გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-28კ-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი – სამედიცინო დაწესებულების პრივატიზების უპირატესი უფლების აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა ფიზიკური პირების: თ. დ-ძის, ქ. გ-ძის, კ. კ-ძის, ლ. ბ-ძის, ც. თ-ძის და ნ. ა-იას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1997 წლის 17 ოქტომბერს ქ. თბილისში, ... მდებარე ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებმა სარჩელი აღძრას ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში და მიუთითეს, რომ ¹ 14 აფთიაქს ფლობენ 1992 წლიდან საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. შენობის ფართი შეადგენს 203 კვ. მეტრს. აღნიშნული აფთიაქის შენობა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 დეკემბრის ¹ 400 ბრძანებულებით უსასყიდლოდ გადაეცათ ბალანსიდან ბალანსზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ოქტომბრის ¹ 728 დადგენილებით გადაწყდა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია დამოუკიდებელი პროგრამითა და წესებით უნდა განხორციელებულიყო, რის შესაბამისადაც, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილებით დამტკიცდა ჯანდაცვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც საპრივატიზებო სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები სამ ჯგუფად დაიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის ¹ 14 აფთიაქი საპრივატიზაციო სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხაში შევიდა და მისი პრივატიზების ფორმად განისაზღვრა «ბ» ჯგუფი -– ათი წლის განმავლობაში პროფილის (წამლის დამზადების) სავალდებულო შენარჩუნება, რომელსაც აღნიშნული აფთიაქი ახორციელებდა 1932 წლიდან. ამასთან, ამ პროფილის შენარჩუნებისათვის აფთიაქის ტიპიური დებულების თანახმად, აფთიაქს სარგებულობაში უნდა ჰქონოდა არანაკლებ 200 კვ.მ. ფართობი.
მოსარჩელეთა განმარტებით, შრომითი კოლექტივისათვის პრივატიზაციის პროცესში ცნობილი გახდა, რომ 1994 წლის 28 აპრილს აფთიაქის გამგეს მათი თანხმობის გარეშე 30 კვ.მ. ფართზე საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმებია ნ. ნ-შვილთან, რომელმაც შექმნა აფთიაქი აფთიაქში. შრომითი კოლექტივის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების გასაჩივრების შემდეგ მოხდა უარესი, ამჯერად, რკინიგზის დეპარტამენტმა გააფორმა აღნიშნულ ფართზე ნ. ნ-შვილთან საიჯარო ხელშეკრულება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან ამ დროისათვის სადავო ¹ 14 აფთიაქი გადაცემული ჰქონდა თბილისის მერიას მუნიციპალურ საკუთრებაში. ამდენად, მოსარჩელეებმა რკინიგზის დეპარტამენტსა და ნ. ნ-შვილს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხე ნ. ნ-შვილის გამოსახლება და მათი უფლებების აღდგენამდე სადავო ¹ 14 აფთიაქის შენობის პრივატიზების შეჩერება მოითხოვეს.
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 21 ოქტომბრის ¹ 1-1/1135 ბრძანებით სასამართლოს საბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაიდო თბილისში, ... მდებარე ¹ 14 აფთიაქის არასაცხოვრებელი ფართის (203 კვ.მ.) პრივატიზება. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის ¹ 776 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილება, რის გამოც 1998 წლის 21 იანვარს ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებმა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს რაიონულ სასამართლოს და მიუთითეს, რომ შრომითი კოლექტივს ¹ 14 აფთიაქის არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციოდ განაცხადი შეტანილი ჰქონდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის პერიოდში, რომელიც შრომითი კოლექტივისათვის პრივატიზების უპირატეს უფლებას აზლევდა. ვინაიდან მათი უფლებები უკანონოდ იქნა შელახული, რის აღდგენაზეც დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ხოლო თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის ბრძანებით გადავადებულია მთელი ფართის პრივატიზება, მოსარჩელეებმა დამატებითი სარჩელით საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზების პროცესში შრომითი კოლექტივის უპირატესი უფლების აღდგენა მოითხოვეს.
მოპასუხე ნ. ნ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასა და რკინიგზის დეპარტამენტს შორის კანონით დადგენილი წესით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სარგებლობის უფლებით გადაეცა ¹ 14 აფთიაქის 30 კვ.მ. ფართი, რომლითაც დღესაც სარგებლობს. ამასთან, რკინიგზის დეპარტამენტს მოპასუხის აზრით, გააჩნდა უფლებამოსილება ამ ფართის გადაცემაზე, ვინაიდან აღნიშნული აფთიაქი ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული მუნიციპალურ საკუთრებაში.
სარჩელი არ ცნო არც თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა და განმარტა, რომ ნ. ნ-შვილს კანონიერად აქვს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და კანონიერად სარგებლობს სადავო ფართით. ამასთან, მოპასუხის აზრით, ¹ 14 აფთიაქის შრომით კოლექტივს არ უნდა აღუდგეს ობიექტის პრივატიზების უპირატესი უფლება, რადგან დადგენილ ვადაში არ მიუმართავს თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტისათვის.
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომით კოლექტივს უარი ეთქვა როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. შრომითი კოლექტივის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 1998 წლის 8 აპრილის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შრომითი კოლექტივისათვის ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გააუქმა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა, საქალაქო სასამართლოს განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 მარტის განჩინებით თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის სარჩელი თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტთან ობიექტის შესყიდვის უპირატესი უფლების აღდგენის ნაწილში მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ამ პერიოდში (1998 წლის 11 მაისს) ნ. ნ-შვილმა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება გააფორმა თბილისის ქონების მართვის დეპარატმენტთან სადავო 30 კვ.მ. ფართობზე.
შრომითი კოლექტივის არაერთი საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საზედამხედველო პალატამ და 1999 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 8 აპრილის განჩინება, იმავე სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა. საქმის ხელახლა განხილვისას დაზუსტდა ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა სია და სასარჩელო მოთხოვნები მოსარჩელეებმა დამატებით ნ. ნ-შვილის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. რაიონულ სასამართლოში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და რკინიგზის დეპარტამენტი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... მდებარე ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით მხოლოდ ნ. ნ-შვილმა გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მეწარმე «ნ. ნ-შვილსა» და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის 1998 წლის 11 მაისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... მდებარე 30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ, მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგებით; ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა მოთხოვნას, თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის (203 კვ.მ.) პრივატიზების უპირატესი უფლების აღდგენაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებმა, ფიზიკურმა პირებმა: თ. დ-ძემ, ქ. გ-ძემ, კ. კ-ძემ, ლ. ბ-ძემ, ც. თ-ძემ და ხ. ა-იამ.
სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ¹ 14 აფთიაქი, გარდა წამლებით ვაჭრობისა, სპეციალიზირებული იყო, ასევე, წამლების დამზადებაზე და აფთიაქისათვის სადავო 30 კვ.მ. ფართის უკანონოდ «ჩამოჭრამ» შეუძლებელი გახადა ¹ 392 დადგენილების იმ ნაწილის შესრულება, რომლითაც თბილისის ¹ 14 აფთიაქის პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო 10 წლის ვადით პროფილის შენარჩუნებით, ვინაიდან წამლების დამზადების უფლება ჯანდაცვის სამინისტროს ¹ 199 ბრძანებით მინიჭებული ჰქონდათ მხოლოდ იმ აფთიაქებს, რომლებსაც არანაკლებ 200 კვ.მ. ფართი ეკავათ. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სწორედ აღნიშნულის გამო მიმართეს თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებმა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს და მათი უფლების აღდგენამდე მთელი არასაცხოვრებელი ფართის (203 კვ.მ.) პრივატიზაციის შეჩერება მოითხოვეს, რაც განხორციელდა კიდეც.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა უფლებების აღდგენა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილებით იმ მოტივით, რომ აღნიშნული დადგენილება გაუქმებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 29 დეკემბრის ¹ 776 ბრძანებულებით და დღეისათვის აღარ მოქმედებს.
კასატორთა წარმომადგენელმა გ. ს-ძემ სწორედ ამ ნაწილში მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან მიუთითა, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დადასტურებულად ცნო მოსარჩელეთა კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტი, იმავდროულად ამ უფლებების აღდგენაზე უარის თქმით დაარღვია სსსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა. კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო წესით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის ქონების მართვის სამმართველოს არ გაუსაჩივრებია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ცნობდა სარჩელს.
კასატორებმა იმ გარემოებაზეც მიუთითეს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლითაც ფიზიკური და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა ამ უფლებების დარღვევისას მოქმედი კანონმდებლობით განხორციელდა (სს «ზ-ისა@ და სს «ს-ის» საქმეები).
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრების: თ. დ-ძის, ქ. გ-ძის, კ. კ-ძის, ლ. ბ-ძის, ც. თ-ძისა და ხ. ა-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა უფლებები უკანონოდ იქნა დარღვეული, რის გამოც მათ დროულად ვერ განახორციელეს ქ. თბილისში, ... მდებარე ¹ 14 აფთიაქის არასაცხოვრებელი ფართის (203 კვ.მ.) პრივატიზაცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლო ვალდებულია აღადგინოს ქ. თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა უფლებები. ამასთან, 1995 წელს დაწყებული სამართალურთიერთობა უნდა განახლდეს და მოწესრიგდეს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგივე პირობებითა და წესით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ინდივიდუალური მეწარმის «ნ. ნ-შვილის» მოსაზრებას, რომ თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებმა დროულად არ დააფუძნეს ამხანაგობა, არ შექმნეს საპრივატიზაციო კომისია, არ შეაფასეს ობიექტი და არ წარადგინეს მასალები თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში და დადგენილად თვლის, რომ თბილისის ¹ 14 აფთიაქი 1932 წლიდან, გარდა წამლების ვაჭრობისა, სპეციალიზირებული იყო წამლების დამზადებაზე, რისი უფლებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ იმ აფთიაქს, რომელსაც არანაკლებ 200 კვ.მ. ფართი ეკავა. ვინაიდან თბილისის ¹ 14 აფთიაქს მის ბალანსზე არსებული 203 კვ.მ. ფართიდან უკანონოდ «ჩამოაჭრეს» 30 კვ.მ. ფართი, იგი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, როგორც საპრივატიზებო სამედიცინო დაწესებულების «ბ» ჯგუფი, პრივატიზაციას ვეღარ განახორციელებდა, რის გამოც ამ დადგენილების მოქმედების პერიოდში 1997 წლის 17 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის ¹ 14 აფთიაქი საპრივატიზაციო სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხაში შეყვანილ იქნა «ბ» ჯგუფის ფორმით (ათი წლის განმავლობაში პროფილის _ წამლის დამზადების სავალდებულო შენარჩუნება). ასევე, დადგენილია ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის ბრძანებით თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებს გადაუვადდათ აფთიაქის (203 კვ.მ.) პრივატიზაცია. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის თანახმად, მყიდველად აღიარებულმა პირებმა ამხანაგობა უნდა შექმნან და შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მხოლოდ სათანადო შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ათი თვის ვადაში. საქმის მასალებიდან გამომდინარე ასეთი შეტყობინება არც ქონების მართვის სამინისტროსა და არც თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებს არ მიუღიათ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრების საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ქ. თბილისში, ... მდებარე ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის ¹ 392 დადგენილების შესაბამისად უნდა აღუდგეთ ¹ 14 აფთიაქის არასაცხოვრებელი ფართის (203 კვ.მ.) პრივატიზაციის უპირატესი უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 389-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრების: თ. დ-ძის, ქ. გ-ძის, კ. კ-ძის, ლ. ბ-ძის, ც. თ-ძის და ხ. ა-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილში.
3. მოსარჩელე ქ. თბილისის ¹ 14 აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრების მოთხოვნა ქ. თბილისში, ... ¹ 14 აფთიაქის არასაცხოვრებელი ფართის შრომითი კოლექტივის წევრებისათვის პრივატიზების უპირატესი უფლების აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.