3გ/ად-33-კ.ს-01 26 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლების შესახებ გორის რაიონის გამგეობის განცხადების დასაშვებად მიჩნევა და საქმის დაბრუნება გორის რაიონულ სასამართლოში არსებითად განსახილველად.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფირმა «გ.-ს» ინტერესებიდან გამომდინარე ქ. გორისა და გორის რაიონის პროკურატურის სარჩელი მოპასუხეების: გორის კომერციული საშუამავლო საწარმოს (ნავთბაზა), ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობისა და ფირმა «ა.-ის» მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობას ქ. გორის ფირმა «გ.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 102150 კგ. ბენზინის ნატურით გადახდა; გორის კომერციული საშუამავლო საწარმო და ქ. გორის ფირმა «ა.-ი» გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობიდან.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2000 წლის 4 აგვისტოს გორის რაიონის გამგეობამ გორის რაიონულ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად, მიმართა განცხადებით და ითხოვა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა, განცხადებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ გორის რაიონის გამგეობა სასამართლო სხდომაზე არ მიიწვიეს კანონით დადგენილი წესით და საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება გამოიტანა მოპასუხე გორის რაიონის გამგეობის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლად. განმცხადებელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ გორის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 2000 წლის 6 ივლისს, როცა შპს «გ.-მ» გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა განცხადება აღსრულების საგნის შეცვლის თაობაზე, ამიტომ გორის რაიონულ სასამართლოში გორის რაიონის გამგეობის მიერ შეტანილი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გორის რაიონის გამგეობის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
ამავე სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გორის რაიონის გამგეობის განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ მისი გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში თბილისის საოლქო სასამართლოში.
გორის რაიონული სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინება ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ 2000 წლის 16 ივნისს შპს «გ.-ს” დირექტორმა, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტიშლების აღსრულების საგნის შეცვლის შესახებ, რაც გორის რაიონის გამგეობას ეცნობა იმავე წლის 26 ივნისს, ხოლო 2000 წლის 29 ივნისს აგმგეობამ წერილობით გორის რაიონულ სასამართლოს სთხოვა აღნიშნული საკითხის შესასწავლად ვადის ერთი თვით გაგრძელება. გორის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებლის მიერ გაშვებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რომლის გაგრძელებასაც აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს.
გორის რაიონის გამგეობას გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა 2000 წლის 20 დეკემბერს. 2000 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის გამგეობამ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია საჩივრად და 2001 წლის 10 აპრილის განჩინებით მიიღო წარმოებაში.
სააპელაციო საჩივარში გორის რაიონის გაგმეობამ აღნიშნა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ გაუშვია. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გორის რაიონის გამგეობის საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრისა და 2000 წლის 16 აგვისტოს განჩინებები. გორის რაიონის გამგეობის განცხადება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასამართლოში განცხადების შეტანის ვადა.
გორის რაიონის გამგეობამ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელშიც მიუთითა, რომ არ გაუშვია სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, რადგანაც სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა 2000 წლის 6 ივლისს, ხოლო გორის რაიონულ სასამართლოში განცხადება შეიტანა 2000 წლის 4 აგვისტოს _ ერთთვიანი ვადის დაცვით.
გორის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლების შესახებ გორის რაიონის გამგეობის განცხადების დასაშვებად მიჩნევა და საქმის დაბრუნება არსებითად განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ 2001 წლის 12 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ გორის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდაშეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება უნდა დატოვოს განუხილველად რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განხლების შესახებ, გორის რაიონის გაგმეობის განცხადების დასაშვებობა, 2000 წლის 16 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო იგი და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
მოწინააღმდეგე მხარის შპს «გ.-ს» მიერ სასამართლოში შეტანილი შეპასუხებისა და თანდართული მასალების შემდგომ, გორის რაიონულმა სასამართლომ ფაქტობრივად ხელმეორედ იმსჯელა გორის რაიონის გამგეობის განცხადების დასაშვებობაზე, რადგანაც 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა განჩინების გამოტანისას გორის რაიონის სასამართლომ რამდენად სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, რადგანაც განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ არის ნამსჯელი განცხადების საფუძვლებზე, გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაშვებობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონის სასამართლოს უფლება ჰქონდა ხელმეორედ ემსჯელა გორის რაიონის გამგეობის განცხადების დასაშვებობაზე საქმის ზეპირი განხილვის დროს და თუ ჩათვლიდა, რომ განმცხადებლის მიერ გაშვებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, მაშინ განცხადება უნდა დაეტოვებინა განუხილველად. სასამართლომ კი არასწორად უთხრა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, თუმცა სწორად მიუთითა გასაჩივრების წესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლი, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე გორის რაიონის გამგეობამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, თუმცა აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული იყო, რომ განჩინება უნდ გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გორის რაიონის სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატაში გადაგზავნილი სააპელაციო საჩივარი, არასწორად იქნა ჩათვლილი საჩივრად. დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო პალატას უნდა მიეთითებინა განჩინებაში, რომ ეს არ იყო სააპელაციო საჩივარი, რადგანაც თავისი ფორმით, შინაარსით იგი იყო კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, შეტანილი უნდა ყოფილიყო გორის რაიონულ სასამართლოში, რადგანაც მან გამოიტანა გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.