცნოს გარიგება და სააქციო საზოგადოებას დაუბრუნოს ის სადავო ქონება, რაც არ უთხოვია.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ საქმე საპროცესო ნორმების დაცვით განიხილა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამიტომ განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს და ა. ქ-ავას უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ა. ქ-ავას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 იანვრის განჩინება.

3. ა. ქ-ავას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.