გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-28-კს-01 6 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
აღწერილობითი ნაწილი:
კერძო საჩივრის ავტორმა ზ. გ-ამ, როგორც ¹ 7 ბაგა-ბაღის თანამშრომელთა წარმომადგენელმა, 2000 წლის 6 ივნისს სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ და მოითხოვა 1993 წლის 23 აგვისტოს შპს «ჯ-ს” სახელზე გაცემული ¹..... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ბაგა-ბაღის საპრივატიზებო ნუსხიდან ამორიცხვა და სადავო ბაგა-ბაღის შენობიდან შპს «ჯ-ს” გამოსახლება. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შუამდგომლობა და საქმის წარმოება შეწყდა ზ. გ-ას მარწმუნებელთა (სადავო ¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომელთა) არასათანადო მოსარჩელედ ცნობის გამო, ვინაიდან მათ სასამართლოში არ ჰქონდათ წარმოდგენილი ¹.... ბაგა-ბაღის თანამშრომლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი უმოძრაოდ იქნა დატოვებული ხარვეზის გამო, კერძოდ, არ იყო შეტანილი სახელმწიფო ბაჟი _ სადავო საგნის ღირებულების 1,5% და წარმომადგენელ ზ. გ-ას არ გააჩნდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური რწმუნება _ კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. ზ. გ-ას მითითებული ხარვეზების შესავსებად მიეცა ვადა 2000 წლის 15 სექტემბრამდე, რაც სააპელაციო პალატის მიერ გაგრძელებულ იქნა.
ზ. გ-ამ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი არ შეავსო. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ითხოვა, ვინაიდან მისი მარწმუნებლები, სადავო ¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომლები ამჟამად უმუშევრები არიან და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე სპეციალურ რწმუნებასთან დაკავშირებით კი ზ. გ-ამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მითითება, მიიჩნია, რომ ნოტარიალურად დამოწმებული რწმუნებულებით, ¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა მას გადაანდეს სასამართლოში მათი სახელით სისხლისა და სამოქალაქო საქმეების წარმოების უფლებამისილება ყველა იმ უფლებით, რაც მინიჭებული აქვს მოსარჩელე-მოპასუხეს. მათ შორის უფლებით, დაამთავროს საქმე მორიგებით, ცნოს ან უარყოს სარჩელი, მიიღოს ქონება, ფული და შესაბამისად, რწმუნებულებით, მას მარწმუნებლისაგან, ასევე მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება განჩინების გასაჩივრების უფლებაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, მითითებული ხარვეზების შეუვსებლობის მოტივით ზ. გ-ას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც ზ. გ-ას მიერ იმავე საფუძვლით, გასაჩივრდა კერძო საჩივრით. სააპელაციო პალატამ 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი, უცვლელად დატოვა 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება ხარვეზების შეუვსებლობისათვის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ზ. გ-ას კერძო საჩივრებისა და რწმუნებულების შესწავლის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა ზ. გ-ას მოსაზრება, თითქოს მარწმუნებლის (¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომლების) მიერ მის სახელზე გაცემულ მინდობილობებში ჩანაწერი «წარმოადგინოს მათი (მარწმუნებლის) ინტერესები ყველა სასამართლო ორგანოში” გულისხობს სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების გასაჩივრების უფლებასაც. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა, ვინაიდან დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგება _ ¹..... ბაგა-ბაღის პრივატიზება და რომ ადმინისტრაციულ პროცესში, მსგავსად სამოქალაქო პროცესისა, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლების თანახმად, მოსარჩელე თავად იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის აღძვრაზე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი და მხარეების პრეროგატივაა, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს აქტების (განჩინება-გადაწყვეტილების) გასაჩივრებაზეც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სასამართლოში წარმომადგენლის კომპეტენცია მკაცრად განსაზღვრულია ამავე კოდექსის 98-ე მუხლით «უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა”... წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. წარმომადგენლისათვის გაცემულ მინდობილობაში სააპელაციო-საკასაციო საჩივრის შეტანაზე სპეციალური უფლებამოსილების აუცილებლობის შესახებ ხაზგასმით არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 და 396-ე მუხლის მე-2 ნაწილებშიც. ამდენად, საკასაციო პალატა ზ. გ-ას კერძო საჩივარს ვერ გაიზიარებს, რადგან მისი საჩივარი ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას, კერძო საჩივარი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ზ. გ-ას სასამართლოს განჩინებების გასაჩივრებაზე სპეციალური უფლებამოსილება არ გააჩნია და არც მითითებული ხარვეზი გამოასწორა. ამასთან, საკასაციო პალატა შენიშნავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილია, რომ კერძო საჩივარს თავდაპირველად იხილავს გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო და თუ დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს კერძო საჩივარს, აკმაყოფილებს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5 დღის ვადაში გაგზავნის ზემდგომ სასამართლოში საქმის მასალებთან ერთად. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს კი კერძო საჩივრის განხილვის კანონით დადგენილი წესი არ დაუცავს, თავად არ უმსჯელია მის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დასაშვებობა-დასაბუთებულობაზე და ისე გადააგზავნა სააპელაციო სასამართლში, რაც საპროცესო ნორმების უგულვებელყოფაა და საქმის განხილვის პროცედურის დარღვევა როგორც რაიონული, ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, რადგან სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო 417-ე მუხლის მითითებით კერძო საჩივარი განსახილველად დაებრუნებინა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლების თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ვინაიდან სასამართლოთა საქმიანობისა და მართლმსაჯულების განხორციელების მიზანია კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილი უფლებების დაცვა, ამიტომ საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს რაიონული სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მოსამზადებელ სხდომაზე გამოიტანა განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა წარმომადგენელმა ზ. გ-ამ. 2000 წლის 20 ივლისის მოსამზადებელ სხდომას, სხდომის ოქმის მიხედვით, ესწრებოდა მოსარჩელეთა, ¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომელთა წარმოამდგენელი ზ. გ-ა, თვითონ მოსარჩელენი მოსამზადებელ სხდომას არ ესწრებოდნენ და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაც არ გადასცემიათ კანონით დადგენილი წესით, რაც არა მარტო საპროცესო ნორმების დარღვევაა, არამედ გასაჩივრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაც. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლო ვალდებულია განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადასცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირებს _ მოსარჩელეებს, ¹..... ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის საკითხს, დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე;
საკასაციო პალატა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ საკითხზე, რომ დავის საგანია ¹..... ბაგა-ბაღის პრივატიზიება, რაც საქართველოს ზოგადი, ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ” პუნქტისა და V თავის თანახმად, თავისი სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციული გარიგებაა, ამიტომ მისი განხილვაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო აქტების გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აქტით განმარტებულია გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებაზე ასეთ ამომწურავ მონაცემებს არ შეიცავს, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადაა ერთი წელი, 2001 წლის 20 ივლისამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე, 417-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ-ას 2000 წლის 7 დეკემბრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრისა და 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.