გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-27-კ-ს 20 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შ. კ-ძის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ შ. ჩ-შვილის მოთხოვნა და დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი _ საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტი «ნივას” მარკის კომბაინზე. გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ შ. ჩ-შვილის მიერ 2000 წლის მარტის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია კომბაინის ღირებულება 1500 ლარი, რაზეც გორის სააღსრულებო ბიუროს ხაშურის აღმასრულებლის მ. მ-შვილის მიერ შედგენილია აქტი და წარმოდგენილია ქვითრები.
აღნიშნულ გაადწყვეტილებაზე 2000 წლის 30 ივნისს დაინტერესებული პირის შ. კ-ძის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სადავო კომბაინი მის მიერ აუქციონის წესით იყო შესყიდული, ეკუთვნოდა მას და აღმასრულებელმა მ. მ-შვილმა უკანონოდ გაყიდა მისი საკუთრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივლისის განჩინებით შ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული და დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად: «პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში”, შ. კ-ძე კი მოცემულ საქმეზე არ გვევლინება არც მხარედ და არც მესამე პირად.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. კ-ძემ, რომელიც ითხოვს მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას და გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ შ. კ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირებს. ესენი არიან: მხარეები და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები. ვინაიდან შ. კ-ძე მოცემულ საქმეზე არ გვევლინებოდა არც მხარედ და არც მესამე პირად, სააპელაციო სასამართლო მის სააპელაციო საჩივარს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებად ვერ მიიჩნევდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის შ. კ-ძის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც დაინტერესებულ მხარეს, შეუძლია მოითხოვოს გორის რაიონული სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების ბათილობა, რისთვისაც მან ერთთვიან ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს გორის რაიონულ სასამართლოს. ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც შ. კ-ძეს ჩაბარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.