Facebook Twitter

3გ/ად-26-კ.ს-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება არსებითად განხილვისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 15 ივნისს განიხილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საქმეზე _ შპს «ბ.-ის» სარჩელის გამო, მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, სს «ტ»-ის, მესამე პირების: შპს «ჰ.-ისა» და ფიზიკური პირის _ კ. მ-ძის მიმართ.

სარჩელის თხოვნა იყო, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის 1625693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 6 ივლისის ¹1-3\435 ბრძანება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2001 წლის 8 ივნისს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელის თანხმობით თავდაპირველი მოპასუხე _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, შეცვალა სათანადო მოპასუხით _ სს-ით «ტ»-ს, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1625693 აშშ დოლარის ეკვივალენტილარის დაკისრებას. მეორე მოთხოვნის _ 2000 წლის 6 ივლისის ¹1-3\435 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

2001 წლის 15 ივნისს სასამართლო კოლეგიის მთავარ სხდომაზე შპს «ბ.-მ» დააყენა შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიის წინაშე, საქმის განხილვაში მოპასუხედ სს-ის «ბ.-ი-1» ჩაბმის თაობაზე.

იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიის წინაშე და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე სს-ის «ტ»-ს სარჩელის გამო, მოპასუხე სს-ის «ბ.-ი-1» მიმართ, დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობები საფუძვლიანი იყო და 2001 წლის 15 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლითაც საქარვთელოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალა სათანადო მოპასუხე სს-ით «ტ»-ს სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის 1625693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას; მესამე მოპასუხედ საქმის განხილვაში ჩაება სს «ბ.-ი-1», შეჩერდა ¹3ა\29 ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, მოსარჩელე სს-ის «ტ»-ს სარჩელის გამო, მოპასუხე სს-ის «ბ.-ი-1» მიმართ, დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს «ბ.-მ» შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ მოპასუხე «ტ»-ის სტატუსი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ქონებრივი მდგომარეობა და მისი წარმომადგენლობა გაურკვეველია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო კოლეგია იმ დასკვნამდე, რომ ქონების მართვის სამინისტრო არასათანადო მოპასუხე იყო.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ განსახილველი დავის გადაწყვეტისას სამეწარმეო რეესტრში ფირმის სახელწოდების შეცვლას მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა და ამის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად შეაჩერა საქმის წარმოება, რაც არაკანონიერია. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, სახელწოდების შეცვლით რა სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლებოდა შეცვლილიყო იურიდიული პირთა შორის. გარდა ამისა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში განსახილველი საქმე თავად არის განჩინებით შეჩერებული ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება კი კანონიერ ძალაშია.

კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლისა და საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და საქმის არსებითად განხილვა.

სასამართლო კოლეგიამ 2001 წლის 3 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 8 ივნისის მთავარ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ განმარტა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო და იშუამდგომლა სათანადო მოპასუხე სს-ით «ტ»-ს შეცვლა. მოსარჩელე შპს «ბ.-მა» აღნიშნა, რომ თანახმა იყო, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეცვლილიყო სათანადო მოპასუხე სს-ით «ტ»-ს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არსებობს როგორც სს «ბ.-ი-1», სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილში, რაც შეეხება ფულად ანაზღაურებას, ხოლო სარჩელის მოთხოვნის მეორე ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მარვთის სამინისტროს 2000 წლის 6 ივლისის ¹1-3\435 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხედ უნდა დარჩენილიყო ისევ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

სასამრათლო კოლეგიამ 2001 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებით და შემდგომ 2001 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეცვალა სათანადო მოპასუხე სს-ით «ტ»-ს, ხოლო სარჩელის მეორე მოთხოვნაზე მოპასუხედ დარჩა ისევ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ივნისის განჩინების მოტივაციას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 მარტის განჩინებით დადგინდა, რომ სს «ტ»-ს გახდა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს «ტ.-ის» ...-ის კონსტრუქციების მშენებარე ქარხნის სამართალმემკვიდრე, რომელსაც ქონებრივ უფლებებთან ერთად გადაეცა ვალდებულებებიც, მათ შორის შპს «ბ.-ის» წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიც. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს, როგორც სს-ის «ტ»-ს დამფუძნებელს, შპს «ბ.-ის» წინაშე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ამდენად, მოცემულ საქმეში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სს-ის «ტ»-ს სარჩელის განიხვამდე მოპასუხე სს «ბ.-ი-1»-ის მიმართ, დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის ჩანაწერს, სამეწარმეო რეესტრში «ტ»-ის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული დავის გადაწყვეტისას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო თანხის დაკისრების ნაწილში აღარ არის მოპასუხე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შეჩერდა ზემოთ აღნიშნული საქმის განხილვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში განსახილველი დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამრათლო კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტი, რადგანაც სს-ის «ტ»-ს სარჩელის გამო მოპასუხე «ბ.-ი-1»-ის მიმართ დიდუბის რაიონის სასამრათლოს 1998 წლის 30 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერებულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში დავის განხილვამდე და ამდენად, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტით, არასწორია.

კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ივნისის განჩინების მხოლოდ 1-ლი და მე-3 პუნქტები. ამდენად, მოცემული განჩინების დანარჩენი პუნქტები კანონიერ ძალაშია შესული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ბ.-ის» დირექტორ თ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ივნისის განჩინება გაუქმდეს მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და საქმე არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.