3გ/ად-32-კს-01 18 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 25 ივნისს განიხილა ლ. მ-ურის საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვიტა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დავა განსჯადობის თაობაზე.
სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. მ-ურის საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ნოემბრის განჩინება და ლ. მ-ურის საჩივარი, საქმის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში განსახილველად გადაგზავნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რადგანაც სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე იყო დუშეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი. აღნიშნულ განჩინებაზე ლ. მ-ურმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 19 ივლისის განჩინებით ლ. მ-ურის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. მ-ურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. მ-ურის კერძო საჩივარი არ არის დასაშვები, რადგანაც სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისის განჩინებით გადაწყდა დავა განსჯადობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოებს შორის, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ითვალისწინებს განსჯადობის შესახებ გამოტანილ განჩინების გასაჩივრებას კერძო საჩივრით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
რადგანაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ზემოთ აღნიშნულ საკითხს არ არეგულირებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-რის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და დარჩეს განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისისა და 2001 წლის 19 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.