გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-30-კს 13 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სააქციო საზოგადოება «ო-ის” წარმომადგენლის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს «ო-ის” სარჩელი და ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს სს «ო-ის” სასარგებლოდ 477მ2 ფართის გამოყოფა დაევალა. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის განჩინებით, სს «ო-ის” შუამდგომლობის საფუძველზე, შეცვლილ იქნა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 477მ2 ფართის გამოყოფის ნაცვლად, სს «ო-ის” სასარგებლოდ 46908,18 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადახდევინება დაეკისრა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის განჩინებაზე ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში გადააგზავნა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეტანილ იქნა, ასევე, დაინტერესებული პირების _ სს «ო-ის” კრედიტორების მიერ, რომლებიც ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოზე დაკისრებული თანხის მათ სასარგებლოდ (და არა სს «ო-ის” სასარგებლოდ) გადახდევინებას მოითხოვენ. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს «ო-ს” კრედიტორების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხების გადახდა, რისთვისაც დაყადაღებულია სს «ო-ის” ქონება, რომელიც მათ სასარგებლოდ იყიდება. სს «ო-ის” კრედიტორების კერძო საჩივარი რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა, ისე გადააგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივარი, დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განსახილველად ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივრის განხილვამდე შეუძლებლად მიიჩნია ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს კერძო საჩივრის განხილვა და 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სამმართველოს კერძო საჩივრის განხილვა შეაჩერა, რაზედაც სს «ო-ის” წარმომადგენლის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ე. ბ-შვილის მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული 2000 წლის 6 ნოემბრისა და 14 დეკემბრის განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააბრუნა სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივარი რაიონულ სასამართლოში განსახილველად, ვინაიდან ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ჩაითვლება ზემდგომი სასამართლოს განჩინებად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არ გასაჩივრდება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ილახებოდა კერძო საჩივრის ავტორთა უფლება _ მათი მოთხოვნა განხილულიყო ორ სასამართლო ინსტანციაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის 417-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმე დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს, რადგან სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივარზე თავდაპირველად განჩინების გამომტანმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს;
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ე. ბ-შვილის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არც უნდა ემსჯელა სს «ო-ის” კრედიტორთა, ასევე, ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივარი განსახილველად რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა, ხოლო სამმართველოს კერძო საჩივრის განხილვა შეჩერდა. კერძო საჩივრის განხილვის შეჩერების თაობაზე მიღებულ განჩინებაში კი სასამართლო აღნიშნულ საკითხებზე ვერ იმსჯელებდა;
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს კერძო საჩივრის განხილვა შესაძლებელი იყო სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივრის განხილვამდე და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, მოცემულ შემთხვევაში, ვიდრე არ გადაწყდება სს «ო-ის” კრედიტორთა კერძო საჩივარი, შეუძლებელია განხილულ იქნეს ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს კერძო საჩივარი;
4. საკასაციო სასამართლო სს «ო-ის” წარმომადგენლის ე. ბ-შვილის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ფიზიკური პირების (კრედიტორების) მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადაუხდელობა ვერ დააბრკოლებს კერძო საჩივრის განხილვას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება კრედიტორთა ბაჟის გადაუხდელობის გამო არ ემსჯელა მათ კერძო საჩივარზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს «ო-ის” წარმომადგენლის _ ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 6 ნოემბრისა და 14 დეკემბრის განჩინებები;
3. სს «ო-ს” სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1406 ლარი სახელმწიფო ბაჟი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.