Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-31-კ-01 26 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ატელიე «მ.-....» პრივატიზაციის ბათილად ცნობის და შპს «ლ.» რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი :

რ. შ-შვილმა, ნ. შ-იამ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შპს «ლ.» მიმართ, მოსარჩელეების ნ. ლ-შვილის, ე. შ-იას, მ. შ-იას შპს «ლ.» პარტნიორებად ცნობის, საზოგადოების პარტნიორთა შემადგენლობიდან გ. ბ-შვილის, გ. ყ-შვილის, ლ. პ-შვილის, ნ. ჯ-იას, ნ. პ-შვილის, ლ. ნ-ძის და ლი. პ-შვილის ამორიცხვის, საზოგადოების პარტნიორთა შორის წილების თანაბრად გადანაწილების შესახებ. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა, ატელიე «მ.-...» დირექტორმა, აწ გარდაცვლილმა ნ. პ-შვილმა, საწარმოს პირდაპირი წესით მიყიდვისას დროებით საპრივატიზებო ამხანაგობაში, ხოლო შემდგომ შპს «ლ.» არ შეიყვანა შრომითი კოლექტივის ყველა წევრი, არათანაბრად გაანაწილა წილები და მის შემადგენლოაში შეიყვანა ისეთი პირები, რომლებსაც საპრივატიზებო ობიექტთან არ ჰქონიათ რაიმე შემხებლობა. მოპასუხემ, შპს «ლ.» დირექტორმა ნ. პ-შვილმა, 16.04.99 წ. შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და წილის გამოყენებასა და გასხვისებაზე სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის გაუქმება, ვინაიდან მოსარჩელეები არიან არა მხოლოდ შპს «ლ.» პარტნიორები, არამედ შპს «ლ.» დასაქმებული მუშკები – მკერავები, მათ არ სურთ საწარმოს და მუშაკს შორის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამართალურთიერთობის, საზოგადოების ბუღალტერიის მოწესრიგება.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.05.99წ. გადაწყვეტილებით რ. შ-შვილის, ნ. შ-იას, ლ. გ-ძის, ა. გ-შვილის, დ. მ-შვილის, ე. შ-იას, მ. შ-იას სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიუთითა, რომ 28.06.94 წ. ატელიეს «მ.-....» მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრების ¹ 4 ოქმის მიხედვით, თანამშრომლებმა გადაწყვიტეს თბილისში, ... მდებარე ობიექტის, საქართველოს პრეზიდენტის 29.05.94 წ. ¹ 178 ბრძანებულების საფუძველზე, პირდაპირი წესით შესყიდვა. ოქმს ხელს აწერს 32 მუშაკი, მათ შორის ის პირებიც, რომლებიც ამჟამად შპს «ლ.» პარტნიორები არიან და რომელთა თითოეულის წილი საწესდებო კაპიტალში 5% ტოლია. აღნიშნული კრების შემდეგ ობიექტის პრივატიზაცია შეფერხდა ობიექტის ივ. მაჩაბლის სახელობის საზოგადოებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. შრომითი კოლექტივის მიერ ობიექტის დაბრუნების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ კოლექტივს დართო ობიექტის პირდაპირი შესყიდვის უფლება. 23.06.95 წ. შრომითი კოლექტივის კრებაზე დროებითი ამხანაგობის მოწვეულ წევრად დასახელდა ზ. ც-ძე. სასამართლომ საპრივატიზებო დოკუმენტების მიხედით დადგენილად მიიჩნია, რომ საპრივატიზებო თანხამ შეადგინა 11850 აშშ დოლარი, საიდანაც 40% ანუ 3440 აშშ დოლარი ზ. ც-ძის წილს შეადგენს, ხოლო კოლექტივს უნდა დაეფარა ღირებულების 60% _ 8410 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება ზ. ც-ძის მიერ თავისი წილის გარდა, სხვა წილების დაფარვის შესახებ. არ იქნა გაზიარებული აგრეთვე მოსარჩელეების მოსაზრება თითოეული მუშაკის მიერ 300 აშშ დოლარის და 13 ვაჩურის გადახდის შესახებ, ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა ამხანაგობაში ყოფილი დირექტორის ნ. პ-შვილის ოჯახის წევრების მონაწილეობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი ამხანაგობის წევრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თუ სურვილი ობიექტის პრივატიზების, რის გამო მოწვეულ იქნა ზ. ც-ძე. ატელიეს დირეტორის 14.04.93 წ. ბრძანებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საწესდებო კაპიტალის 5% მფლობელი პირები წარმოადგენდნენ შრომითი კოლექტივის წევრებს. მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.05.99 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტები მოითხოვდნენ 10.05.99 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ზ. ც-ძისათვის 40% წილის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი 60%^ წილის ყველა თანამშრომელზე თანაბრად განაწილებას, შპს «ლ.» სარეგისტრაციო რეესტრში ცვლილების შეტანას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.99 წ. და 14.07.99 წ. განჩინებებით დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობები დავის საგნის შეცვლის თაობაზე, აპელანტებმა მოითხოვეს ატელიეს «მ.-....» პრივატიზაციის ბათილად ცნობა, შპს «ლ.» რეგისტრაციის გაუქმება, შესაბამისად, საქმეში მოპასუხედ ჩაება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, ხოლო მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ზ. ც-ძე. 02.03.2000 წ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა დამატებით მოითხოვეს აგრეთვე თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოსათვის დავალების მიცემა რათა შრომით კოლექტივს მიეცეს ორთვიანი ვადა ობიექტის ხელახალი პრივატიზაციის ჩასატარებლად.

სააპელაციო პალატის 28.07.99 წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეიტანეს შპს «ლ.» პარტნიორებმა გ. ყ-შვილმა, ლ. პ-შვილმა, გ. ბ-შვილმა, ლი. პ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ მორიგების აქტით იზღუდება მათი, როგორც პარტნიორთა უფლებები, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება შპს პარტნიორთა კრებას არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.11.99 წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 28.07.99 წ. და 11.08.99 წ. განჩინებები, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის 16.03.2000 წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა, საქმეზე დაინიშნა განმეორებითი, კომისიური კალიგრაფიული ექსპერტიზა. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის დასკვნით ამხანაგობის დამფუძნებელთა ხელშეკრულებაზე ხელმოწერები შესრულებულია არა ხელშეკრულების ხელმომწერი, არამედ სხვა პირის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 17.04.2000 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადმოეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლის 08.01.01 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.05.99 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნა ობიექტის პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს 14.07.99 წ. მოთხოვეს დავის საგნის შეცვლა, კერძოდ 27.05.96 წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების და შპს «ლ.» რეგისტრაციის გაუქმება, მაშინ როდესაც «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 30.05.97 წ. კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. აპელანტების მიერ პრივატიზაცია სადავო გახდა პრივატიზების განხორციელებიდან (27.05.96 წ.) 3 წლის და 45 დღის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ობიექტის პრივატიზების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, ვინაიდან ატელიეს «მ.-....» მუშაკთა მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის თხოვნა დაკმაყოფილდა თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს 07.05.96 წ. ¹ 1-4/180 ბრძანებით, რომლითაც ამხანაგობას მიეცა ობიექტის პირდაპირი შესყიდვით პრივატიზების უფლება, ხოლო 28.05.96 წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იქნა გაცემული, სადაც მითითებულია, რომ ეძლევა ატელიე «მ.-....» შრომით კოლექტივს, მდებარე ქ. თბილისში, ..., რომ აღნიშნული მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცა შრომითი კოლექტივის წარმომადგენელს ნ. პ-შვილს, რომელსაც წარმომადგენლობის უფლება თავად შრომითმა კოლექტივმა მიანიჭა და რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ პრივატიზაცია კოლექტივისაგან ფარულად განხორციელდა საქმეში არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა, ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა, რაზედაც იქონია მსჯელობა რაიონის სასამართლომ და რაზედაც გამოიტანა გადაწყვეტილება, სააპელაციო ინსტანციაში შეცვლილი იქნა და შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში დავის საგანს აღარ წარმოადგენდა.

შრომითი კოლექტივის წევრების წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.01.01 წ. განჩინება, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას, საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისათვის დაბრუნებას. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ატელიეს დირექტორმა ნ. პ-შვილმა შრომითი კოლექტივის წევრებისაგან მალულად შეადგინა დროებითი ამხანაგობის დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომელშიც ამხანაგობის წევრად შრომითი კოლექტივის მხოლოდ 10 წევრი შეიყვანა, გაანაწილა მათზე მთლიანი ქონების მხოლოდ 1 პროცენტი (0,1% თითოეულზე), 40% ქონებისა გამოუყო ზ. ც-ძეს, ხოლო ქონების დანარჩენი 59%-იდან თავისთვის დაიტოვა 29%, 30% კი 5-5 პროცენტად გაუნაწილა თავისი ოჯახის წევრებს, რომელთაგან არცერთი არ ყოფილა ამ საწარმოს კოლექტივის წევრი. ატელიეს დირექტორის მიერ ერთ დღეს მიღებული 14.05.93 წ. ბრძანებებით, დირექტორმა თავისი და, შვილები, სიძეები ატელიეს მუშაკებად გააფორმა, ამ პირებს არც მანამდე და არც შემდგომ არ უმუშავიათ ატელიეში. სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული გრაფიკული ექსპერტიზის თანახმად დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე მოსარჩელეთა ხელმოწერები სხვა პირთა მიერ არის შესრულებული, რაც დოკუმენტის გაყალბებას ადასტურებს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი არ შეცვლილა, დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, რის გამო უმართებულოა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა. პრივატიზაციის ხელშეკრულების შედგენის და სანოტარო წესით დამოწმების თარიღიდან – 1996 წლის 27 მაისიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა არ ადასტურებს ხანდაზმულობის ვადის გაცდენას, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 1999 წლის მარტში ანუ კანონით დადგენილ 3 წლის ვადაში. სააპელაციო პალატამ მიაჩნია რა სარჩელი ხანდაზმულად, უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ შეუფასებია. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნის შეცვლა წარმოადგენს არა დავის საგნის შეცვლას, არამედ მოთხოვნის დაზუსტებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა პალატაში შეტანილი სააპელაციო საჩივარი ახალ სასარჩელო მოთხოვნად, არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, არამედ უცვლელად დატოვა ადრინდელი გადაწყვეტილება, რაც მათი აზრით სულ სხვა საფუძველზე იქნა გამოტანილი. საქმის განხილვისას შპს «ლ.» პარტნიორთა წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებების გაუქმების საფუძვლები. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საკითხის დასმა არის დავის საგნის შეცვლა, რაც სსსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად არ დაიშვება. ობიექტის პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ იქნა დაყენებული, ხოლო 29.05.94 წ. ¹178 ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა საპრივატიზებო ობიექტების შრომით კოლექტივებზე პირდაპირი მიყიდვის წესს, მისი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა, რის გამო სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა სააპელაიცო საჩივრის დაკმაყოფილების რაიმე საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვდნენ შპს «ლიმენას» პარტნიორებად შრომითი კოლექტივის წევრების ნ. ლ-შვილის, ე. შ-იას, მ. შ-იას ცნობას, პარტნიორთა შორის წილების თანაბრად გადანაწილებას, შპს «ლ.» პარტნიორთა რიცხვიდან რიგი პირების გარიცხვას. თავდაპირველი სარჩელის განხილვა, დავის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო სადავო ობიექტის პრივატიზების კანონიერებაზე მსჯელობის გარეშე. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა, განახლებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მსგავსად, თავისთავად ითხოვდა ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის და პრივატიზაციის დეპარტამენტის მიერ, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის 27.05.96 წ. ხელშეკრულების საფუძველზე, გაცემული ¹ 23/795-პ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში, შპს «ლ.» სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტაციაში ფიქსირებული იყო დამფუძნებლები და მათზე ქონების პროცენტული განაწილება. ამდენად, წილობრივი მონაწილეობის შეცვლის, დამფუძნებელთა რიგებში კოლექტივის წევრების შეყვანის და დამფუძნებელთა რიცხვიდან ცალკეული პირების ამორიცხვის თავდაპირველი მოთხოვნა და პრივატიზების, შპს «ლ.» რეგისტრაციის გაუქმების, პირდაპირი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის ორთვიანი ვადის განსაზღვრის მოთხოვნა ემყარება ერთ საფუძველს – პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას. დავის საგნის გარკვეულ ფარგლებში შეცვლა, სარჩელის საფუძვლის შეცვლის გარეშე, უფლების დაცვის კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული საშუალების (ხელშეკრულების ბათილად ცნობის) გამოყენება არ ნიშნავს ახალი სარჩელის წარდგენას, სახელდობრ ამითაა განპირობებული საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში დავის საგნის შეცვლის ან გადიდების დაშვება (სსსკ-ის 381-ე მუხ). ამასთანავე, არ შეცვლილა სარჩელის იურიდიული (სუბიექტის უფლება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში თანაბრად მონაწილეობაზე, პრივატიზაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება) და ფაქტობრივი (საბუთების გაყალბება) საფუძველი. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლების დაცვა შესაძლებელია როგორც წილების გადანაწილების, ასევე პრივატიზაციის ბათილად ცნობისა და ახალი ხელშეკრულების დადების მოთხოვნით. სარჩელის ელემენტების შეცვლით უცვლელი დარჩა ის ინტერესი, რომლის დასაცავადაც შეტანილ იქნა სარჩელი, მით უფრო, რომ პრივატიზების განხორციელების მომენტში მოქმედი «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» 09.08.91 წ. კანონის 23-ე მუხლის თანახმად არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ წილის შესყიდვა, არაკანონიერი უპირატესობის მინიჭება იწვევდა დადებული გარიგების ბათილად ცნობას.

ვინაიდან სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე იყო შეტანილი სასამართლოში (ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში 12.11.98 წ.), ხოლო სარჩელის სასამართლოში შეტანა შყვეტს ხანდაზმულობის ვადის დინებას, უმართებულოა სააპელაციო პალატის მიერ ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის მომენტის დადგენა არა სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, არამედ განახლებული სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ვინაიდან სააპელაციო პალატის 08.01.01წ. განჩინება მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გაცდენას ეფუძნება და არ შეხებია საქმის არსებითი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, პალატა თვლის, რომ განჩინება არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების – რ. შ-შვილის, ნ. შ-იას და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.01.2001წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.