Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-26-კს 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.11.2000წ. განჩინებაზე, საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადების გამო შპს «.. ..-ს» მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს «.. ..-ს» გააჩნია 2.388 604 ლარის საბიუჯეტო დავალიანება და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-306-ე მუხლების საფუძველზე დავალიანების გადახდევინება გამარტივებული წესით და გადახდის ბრძანების გაცემა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.10.2000 წ. განჩინებით განცხადება ჩაითვალა ხარვეზის მქონედ, განმცხადებელს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაზღვრულ ვადაში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.11.2000 წ. განჩინებით განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე, დატოვებულ იქნა უმოძრაოდ და საქმის მასალები დაუბრუნდა განმცხადებელს. საოლქო სასამართლოს განჩინებაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ განჩინება განცხადების უმოძრაოდ დატოვების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სასამართლო კოლეგიის მიერ საქმის გამარტივებული წესით განხილვის ნაცვლად საქმის ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმის გამარტივებული წესით განხილვისათვის წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო მტკიცებულება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის აზრით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით გადასახადი არის ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაექვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, რაც, სხვადასხვა სასამართლოების მიერ გადასახადის გადახდევინებაზე გამოტანილი გადახდის ბრძანებების წარმოდგენილ ასლებთან ერთად, ადასტურებს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის მართლზომიერებას. დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საოლქო სასამართლოს განჩინება მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 01.12.2001 წ. განჩინებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის მოტივებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადებთან დაკავშირებული ურთიერთობები საჯარო, ადმინისტრაციულსამართლებრივ და არა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს განეკუთვნება, საგადასახადო სამართალი საჯარო სამართლის სპეციალური დარგთაგანია, რომელიც განსაზღვრავს პირის საგადასახადო ვალდებულებებს და სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას. კანონით დადგენილი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის კონსტიტუციურ ვალდებულებას აქვს განსაკუთრებული, სახელდობრ საჯარო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და არა კერძოსამართლებრივი ხასიათი, რაც სახელმწიფოს და სახელმწიფო ხელისუფლების საჯაროსამართლებრივი ბუნებით არის განპირობებული. გადასახადის საჯაროსამართლებრივ ხასიათთან და სახელმწიფოს ფისკალურ სუვერენიტეტთანაა დაკავშირებული გადასახადის დაწესების, მისი სავალდებულო და იძულებითი ამოღების საკანონმდებლო ფორმა.M ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი ითვალისწინებს გამარტივებული სამართალწარმოების წესს, კერძოდ, სასამართლოს უფლებამოსილებას მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი. გამარტივებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დავა სასარჩელო წარმოების მომწესრიგებელ ნორმათა სრული დაცვით განიხილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის წესი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელ ადმინისტრაციული დავის განხილვის პროცესუალურ წესრიგს, ინკვიზიციურობის საწყისს, რომლის თანახმადაც სასამართლო საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად, თავად მოიპოვებს მათ. ამდენად, სსკ-ის 302-309-ე მუხლები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება. აღნიშნულს არ ცვლის ამ საკითხში არსებული არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, სახელდობრ, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი რაიონული სასამართლოების მიერ გამოტანილი საგადასახადო ბრძანებების ასლები გამარტივებული წესით გადასახადის დაკისრების თაობაზე. გადასახადის ბუნებიდან გამომდინარე თვით საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის სათანადო საშუალებებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილნი არიან გადასახადების გადახდევინების იძულებითი მეთოდებითა და საინკასო დავალების საფუძველზე ამოიღონ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადი, ფინანსური სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა და საურავი. ჯარიმებისა და საურავების სადავო თანხები, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, ამოიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საგადასახადო კოდექსის 42-ე თავის მიხედვით (05.12.2000 წ. კანონით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) საბიჯეტო დავალიანების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იძულებითი გადახდევინების უზრუნველყოფა შესაძლებელია ქონების გირავნობის და იპოთეკის უფლების გამოყენებით, რომელიც გრძელდება გადასახადის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე ან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოში აღძრას სამოქალაქო სარჩელი გირავნობისა და იპოთეკის უფლებების რეალიზაციისათვის. სარჩელის შეტანისას საგადასახადო ორგანო მისი უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებას. ამდენად, გადასახადის სავალდებულო, ცალმხრივი, არაექვივალენტური და უსასყიდლო ხასიათი (საგადასახადო კოდექსის მე-5-ე მუხლი) არ ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესების გამოყენების აუცილებლობას. რაც არ გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ საერთო სასარჩელო წესით სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებული საქმის გამარტივებული წარმოება განსხვავებული სამართალწარმოების სახეობებს წარმოადგენენ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საქმის გამარტივებული სამართალწარმოების საფუძველს ყოველთვის სასარჩელო განცხადება და არა განცხადება წარმოადგენს, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლით დადგენილი წესებით. შესაბამისად, პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა გადაწყვეტილი სასამართლოს განსჯადობის და განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის საკითხები.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს აგრეთვე იმას, რომ «რიგ წარმოებასა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.02.2001 წ. ¹ 35 ბრძანებულებით, «საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ» კანონის შესაბამისად, შპს «.. ..-ს» ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების გადახდა განევადა, რესტრუქტურიზაციის პერიოდი მოიცავს 3 წელიწადს (27.12.2000 წ. –27.12.2003 წ.).

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.11. 2000 წ. და 01.12.2000 წ. განჩინებები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.