3გ/ად-28-კს-01 29 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
სარჩელის საგანი: პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პენსიის დანიშვნის თაობაზე მოსარჩელე ჯ. თ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო განყოფილების მიმართ.
ამავე სასამართლომ 2000 წლის 26 დეკემბერს განიხილა ჯ. თ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ და 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი. კერძოდ, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2000 წლის 27 დეკემბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ჯ. თ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შსს-ის მიმართ, პენსიის დანიშვნის თაობაზე და მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხე შსს-ს დაევალა ჯ. თ-ძისათვის პენსიის დანიშვნა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საპენსიო საკითხების ირგვლივ წარმოშობილი დავა თავისი არსით წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხასიათის დავას, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის მიერ აღნიშნულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა კანონის დარღვევა იყო.
აპელანტმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, მოსამართლეს არ უნდა მიეღო სარჩელი, რადგანაც მის წარმოებაში უკვე იყო საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით;K სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რადგანაც ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით გამოიტანა ორი სხვადასხვანაირი გადაწყვეტილება.
აპელანტმა ითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ჯ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი საქმეში ჩაბმული არ იყო მხარედ და იგი, აგრეთვე, არ წარმოადგენდა მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, მას არ ჰქონდა გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, რადგანაც აღნიშნული მუხლის მიხედვით, ასეთი უფლებით კანონით დადგენილ ვადაში სარგებლობენ მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონით განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. თ-ძისათვის პენსიის დანიშვნა დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ახორციელებდა სახელმწიფო პენსიების დანიშვნასა და გაცემას 2001 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ივლისის ¹297 ბრძანებულებისა და «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 2001 წლის 1 იანვრიდან ზემოთ აღნიშნული ფუნქციის შესრულება დაევალა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდი ითხოვს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, არსებითად განხილვასა და მის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული კერძო საჩივარი, 2000 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში შეუძლიათ გაასაჩივრონ მხოლოდ მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა.
ვინაიდან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქმეში არ იყო ჩაბმული მხარედ ან მესამე პირად, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ფონდის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების განმარტებას, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო პენსიების დანიშვნასა და გაცემას, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ივლისის ¹ 297 ბრძანებულებისა და «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს 2001 წლის 1 იანვრიდან დაევალა იმ ფუნქციების შესრულება, რაც «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, 2001 წლის 1 იანვრამდე ევალებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქედან გამომდინარე, მას უფლება ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სააპელაციო წესით, თუნდაც არ ყოფილიყო იგი საქმეში ჩაბმული მხარედ ან მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პენსიის დანიშვნის თაობაზე დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციული დავაა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
ამიტომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს, თუ იგი თვლის, რომ არის დაინტერესებული პირი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეუძლია შეიტანოს განცხადება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი მხარედ უნდა ყოფილიყო ჩაბმული საქმეში და კანონით დადგენილი წესით მიწვეული საქმის ზეპირ განხილვაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა სამართლებრივად სწორი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისისა და 2001 წლის 24 ივნისის განჩინებები.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.