გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-29კ-ს 12 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველიმოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «ს-ოს” უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის 1999 წლი 24 მარტის ¹38 ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა 1995 წლის იანვრიდან 1999 წლის მარტამდე პერიოდში შპს «ს-ოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა და 1999 წლის 25 მაისის აქტით «ს-ოს» სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დაერიცხა 20398051 ლარი, რომლის ამოღებაც დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს. დეპარტამენტმა 2000 წლის 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში შპს «ს-ოს” მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის 1999 წლის 25 მაისის შემოწმების აქტით შპს «ს-ოზე” დარიცხული 20398051 ლარის დაკისრება, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული საურავის 0,2%-ის გათვალისწინებით. სულ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის 29525822 ლარის დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს «ს-ოს” გააჩნია დებიტორული დავალიანებები და იმყოფება გაკოტრების საშიშროების წინაშე, რის გამოც შეიძლება გაჭიანურდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხის 13 დასახელების უძრავი ქონების დაყადაღება, ხოლო ამავე მუხლის «დ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვდა მოპასუხის ბალანსზე რიცხულ დებიტორებს აკრძალვოდათ მოპასუხის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება ან ქონების გადაცემა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მითითებულ 13 დასახელების ობიექტს დაედო ყადაღა, რადგან სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე შესალოა მართლაც გაძნელდეს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე, 2000 წლის 11 დეკემბერს, კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ _ შპს «ს-ომ” და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივით:
ამჟამად სარჩელის საფუძველს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის 1999 წლის 25 მაისის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის აქტს, ფაქტობრივად და იურიდიულად ძალა დაკარგული აქვს, რადგან აქტის შემსწავლელი კომისიის 2000 წლის 9 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის 25 მაისის აქტით დარიცხული 20398051 ლარიდან «ს-ოს» უნდა დაკისრებოდა მხოლოდ 465417 ლარი. ამასთან, «ს-ოს» ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ზედმეტად გადახდილი აქვს 2360672 ლარი და, ამდენად, ბიუჯეტისადმი დავალიანება არ გააჩნია, თუმცა კომისიის მუშაობა ჯერაც არ დასრულებულა. შპს «ს-ოს” საწესდებო კაპიტალის 100% სახელმწიფო საკუთრებაა, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, მისი ქონების გასხვისება მაინც ვერ მოხდება და დასახელებული 13 ობიექტის დაყადაღებით, რომლის საერთო ღირებულებაც, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია, ისევ სახელმწიფოს ადგება ზარალი, რადგან ყადაღის შემთხვევაში ვერ მოხერხდება უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და ქონების იპოთეკით დატვირთვა. «ს-ომ» ასევე მოითხოვა საქმეში მესამე პირად სახელმწიფო ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამინისტროს ჩართვაც.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან კერძო საჩივარში არ იყო დასაბუთებული ყადაღის მოხსნის აუცილებლობა, არც იმ გარანტიებზე იყო მითითება, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო დარიცხული საბიუჯეტო დავალიანების არსებობა-არარსებობის საკითხი, სასამართლო კოლეგიამ დავის არსებითი განხილვის საგნად მიიჩნია და არა სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძვლად.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «ს-ოს” ქონების დაყადაღების შესახებ განჩინების გაუქმების წინააღმდეგია მოსარჩელე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტი და ითხოვს სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვებას, რადგან დაყადაღებულია მხოლოდ უძრავი ქონება, რაც ხელს არ უშლის «ს-ოს» სამეურნეო საქმიანობაში და შესაბამისად, არც ზიანი მიადგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გაასხვისებს დაყადაღებულ ქონებას, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრთან შექმნილი კომისიისაგან თანხმობა გასხვისებაზე უკვე მიღებულიც აქვს (2000 წლის 7 თებერვალი, ოქმი ¹9), რაც გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას და ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების ამოღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებების შემოწმებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შემდეგად თვლის, რომ შპს «ს-ოს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრისა და 15 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს საბიუჯეტო დავალიანების არარსებობისა და მოპასუხის მიერ 2360672 ლარის ბიუჯეტში ზედმეტად გადახდის თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ მართებულად უთხრა უარი მოპასუხეს ამ მოტივით ყადაღის მოხსნაზე, ვინაიდან საბიუჯეტო დავალიანების არსებობა-არარსებობისა და მისი ზუსტი ოდენობის დადგენა წარმოადგენს დავის არსებით საგანს, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის აღძვრის საბაბს, რაც გამოსაკვლევ-დასადგენია და ამიტომ დავის გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი ვერ იქნება;
2. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება კერძო საჩივრის დაუსაბუთებლობის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს, რადგან კერძო საჩივარში არ არის მითითებული თუ რატომ არის აუცილებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, უძრავი ქონების ნაწილის დაყადაღებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოპასუხეს, რითი აბრკოლებს ყადაღა მის ნორმალურ სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას სარჩელის უზრნველყოფის სახით ქონების დაყადაღების აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან მოპასუხეც აღიარებს, რომ ამჟამად განიცდის ფინანსურ პრობლემებს და მისი დაძლევის მიზნით სურს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქონების იპოთეკით დატვირთვა. მოპასუხემ ფართის გასხვისების საკითხი ჯერ კიდევ 2000 წლის 7 თებერვალს შეათანხმა შპს «ს-ოს” კრიზისიდან გამოყვანისა და მართვის სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების შესამუშავებლად შექმნილ სახელმწიფო კომისიასთან (სხდომის ოქმი ¹9). საკასაციო პალატას ასევე საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ დაფუძნების მომენტისათვის, 1998 წლის თებერვლისათვის, შპს «ს-ოს” საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 95967060 ლარს, ხოლო 2000 წლის 23 მარტისათვის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შემცირდა 71109850 ლარამდე. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლა-შეფასებით, საკასაციო პალატა დარწმუნდა ქონების დაყადაღების აუცილებლობაში, მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა უდავოდ გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
3. საქმეში მესამე პირებად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის, ასევე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროების ჩართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განუმარტავს შპს «ს-ოს”, რომ საკასაციო ინსტანციაში მხარეთა და მესამე პირების ჩართვა პროცესუალურად დაუშვებელია და აღნიშნული შუამდგომლობა შეუძლია დააყენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოში _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით, 39-ე მუხლის «დ” პუნქტით, 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ს-ოს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრისა და 15 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «ს-ოს” 13 დასახელების უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ;
3. შპს «ს-ოს” კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.